ლალი სურმანიძის ახალი წიგნი იკვლევს ადამიანის გონებისა და კულტურის კავშირს

თარიღი: 2025-03-26 18:48:24

თსუ-ს გამომცემლობამ გამოსცა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორისა და ფსიქოლოგიის დოქტორის, პროფესორ ლალი სურმანიძის წიგნი –  ,,კულტურა კოგნიტურ კვლევებში – ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის გადაკვეთაზე”. მონოგრაფია ეხება ადამიანის კოგნიტური ფუნქციონირების კავშირს ინდივიდის გარეთ მყოფ სამყაროსთან, უპირველეს ყოვლისა, კულტურასთან.

,,ეს წიგნი ჩემი მრავალწლიანი მუშაობის შედეგია და ეხება გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან განსაკუთრებით გააქტიურებულ გონებისა და კულტურის ურთიერთმიმართების საკითხს. სწორედ ამ პრობლემის ასახვაა თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კოგნიტივისტურ  მიმართულებაში კულტურული მოდელების სკოლის ჩამოყალიბება, რომელიც კოგნიტური ფსიქოლოგიისა და კოგნიტური ანთროპოლოგიის გადაკვეთაზე აღმოცენდა”, – აღნიშნავს ავტორი.

პროფესორი ლალი სურმანიძე წიგნში საუბრობს იმაზე, თუ როგორ „ხედავს“ ადამიანის გონება კულტურას, როგორ იგებენ და გამოთქვამენ აზრს კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრები მათი სამყაროს ობიექტებისა და მოვლენების შესახებ, როგორია ცოდნის რეპრეზენტაციის მოდელები და სქემები, რომლითაც ვაანალიზებთ და ვამუშავებთ სამყაროს შესახებ ჩვენს შთაბეჭდილებებს.

ავტორის აღნიშვნით, ადამიანის გარემოსთან ინტერაქციის პროცესში მიღებული გამოცდილება ფიქსირებული წარმონაქმნის, ორგანიზებული ცოდნის სახეს იღებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად სქემებისა თუ მოდელების სახელით მოიხსენიებენ. სქემები/მოდელები სოციუმის წევრთა გაზიარებულ ცოდნას ასახავენ და მოწესრიგებულად არიან განლაგებული როგორც გარემოში (სოციო-კულტურული სივრცე), ისე სუბიექტში (ინდივიდუალური სივრცე). წიგნში კულტურული სქემების/მოდელების კონცეფცია სხვადასხვა ასპექტთან (მოტივაცია, ემოცია) კავშირშია განხილული.

ამჟამად პროფესორი ახალ კვლევაზე მუშაობს, რომელიც ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურების პრობლემას ეხება. მისი თქმით, სტუდენტებთან მუშაობისას ნათელი ხდება, რომ ეს თემა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 2001 წელს, როდესაც მან ამ თემაზე პირველი წიგნი გამოაქვეყნა.

„როგორც ჩანს, კულტურების აღწერის ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის კრიტერიუმები კვლავაც რჩება აქტუალურად, ხოლო ის, რომ ეს სოციალურ-ფსიქოლოგიური კრიტერიუმები განსაკუთრებით იზიდავს ახალგაზრდების ყურადღებას, არცაა გასაკვირი, რადგან ამ საკითხების შესწავლით ისინი საკუთარ თავზეც ბევრ რამეს გებულობენ – კულტურაზე კუთვნილება ხომ ადამიანის იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია”, – აღნიშნავს ავტორი.

წიგნი ,,კულტურა კოგნიტურ კვლევებში – ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის გადაკვეთაზე” საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია კულტურის, ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის გადაკვეთაზე არსებული საკითხებით და იმით, თუ როგორ მოქმედებს კულტურა ჩვენს ფიქრებსა და ქცევაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn