ლადო პაპავა: საჭიროა სამეცნიერო სისტემის რეფორმა, რომ ახალგაზრდობამ აირჩიოს სამეცნიერო საქმიანობა

თარიღი: 2025-11-11 19:08:24

გვესაუბრება თსუ-ს პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა:

  • სად და რა მასშტაბის მეცნიერება იქმნება დღეს საქართველოში?
  • საქართველოში მეცნიერები, ძირითადად, კონცერტრირებული არიან სახელმწიფო უნივერსიტეტებთან არსებულ კვლევით დაწესებულებებში, რომლებიც, თავის დროზე, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში. ეს დაწესებულებები ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაიყვანეს აკადემიიდან და მათი უმრავლესობა ახლა უნივერსიტეტების დაქვემდებარებაშია, რამდენიმე ინსტიტუტი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ზოგი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, შესაბამისი კანონიდან გამომდინარე,  ატარებს სამეცნიერო კვლევის შედეგების ექსპერტიზას, ანუ ჩვენ გვევალება მთავრობას წარვუდგინოთ ანგარიშგება/შეფასება იმ სამეცნიერო სამუშაოებისა, რომლებსაც ეს ინსტიტუტები და სახელმწიფო უნივერსიტეტების ფაკულტეტები ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მეცნიერება, მიუხედავად მის წინაშე არსებული პრობლემებისა, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. თუმცა, ძალიან ბევრი პრობლემა არის, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მიმართულებასთან და, უწინარეს ყოვლისა, ეს ეხება არასაკმარის მატერიალურ ანაზღაურებას. როდესაც ქვეყანაში მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის მხოლოდ 60%-ს შეადგენს,  ეს ნიშნავს,  რომ ამ სფეროში რაღაც სწორად არ არის ორგანიზებული. მეცნიერებაში ყველაზე მაღალი თანამდებობის მეცნიერის ხელფასი ბევრად უნდა აღემატებოდეს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის დონეს. ამიტომ აუცილებელია მეცნიერების პრიორიტეტად გამოცხადება და მისი ადეკვატური დაფინანსება. ასევე პრობლემას წარმოადგენს მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიც არის  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა და ა.შ., აუცილებელია შესაბამისი ექსპერიმენტული ბაზის არსებობა. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო – ეს არის ახალგაზრდა მეცნიერების თემა. როდესაც მეცნიერებაში დაბალი ხელფასია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ახალგაზრდა, ის ირჩევს სხვა გზებს – ახალგაზრდები ან საზღვარგარეთ მიდიან სამეცნიერო საქმიანობის გასაგრძელებლად, ან საქმდება ზოგი – საჯარო და ზოგიც – კერძო  სექტორში. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ, სამწუხაროდ, არც მაგისტრატურა და განსაკუთრებით დოქტორანტურა ისე ორგანიზებული არ არის, როგორც ეს საჭიროა. სწორედ დოქტორანტებმა უნდა შექმნან დღეს ქართული მეცნიერების საფუძვლები, არადა, მათ ვაიძულებთ, რომ სწავლის ფული გადაიხადონ, ამიტომ ისინი სხვადასხვა სამსახურებში მუშაობენ და ლექციები უტარდებათ საღამოს, როდესაც პროფესორიც დაღლილია და დოქტორანტიც.  ეს მიდგომა უმაღლესი განათლების სისტემაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს! კომუნისტების დროს იყო სწავლების ასეთი ფორმა – საღამოს დასწრებული. დამოუკიდებელ საქართველოში ერთ-ერთი პირველი, რაც მოხდა, სწორედ საღამოს დასწრებულის გაუქმება იყო. სამწუხაროდ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს აღვადგინეთ საღამოს დასწრებული დოქტორანტებისთვის და მაგისტრანტებისთვის. ეს დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა. ეს ვითარება რაც მალე გამოსწორდება, მით უფრო მალე შეძლებს ქართველი ახალგაზრდობა დაინტერესდეს მეცნიერებით.
  • დღეს თუ გვაქვს პოტენციალი, შეიქმნას იმ დონის მეცნიერება, როგორიც ადრე გვქონდა?
  • მე ვასწავლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტებს და, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯგუფში ყველაზე სუსტი დოქტორანტიც კი საკმაოდ ძლიერია, იმდენად კარგი ახალგაზრდობა გვყავს. მაგრამ თუ ახალგაზრდა თავიდანვე ჩაერთო კერძო ან საჯარო სამსახურში, დისერტაციაზე მან უნდა იმუშაოს არასამუშაო პერიოდში, ის კი უკვე დაღლილია და მისგან ადეკვატური ნაშრომის მიღება ძალზედ რთულია. პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის. ჩვენ ნიჭიერი თაობა გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, სისტემა შემოგვრჩა ძველი. ამას სჭირდება სერიოზული რეფორმირება, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ყველა პირობა და ინტერესი – დასაქმდნენ მეცნიერებაში. ამიტომ საჭირო არის მოქმედება, რომ მეცნიერებას ჰქონდეს შესაბამისი დაფასება და მეცნიერი გრძნობდეს იმას, რომ მისი საქმიანობა არის პრიორიტეტული. ბოლო პერიოდში მთავრობის ყურადღება მეცნიერების მიმართ აშკარად გაზრდილია, რაც მისასალმებელია. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბატონი გივი მიქანაძე ჩაუდგა სათავეში და ვიმედოვნებთ, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმება.
Facebook
Twitter
LinkedIn