თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო სივრცე გაიხსნა

თარიღი: 2023-12-28 17:52:16

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მინზით თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტური სივრცე მოეწყო.   საინფორმაციო ბანერი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის თანხლებით, მეორე კორპუსის მესამე სართულზე განთავსდა. კუთხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინიციატივით, ორგანიზებითა და იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერით აღიჭურვა. შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სტუდენტებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, მის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. ახალ სივრცეში, საინფორმაციო ბანერზე, მობილური ტელეფონების დამტენებით აღჭურვილი სპეციალური სათავსოებია განთავსებული, სადაც სტუდენტებს პირადი ინფორმაციის მატარებელი მობილური ტელეფონების უსაფრთხოდ დამუხტვა შეუძლიათ. სათავსოებზე ე.წ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ანბანი –  განსაკუთრებით სენსიტიური კატეგორიის პერსონალური მონაცემების შესახებ საინფორმაციო წარწერებია მოცემული.  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო კუთხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ გახსნეს.

 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაწყებული საინფორმაციო კამპანია. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო სტუდენტური სივრცე, სადაც ახალგაზრდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიღება სპეციალური ბანერის, ბროშურებისა და ჩვენი სამსახურის მიერ გამოცემული გაზეთის მეშვეობით შეეძლებათ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იურიდიულ ფაკულტეტს მხარდაჭერისა და აღნიშნული სივრცის შემოთავაზებისთვის. მომავალი წლიდან მსგავსი საინფორმაციო კუთხეები თბილისისა და რეგიონების სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიხსნება“, – აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ ლელა ჯანაშვილს, რომლის ინიციატივითა და ორგანიზებითაც მოეწყო ახალი სივრცე ჩვენი სტუდენტებისთვის. ვფიქრობ, აღნიშნული სახის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების პოპულარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ახალი სივრცე ჩვენს სტუდენტებში დიდი პოპულარობით ისარგებლებს, რადგან მათ, აქტუალური ინფორმაციის მიღებასთან ერთად, მობილური ტელეფონების უსაფრთხოდ დამუხტვაც შეეძლებათ“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

 „ამ კუთხეს ერთგვარი პრევენციული ფუნქციაც აქვს, სტუდენტებს ვაწვდით ცნობებს – რა  სახის ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, რისი უფლება აქვთ მათ, როგორ შეიძლება დაირღვეს მათი უფლებები. საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება უსაფრთხოების დაცვის მთავარი საშუალებაა“, – განმარტა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტუდენტური სივრცე 27 დეკემბერს გაიხსნა.

Facebook
Twitter
LinkedIn