ლადო პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი  – სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ახლებური ხედვა

თარიღი: 2025-10-31 15:55:07

აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას იმ ნოვატორ მეცნიერად იცნობენ, რომელსაც ეკონომიკურ მეცნიერებაში მუდამ სიახლე შემოაქვს და რომლის ეკონომიკურ თეორიებსაც საერთაშორისო აღიარება აქვთ.  არაერთი რეგალიეს ,,მფლობელი“ – ლადო პაპავა პირველ რიგში თავს სწორედ მეცნიერად თვლის და ამ კონტექსტითაა გამდიდრებული მთელი მისი მოღვაწეობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამით აიხსნება ასევე მისი 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის – ,,ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ (I) – აკადემიური დანიშნულება თუ არსი, რომელიც მეცნიერის მრავალმხრივი შემოქმედების აღმნიშვნელია და რომელშიც ამ გამოცემისთვის შექმნილი ეკონომისტთა სამეცნიერო ნაშრომებია ასახული. წიგნის სამეცნიერო რედაქტორებმა, თსუ-ს  პროფესორებმა ელგუჯა მექვაბიშვილმა და გივი ბედიანაშვილმა იმთავითვე განსაზღვრეს ლადო პაპავასადმი მიძღვნილი საიუბილეო წიგნის შინაარსობრივი მხარე – ის არა მემუარებზე ან მოგონებებზეა აგებული, არამედ ეკონომიკური მეცნიერების საინტერესო მიგნებებზეა ორიენტირებული. პირველად ამ წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები, ეკონომიკური მეცნიერების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე თვალსაჩინო იყო ის დამოკიდებულებები, რაც სრულიად ეკონომიკური პროფილის აკადემიური წრის წარმომადგენლებს აკადემიკოს ლადო პაპავასადმი გააჩნიათ, ვგულისხმობთ ამ პერსონის კვალიფიკაციის დონის აღიარებას ეკონომიკურ მეცნიერებაში. ახალგამოცემულ წიგნში სწორედ ამ მხრივ არის საინტერესო ერთად თავმოყრილი აკადემიკოს ლადო პაპავას ნაშრომთა ძირითადი სამეცნიერო შედეგები:

  • სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის წარმოების მეხუთე ფაქტორად დასაბუთება, რაც აისახა „გამოყენებითი ეკონომიკის“ ბრიტანულ სახელმძღვანელოში, რითაც ლადო პაპავამ პირველმა, ქართველ ეკონომისტთა შორის, საერთაშორისოდ აღიარებული წვლილი შეიტანა ეკონომიკური მეცნიერების თეორიული საფუძვლების განვითარებაში;
  • „ნეკროეკონომიკის“ თეორიის ჩამოყალიბება;
  • 2005 წელს აშშ-ში ამ სათაურით გამოყენებული მონოგრაფიისთვის 2008 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია;
  • ეკონომიკაში მოქმედი ადამიანის ახალი ტიპების – „ჰომო ტრანსფორმატიკუსის“ და „ზომბი ეკონომიკუსის“ ცნებების შემოღება და დასაბუთება;
  • „ეკონომიკის ზომბირების“ თეორიის განვითარება;
  • „რეტროეკონომიკის“ თეორიის ჩამოყალიბება;
  • „ჩრდილოვანი პოლიტეკონომიის“ საფუძვლების შექმნა (პროფესორ  ნოდარ ხადურთან ერთად);
  • ლაფერის ეფექტის ამსახველი ახალი მრუდების აგება, ლაფერ-კეინზიანური სინთეზის შექმნა და განვითარება (პროფესორ იური ანანიაშვილთან ერთად);
  • „გადასახადების გარეშე ეკონომიკის“ მოდელის შექმნა;
  • ამ მოდელისა და ლაფერის ეფექტის ამსახველი ახალი მრუდების აგებისთვის, ქართველ ეკონომისტთა ჯგუფთან ერთად, 2004 წელს ნაშრომთა ციკლისთვის – „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“ – აკადემიკოს ლადო პაპავას მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.
  • საგადასახადო კორუფციის ინდექსების შემუშავება;
  • „ცენტრალური კავკასიის“ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონცეფციის შემუშავება (ელდარ ისმაილოვთან ერთად) და „ცენტრალური კავკაზიის“ გეოეკონომიკური თეორიის ჩამოყალიბება;
  • „სანქციონომიკის“ თეორიის საფუძვლების ჩამოყალიბება.

ახალი ჯილდო ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის

აკადემიკოს ლადო პაპავას სამეცნიერო ღვაწლი არაერთხელ აღინიშნა ჯილდოთი. მისი მრავალმხრივი სამეცნიერო საქმიანობის კიდევ ერთხელ დასაფასებლად თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ, წიგნის პრეზენტაციაზე,  ლადო პაპავას ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი გადასცა.

„დღეს აღვნიშნავთ ბატონი ლადო პაპავას წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას და ვატარებთ იმ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ამ მნიშვნელოვან იუბილეს მიეძღვნა. ბატონი ლადოს აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობა ყველასთვის ცნობილია – ის 500-ზე მეტი ნაშრომის ავტორია სხვადასხვა ენაზე. ქართულ ეკონომიკურ აზრს შეემატა მეცნიერი, რომელმაც დარგის განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა. მისი ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფიაა გამოცემული როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. აკადემიური საბჭოს სახელით ვულოცავ ბატონ ლადოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მადლობას ვუხდი კოლექტივს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საინტერესო და ღირებული წიგნის შექმნაში“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ სიტყვით გამოსვლისას.

წიგნში – ,,ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ (I) – ასახულია ეკონომისტ მეცნიერთა შემდეგი ნაშრომები: ,,არატრადიციული ეკონომიკსი, როგორც თეორიული ეკონომიკის ახალი მიმართულება“ (ელგუჯა მექვაბიშვილი); ,,მცირე ქვეყნის ზოგიერთი ეკონომიკური თავისებურების შესახებ“ (დავით ნარმანია); ,,ბიზნესში ეთიკური ღირებულებების იდენტიფიცირების კვლევის მეთოდოლოგია“ (თეიმურაზ შენგელია); ,,გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის თანამედროვე რეალობა: კონფლიქტების გავლენა სასურსათო უსაფრთხოებაზე“ (ეთერ ხარაიშვილი); ,,მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევების მაკროეკონომიკური ეფექტები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“ (გივი ბედიანაშვილი); ,,ინოვაციური მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზ-ფაქტორები და მათი აღმოფხვრის გზები საქართველოში“ (უშანგი სამადაშვილი); ,,ილია ჭავჭავაძის ხედვა აფხაზეთის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ (მურმან კვარაცხელია) და სხვ.

,,წიგნი მიეძღვნა ჩვენს კოლეგას, გამორჩეულ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, მოქალაქეს, ეკონომისტს, ლადო პაპავას. ბატონმა ლადომ საფუძველი ჩაუყარა არაერთ ახალ თეორიულ კონცეფციას. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს კონფრონტაციული გლობალიზაციის კონცეპტი, რაც სრულიად ახლებურად გვაჩვენებს დღევანდელი მსოფლიო წესრიგის ცვლილების ლოგიკას. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნი, რომელშიც 53 ავტორის ნაშრომებია შესული, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და ეხება ეკონომიკის ყველა სფეროს თეორიას, პრაქტიკას. ვფიქრობ, ეს წიგნი იქნება საინტერესო როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი  მუშაკებისთვის, რადგანაც ის  სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ახლებურ ხედვას გვთავაზობს“, – აღნიშნა წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა.

,,წიგნის ორიგინალობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმ განსაკუთრებულ როლთან, რა როლსაც  ასრულებს აკადემიკოსი ლადო პაპავა ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში“, – ასეთი შეფასება გააკეთა სიტყვით გამოსვლისას წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა ლადო პაპავას მიერ სიახლეებზე მუდმივად ორიენტირებულობას და აღნიშნა: ,,ბატონმა ლადომ საერთაშორისო დონეზე  აღიარებული არაერთი მიმართულება შექმნა ეკონომიკურ მეცნიერებაში და განსაკუთრებით თეორიულ ეკონომიკაში. მისი წიგნებით სწავლობენ ჩვენი დოქტორანტები და კიდევ ბევრი თაობა ეზიარება იმ ეკონომიკურ თეორიებს, რომლის შემოქმედიცაა თავად. ჩვენ, ეკონომისტები, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებული საერთაშორისო ყურადღებით, რაც, ალბათ, ჩვენი ბრალიცაა.  ამ თვალსაზრისით ბატონი ლადო არის გამონაკლისი. 70 წლის იუბილეზე, როდესაც ჟურნალში „ეკონომიკა  და ბიზნესი“ ლადო პაპავას შესახებ დავწერეთ, მასში რამდენიმე უცხოელი ცნობილი ეკონომისტის შეფასებებიც შევიტანეთ ბატონი ლადოს თეორიების თაობაზე. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე შვედი ეკონომისტი ანდერს ოსლუნდი ბატონი ლადოს ერთ-ერთ წიგნზე წერდა: ეს არის უმნიშვნელოვანესი წიგნი, რომელიც ძალიან კარგ წარმოდგენას გვაძლევს იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, რომელიც გარდამავალ  ქვეყნებში ხორციელდებაო. კიდევ ბევრი სიახლის აღნიშვნა შეიძლება, რომელიც ასე უხვად არის მიმობნეული გამორჩეული ეკონომისტის მეცნიერულ ნაშრომებში. ასევე გამოვყოფ ლადო პაპავას განსაკუთრებულ საზოგადებრივ აქტივობებსაც. ის ყოველთვის აფიქსირებს თავის პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე. ხდება ზოგჯერ ისე, რომ მისი, როგორც მეცნიერის, პოზიცია არ ითვალისწინებს კონიუნქტურულ პოზიციას.  მაგალითად, თსუ-ს რექტორობისას მან კატეგორიულად გაილაშქრა იმ იდეის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის მაშინდელ მთავრობას ჰქონდა იმ მილსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთს ამარაგებდა გაზით. ბატონმა ლადომ მაშინ თქვა, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და ასეთი ობიექტის პრივატიზება არ შეიძლებაო. მე, როგორც მისი მეგობარი, ცოტა შევცბუნდი და ვუთხარი კიდეც – თავი შეეკავებინა პოზიციის გამოხატვისგან, მაგრამ მან ასეთი პასუხი გამცა: მე, პირველ რიგში, ვარ მეცნიერი და მერე ვარ თანამდებობის პირიო. ამ პრინციპით ცხოვრობს იგი დღემდე და ეს ეტყობა მის მეცნიერულ შემოქმედებასაც. 500-ზე მეტი ნაშრომი, რომელიც სხვადასხვა ენაზეა გამოქვეყნებული, იქმნებოდა იმ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ყოფნის პარალელურად, რა პოზიციებიც მას ეკავა სხვადასხვა დროს მთავრობასა თუ პარლამენტში. მან ყველაფერი შეძლო და მოასწრო, რადგან მას საკუთარი საქმე უყვარს. იგი, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერია და ყველა მიმართულებით ამ სტატუსით პოზიციონირებს. ნოვატორული დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ მას მემკვიდრეობითაც გადმოჰყვა მამისგან, პროფესორ გიორგი პაპავასგან, რომელიც სოლიდურ ასაკშიც კი ნამდვილი იდეების გენერატორი იყო.  ბატონი ლადო კიდევ არაერთ ახალ თეორიას შექმნის და წვლილს შეიტანს ქართული მეცნიერების განვითარებაში“.

ლადო პაპავა, რომელთან შეთანხმებითაც განისაზღვრა წიგნის – ,,ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ (I)  – შინაარსობრივი მხარე, პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე მადლობის სიტყვით წარსდგა.

ესოდენ მნიშვნელოვანი მორიგი ჯილდო – ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი – მისთვის დამატებით სტიმულის მიმცემია მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. გარდა იმისა, რომ ლადო პაპავა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორია, იგი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანიცაა. მისი ღვაწლის შედეგებს დღეიდან კვლავაც ელოდება ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც ტაშს უკრავს მასწავლებელს სწორედ რომ ნოვატორობისა და მისი აღმზრდელობითი პრინციპების ერთგულად მსახურებისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn