ჩატარდება ლექციების ციკლი სახელწოდებით – „საბჭოთა კავშირი: აღზევება და დაცემა“
15 მარტიდან „უახლესი ისტორიის ცენტრის“ ინიციატივით დაიწყო და გაგრძელდება ლექციების ციკლი სახელწოდებით: – „საბჭოთა კავშირი: აღზევება და დაცემა“. პროექტის მიზანია საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლა და ძირითადი, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების კვლევა-განხილვა.
პროექტის კოორდინატორის ნიკოლოზ სარაჯიშვილის თქმით, ,,დღესდღეობით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ უახლესი ისტორიის შესწავლას ენიჭება, მითუმეტეს, რომ გასული საუკუნის განმავლობაში საქართველო მხოლოდ თხუთმეტი წელი იყო დამოუკიდებელი, დანარჩენი დრო კი რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების შემადგენლობაში გაატარა. სწორედ ამიტომ, გარდა კვლევისა, მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო სიახლეები, დაკვირვებები, შეხედულებები და თეზისები, კვლევები ფართო საზოგადოებასაც მიეწოდოს, ამ მხრივ კი დიდი როლი სწორედ საჯარო ლექციებს ენიჭება”, – ამბობს ნიკოლოზ სარაჯიშვილი.
პირველი ლექცია სათაურით – „როგორ შეიქმნა საბჭოთა კავშირი“ – 15 მარტს გაიმართა, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მიხეილ ბახტაძე გაუძღვა. მას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ამ საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. საჯარო ლექციების ციკლს თსუ-დან პროფესორები უძღვებიან.
საჯარო ლექციების ციკლი 16 ივნისამდე გაგრძელდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები წაიკითხავენ: „როგორ შეიქმნა საბჭოთა კავშირი“ (მიხეილ ბახტაძე), „რა იდეოლოგიაზე იდგა საბჭოთა სისტემა“ (დიმიტრი შველიძე), ,,როგორ განხორციელდა საქართველოს გასაბჭოება” (დიმიტრი სილაქაძე), „ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოში“ (ლევან ჯიქია), „საბჭოთა რეპრესიები“ (ანტონ ვაჭარაძე), „მწერლობის მოთვინიერების“ საბჭოთა მოდელი“ (ირმა რატიანი), „საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში: მითები და სინამდვილე“ (თეიმურაზ პაპასქირი), „შეეძლო თუ არა საბჭოთა კავშირს ცივი ომის მოგება“ (თორნიკე შარაშენიძე), „საბჭოთა კავშირის რელიგიური პოლიტიკა“ (მიხეილ ქართველიშვილი), „სპორტი და პოლიტიკა საბჭოთა კავშირში“ (დავით ჯიშკარიანი), „როკ“-მუსიკა, როგორც ანტისაბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღი“ (ნიკოლოზ სარაჯიშვილი), „ვინ იყვნენ და რისთვის იბრძოდნენ დისიდენტები“ (გიორგი არქანია), „როგორ და რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი“ (რევაზ გაჩეჩილაძე) და „ხავერდოვანი რევოლუციები სოციალისტურ ბანაკში“ (გიგი გიოშვილი).
აღსანიშნავია, რომ ყოველი ლექციის ჩანაწერი „უახლესი ისტორიის ცენტრის“ Youtube არხზე განთავსდება.