თბილისიდან კემბრიჯამდე: თსუ-ს მეცნიერის კვლევები მსოფლიოს უპირველეს ტექნოლოგიურ ცენტრში
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) – (აშშ) მსოფლიოს ნომერ პირველ სამეცნიერო-კვლევით ცენტრად ითვლება და თითქმის ყველა რეიტინგის პირველ სამეულშია. მრავალი წლის განმავლობაში „MIT“ ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერ. მასთან თანამშრომლობა თუ იქ მუშაობის შესაძლებლობა ნებისმიერი მკვლევრისთვის უდიდესი პროფესიული მიღწევაა. სწორედ ასეთი პატივი ხვდა წილად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერს, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორს – ლაშა ასანიძეს, რომელიც უფროსი მეცნიერის სტატუსით MIT-ის დედამიწის, ატმოსფერული და პლანეტარული მეცნიერებების დეპარტამენტში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა და სპელეოთემების (სტალაგმიტების) ურანიუმ-თორიუმის დათარიღების თანამედროვე მეთოდებს დაეუფლა.
ჩვენს გაზეთთან საუბარში ბატონმა ლაშამ გაგვიზიარა თუ როგორი იყო მისი პირველი შთაბეჭდილებები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრში, რა არის MIT-ის სამეცნიერო წარმატების საიდუმლო, როგორ ხდება MIT-ის ლაბორატორიებში მიღებული უნიკალური გამოცდილებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი თსუ-ში, რატომ არის საქართველოს მღვიმეები უნიკალური „ბუნებრივი არქივები“ და რა გეგმები აქვს საქართველოში კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით.
– MIT მსოფლიოს ნომერ პირველ სამეცნიერო–კვლევით ცენტრად ითვლება. რა შეგრძნება იყო, როდესაც მიიღეთ მოწვევა უფროსი მეცნიერის სტატუსით და პირადად თქვენთვის, როგორც მკვლევრისთვის, რა უმთავრესი გამოცდილება მოგიტანათ იქ გატარებულმა ერთმა თვემ?
– ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და ამავე დროს ემოციური მომენტი იყო, რადგან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) დღეისათვის ნომერ პირველი კვლევითი ცენტრია მსოფლიოში. ამიტომ, MIT-ში ჩემი მიწვევა უფროსი მეცნიერის სტატუსით უდიდესი პატივი იყო და ამავდროულად აღიარება იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ინტერესს იწვევს. MIT-ში გატარებული ერთი თვე უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ვიმუშავე დედამიწის, ატმოსფერული და პლანეტარული მეცნიერებების დეპარტამენტის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში, სადაც, თანამედროვე ანალიტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შესაძლებლობა მქონდა, ჩამეტარებინა სპელეოთემების (ძირითადად სტალაგმიტები) დათარიღება ურანიუმისა და თორიუმის (U-Th) დათარიღების მეთოდის გამოყენებით. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩემი კვლევები საქართველოში პალეოკლიმატის რეკონსტრუქციის მიმართულებით. თუმცა, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის სამეცნიერო გარემო, რომელიც MIT-ში დამხვდა. ყოველდღიური დისკუსიები, იდეების თავისუფალი გაცვლა და სხვადასხვა დარგის მკვლევრებთან თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მაღალი დონის მეცნიერება სწორედ ღია თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებაზე დგას.

– აკადემიური წრეებისთვის ყოველთვის საინტერესოა „შიდა სამზარეულო“. რა არის MIT-ის, როგორც სამეცნიერო ფლაგმანის, მთავარი ფენომენი – რა გარემო, რესურსები ან მუშაობის სპეციფიკა დაგხვდათ იქ ისეთი, რაც მეცნიერს მაქსიმალური თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს?
– ჩემი აზრით, MIT-ის მთავარი ფენომენი მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ლაბორატორიები არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც უმნიშვნელოვანესია. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იქ არსებულმა სამეცნიერო კულტურამ მოახდინა. MIT-ში ყველა იდეა ფასდება მისი მეცნიერული ღირებულებით და არა იმით, თუ ვინ არის მისი ავტორი. სტუდენტს, მკვლევარს თუ პროფესორს შორის მუდმივი პროფესიული დიალოგია. კითხვების დასმა, კრიტიკული მსჯელობა და განსხვავებული მოსაზრებების განხილვა იქ ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია. სწორედ ასეთი გარემო ქმნის პირობებს, რომ ახალი იდეები სწრაფად განვითარდეს და მეცნიერმა საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. რა თქმა უნდა, ამას ემატება უნიკალური კვლევითი ინფრასტრუქტურა, მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ლაბორატორიები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წამყვანი მეცნიერები, რომელთა გამოცდილების გაზიარება ყოველდღიურად არის შესაძლებელი. ძლიერი მეცნიერება იქმნება მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამშროლობასთან ერთად არსებობს კვლევის ახალი იდეები, ღია აკადემიური გარემო, აზრთა სხვადასხვაობა და ამავე დროს თავისუფალი აზროვნება.
– სტალაგმიტების გეოიზოტოპური შესწავლა პალეოკლიმატის რეკონსტრუქციისთვის უაღრესად საინტერესო და სპეციფიკური მიმართულებაა. ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი წარსულის კლიმატური ცვლილებების (პალეოტემპერატურის) ცოდნა დღევანდელი, გლობალური კლიმატური გამოწვევების ფონზე?
– წარსული კლიმატის შესწავლა გარკვეულწილად ჰგავს დედამიწის „მეხსიერების“ წაკითხვას. თუ გვინდა გავიგოთ, როგორ შეიცვლება კლიმატი მომავალში, ჯერ უნდა ვიცოდეთ, როგორ რეაგირებდა ის ბუნებრივ ცვლილებებზე წარსულში. სტალაგმიტები ამ მხრივ უნიკალური ბუნებრივი არქივებია. ისინი ათობით ათასი წლის განმავლობაში ფენა-ფენა იზრდებიან და თითოეულ ფენაში ინახება ინფორმაცია იმ კონკრეტული დროის თუ სპეციფიკური გეოლოგური პერიოდის ტემპერატურის, ნალექების, ტენიანობისა და ზოგადად გარემო პირობების შესახებ. შესაბამისად, თანამედროვე გეოქიმიური და იზოტოპური კვლევებით სრულიად შესაძლებელია ამ ინფორმაციის აღდგენა და წარსული კლიმატის მაღალი სიზუსტით რეკონსტრუქცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება კაცობრიობისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
საქართველოსთვის ასეთ კვლევებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და კლიმატური სისტემების გადაკვეთის ზონას წარმოადგენს, სადაც მაღალი სიზუსტის პალეოკლიმატური მონაცემები ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია. ამიტომ, სტალაგმიტების გამოყენებით პალეოკლიმატის კვლევა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში კლიმატის ისტორიის აღდგენისათვის, არამედ გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ რეაგირებდა სამხრეთ კავკასია კლიმატის ცვლილებებზე წარსულში და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში.
– რატომ არის სამხრეთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს რეგიონი საინტერესო უცხოელი მეცნიერებისთვის ამ მეთოდით კვლევისას? რა უნიკალურ „არქივებს“ ინახავს ჩვენი მღვიმეების სტალაგმიტები?

– სამხრეთ კავკასია მეცნიერებისთვის ერთგვარი ბუნებრივი ლაბორატორიაა. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, სადაც ერთმანეთს ხვდება შავი ზღვის, ხმელთაშუაზღვის, ატლანტიკური და კონტინენტური კლიმატური გავლენები. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეგიონი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატური ცვლილებების მიმართ და ამ პროცესების შესასწავლად უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. მაშინ როდესაც, თუნდაც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისთვის პალეოკლიმატური მონაცემები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, საქართველოს შესახებ მაღალი სიზუსტის კლიმატური ჩანაწერები ჯერ კიდევ ძალიან მწირია. სწორედ ეს ქმნის დიდ ინტერესს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან, რადგან ჩვენი მონაცემები მნიშვნელოვან სიცარიელეს ავსებს კლიმატის გლობალური რეკონსტრუქციის პროცესში. მეტიც, ამგვარი მონაცემების მნიშვნელობა მხოლოდ კლიმატით არ შემოიფარგლება. ისინი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებდა გარემოს ცვლილება ეკოსისტემებზე, წყლის რესურსებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე და მიგრაციაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს მღვიმეები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობა კი არ არის, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო არქივებია, რომლებიც დედამიწის კლიმატური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენაში გვეხმარება.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს მიმართულება წარმატებით ინერგება თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში. რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი – იქმნება თუ არა შესაბამისი ლაბორატორიული ბაზა და რამდენად არის შესაძლებელი მიღებული ცოდნის სრულად ტრანსფერი საქართველოში?
– დიახ, სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ მომავალში საქართველოში შეიქმნას თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და ბაზა, რომელიც პალეოკლიმატის კვლევებს საერთაშორისო დონეზე განავითარებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რამეთუ საქართველოში აქტიურად ინერგება თანამედროვე კვლევითი მეთოდები და შესაბამისად ვითარდება აღნიშნული კვლევითი მიმართულება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გამოცდილება, როგორიც MIT-ში მივიღე, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოში დავამკვიდროთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კვლევითი პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ისეთი მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში, როგორიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებშია, ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს. თუმცა ცოდნის ტრანსფერი მხოლოდ აპარატურას არ ნიშნავს. ჩემი მიზანია, მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად გადმოვიტანო საქართველოში, რათა ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მაღალი დონის კვლევები საკუთარ ქვეყანაში განახორციელონ და სრულფასოვნად ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში.
– თქვენს კვლევას ზურგს უმაგრებს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობა (აშშ, იტალია, შვეიცარია). როგორ ჩამოყალიბდა ეს კოლაბორაცია და როგორ ხედავთ უცხოელი კოლეგების ჩართულობის როლს ამ დარგის განვითარებაში?
– ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა ეტაპობრივად ჩამოყალიბდა საერთო სამეცნიერო ინტერესების საფუძველზე. ამ ინტერესმა ბუნებრივად შექმნა თანამშრომლობის შესაძლებლობები აშშ-ის, იტალიის, ჩინეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, ისრაელის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნის სამეცნიერო ჯგუფებთან, რომლებიც ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვან კვლევებს ახორციელებენ. ამ თვალსაზრისით, თანამშრომლობის მთავარი ღირებულება მხოლოდ თანამედროვე ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამოცდილების გაზიარება – კვლევის დაგეგმვა, ნიმუშების სწორად შერჩევა, ანალიტიკური მეთოდების გაუმჯობესება, მონაცემების ინტერპრეტაცია და მათი საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტებთან შესაბამისობა. საერთაშორისო პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართული კვლევები ინტეგრირდეს გლობალურ სამეცნიერო ქსელში და ამავე დროს, ჩვენც შევიტანოთ ჩვენი წვლილი დედამიწის კლიმატის ისტორიის უკეთ გაგებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია – ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას ვთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ მასალას და რეგიონულ მონაცემებს, რომლებიც მანამდე ძალიან მწირი იყო.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს მიმართულება წარმატებით ინერგება თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში. რა ეტაპზეა პროცესი ახლა, რა ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური რესურსის მობილიზება ხდება და რა გრძელვადიანი გეგმები გაქვთ უნივერსიტეტის ბაზაზე ამ მიმართულების გასავითარებლად?
– თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სპელეოთემების გეოქიმიისა და პალეოკლიმატის კვლევის მიმართულების განვითარება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს – სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადამიანური რესურსის გაძლიერებას და საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებას. სამომავლოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შესაბამისი კვლევითი ბაზის ჩამოყალიბება საქართველოში. პალეოკლიმატის კვლევა მოითხოვს არა მხოლოდ საველე სამუშაოებს და ნიმუშების შეგროვებას, არამედ ნიმუშების მომზადების, მიკროსკოპული შესწავლის, გეოქიმიური ანალიზისა და მონაცემთა ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს. ამ მიმართულებით უკვე ხდება საჭირო მეთოდების დანერგვა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება, ხოლო იმ ანალიზებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულად მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, აქტიურად ვიყენებთ საერთაშორისო პარტნიორი ლაბორატორიების შესაძლებლობებს. თუმცა ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა მკვლევრების და დოქტორანტების ჩართვა ამ მიმართულებით, რათა მათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ ღირებული კვლევების განხორციელება საქართველოში. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში მოვიაზრებთ რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფი კონკრეტული კვლევის მიმართულებით, რომელიც ამავე დროს იქნება რეგიონული ჰაბი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც განახორციელებს არამხოლოდ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებს, არამედ პარალელურად მონიტორინგს გაუწევს რეგიონულ კვლევებს.
– როგორ ხედავთ სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობას ამ მიმართულებაში? მისცემს თუ არა თსუ–ს ბაზაზე ამ მეთოდოლოგიის დანერგვა ბიძგს ახალი თაობის გეომეცნიერების აღზრდას?
– ჩემი აზრით, ნებისმიერი ახალი სამეცნიერო მიმართულების განვითარების მთავარი საფუძველი სწორედ ახალგაზრდა თაობის ჩართულობაა. თუ ცოდნა მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მეცნიერზე მოდის, ეს მიმართულება გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ განვითარდება. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიდანვე ჩაერთონ თანამედროვე გეომეცნიერულ კვლევებში. თსუ-ს ბაზაზე ამ მიმართულების განვითარება შექმნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი თაობებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი კვლევითი გამოცდილება ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აიმაღლონ, ხოლო მომავალში თავად შექმნან ახალი ცოდნა.
– როგორც ახალგაზრდა მეცნიერისთვის, რომელიც უკვე მუშაობდა მსოფლიოს ნომერ პირველ სამეცნიერო ცენტრში, რა არის თქვენი შემდეგი პროფესიული მიზანი?
– MIT-ში მიღებული გამოცდილება ჩემთვის არ არის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი – ეს არის ახალი შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების დასაწყისი. ჩემი მთავარი მიზანია, მიღებული ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენო საქართველოში თანამედროვე კვლევების განვითარებისათვის. მაშასადამე, შემდგომი პროფესიული მიზანი შეიძლება ფორმულირდეს შემდეგნაირად: კონკრეტული სამეცნიერო მიმართულებით საქართველოში შევქმნათ ისეთი კვლევითი გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო დონის ინტერდისციპლინური, ფუნდამენტური კვლევების განხორციელება. მითუმეტეს მოგახსენებთ, რომ მე გახლავართ SYSAL-ის საერთაშიროსო კვლევითი ჯგუფის (Speleothem Isotopes Synthesis and AnaLysis) რეგიონალური წამომადგენელი სამხრეთ კავკასიიდან და ოფიციალური დელეგატი ევროპის სპელეოლოგიურ ფედერაციაში.
– რას ურჩევდით იმ თსუ-ელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს მეცნიერებაში და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას გეგმავენ?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა ჯერ კიდევ ადრეული ეტაპიდანვე განივითარონ მეცნიერული ცნობისმოყვარეობა, კრიტიკული აზროვნება და საერთაშორისო ხედვა. მეცნიერება არ არის მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება – ეს არის ახალი კითხვების დასმა და მათი გადაჭრის გზების ძიება. ასევე ვურჩევდი მათ, რომ აქტიურად ეძებონ ახალი შესაძლებლობები, ითანამშრომლონ უცხოელ კოლეგებთან, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროგრამებში და სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მოხვედრა შესაძლებელია, თუ ადამიანს აქვს სამი მთავარი რამ: შრომისმოყვარეობა, მუდმივი სწავლის სურვილი და საკუთარი საქმისადმი ნამდვილი სიყვარული. ასევე ვეტყოდი, რომ პირველ რიგში იმუშაონ ხარისხზე და არ შეეშინდეთ დიდი მიზნების დასახვის. შესაძლოა, დღეს ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ მეცნიერებაში, მაგრამ სწორედ ამ ნაბიჯებიდან იწყება გზა წარმატებული, საერთაშორისო მეცნიერებისკენ.
