2023  წლისთვის თსუ-ის სტუდენტებისთვის  საუკეთესო ელექტრონული  პლატფორმა ამუშავდება

თარიღი: 2022-09-28 16:09:17

აკადემიური რეგისტრაციის პროცესისთვის დამახასიათებელი პრობლემები მალე წარსულს ჩაბარდება. თსუ-ის ადმინისტრაცია სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის საუკეთესო ტიპის ელექტრონული სისტემის შექმნას აანონსებს. როგორც თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე ამბობს, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესის უხარვეზოდ წარმართვისთვის ახალი ელექტრონული სისტემა შეიძინოს.

,,ახალი ელექტრონული სისტემის გამართვის პროცესი უკვე დასკვნით ფაზაშია. საბაზისო  პროგრამა უკვე გვაქვს.

ოქტომბრის თვიდან ფაკულტეტების ჩართულობით დაიწყება აღნიშნული სისტემის გაჯანსაღებაზე/სრულყოფაზე მუშაობა და 2023 წლის სექტემბრისთვის აკადემიური რეგისტრაციები უკვე ახალი სისტემით განხორციელდება და ის ჩაანაცვლებს არსებულ სისტემას (Lms.tsu.ge).

თუ ახალი ბაზის მომზადების პროცესში შეფერხება არ გვექნება, შეიძლება ახალმა პლატფორმამ ფუნქციონირება 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდანაც დაიწყოს. ეს იქნება თანამედროვე ტიპის ელექტრონული მართვის სისტემა და ვფიქრობ, სტუდენტებისთვის საქართველოში საუკეთესო ტიპის პორტალი გვექნება“, – აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა  მრავალი წელია მოქმედებს. პირვანდელი  SMS.tsu.ge  შედარებით განახლებულმა სისტემამ  – LMS.tsu.ge-მ შეცვალა. 

,,თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს სისტემები ძველდება.  LMS.tsu.ge-საც არაერთი ხარვეზი ჰქონდა, რაც, ასე თუ ისე, რაღაც ეტაპზე გვარდებოდა, თუმცა სისტემური პრობლემები პრობლემად რჩებოდა. დიდ იმედს სწორედ სასწავლო პროცესის მართვის ახალ ელექტრონულ სისტემაზე ვამყარებთ“, – ამბობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

Facebook
Twitter
LinkedIn