აშშ-ში ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი გამოიცა
რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გამოიცა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი – „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ (“From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics. Bloomington, iUniverse, ISBN: 978-1663265777, 336 გვ.).
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნში გაერთიანებულია ესეები, რომლებშიც განხილული საკითხები ეკონომიკური მეცნიერების საყოველთაოდ აღიარებულ სქემებში ვერ ჯდება.
„წიგნის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მასში ეკონომიკის არატრივიალური, სადისკუსიო საკითხებია განხილული. ნაჩვენებია, რომ თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება კრიზისულ მდგომარეობაშია და მისი დაძლევის ზოგიერთი რეკომენდაციაა მოცემული. დასაბუთებულია, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი წარმოების დამოუკიდებელ ფაქტორს წარმოადგენს. შემოთავაზებულია საბაზრო თანასწორობის თეორიული კონცეფცია.
განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური განვითარების საკითხებს. შესწავლილია როგორც ეკონომიკის ჩამორჩენილობის მიზეზები, ასევე პოსტკომუნისტურ ქვეყნებსა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაში ე.წ. მკვდარი ეკონომიკის ხელოვნური გზით ფუნქციონირების მიზეზები. განხილულია ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის სუსტი მხარეები და შემოთავაზებულია მათი დაძლევის შესაძლო გზა. გახსნილია პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ლაფერის ეფექტის გამოვლენის თავისებურებები.
წიგნში თანამედროვეობის აქტუალური საკითხებიცაა განხილული. კერძოდ, შესწავლილია COVID–19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის თავისებურებები, გამოვლენილია იმ ეკონომიკური სანქციების გარე ეფექტები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო შემოიღო. წარმოდგენილია ჰიპერგლობალიზაციის კონფრონტაციულ გლობალიზაციად ტრანსფორმაციის პროცესი. გააზრებულია გლობალიზაციის, როგორც ასეთის, შესაძლო მომავალი.
წიგნში ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე პრობლემების შესახებ არაერთი საკამათო შეხედულება და მოსაზრებაა განხილული.
წიგნს ბოლოში დართული აქვს ცნობილი უცხოელი ეკონომისტების – ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტის დანი როდრიკის, ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის ჯეიმს კ. გელბრეიტის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის ჯეიმას ა. ლეიტცელის და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუსი პროფესორის სერჯიო მარიოტის დადებითი შეფასებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წიგნი – „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ მემკვიდრეა ადრე გამოცემული წიგნებისა, რომლის ავტორი ლადო პაპავა იყო.
,,წიგნის პირველი ვარიანტი სათაურით „არატრადიციული ეკონომიკსი“ 2010 წელს გამოვიდა ქართულ ენაზე, შემდეგ გადამუშავებული ვარიანტი გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2020 წელს. ამჯერად გამოცემული წიგნი არ არის ამ წინა გამოცემების უშუალო თარგმანი. ინგლისურენოვან წიგნში მოხდა ქართულენოვანი წიგნის გაფართოება, სრულყოფა. მაგალითად, ქართულ წიგნში – სანქციონომიკა – საერთოდ არ არის განხილული. ინგლისურენოვან გამოცემაში კი ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა და აი, რატომ? 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი. დასავლეთმა დაუწესა რუსეთს სანქციები. ამან შექმნა ეკონომიკის სპეციალური ნაირსახეობა, რომელსაც ეწოდა სანქციონომიკა (ეს ტერმინი მე მეკუთვნის), რაცმოცემულია ახალ წიგნში“, – აღნიშნავს ლადო პაპავა.
წიგნი „ამაზონის“ პლატფორმაზეა (<https://www.amazon.com/RETROECONOMICS-SANCTIONOMICS-ESSAYS-UNCONVENTIONAL-ECONOMICS/dp/1663265771/ref=sr_1_fkmr0_1?crid=11PV2O18GKL8Z&dib=eyJ2IjoiMSJ9.Y6QQR0OSgj6Bgj9O_p1-BAsVGVFISBsPc_-9l47xmH0.22YDyvqDC8QOk9TMnb8PdetuCmMqQII_7ZHhneHBVNU&dib_tag=se&keywords=vladimer+papava&qid=1734104214&sprefix=%2Caps%2C235&sr=8-1-fkmr0>) და 2025 წლისთვის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიც გეგმავს მის შეძენას თავისი ბიბლიოთეკისთვის.