ლადო მინაშვილის საჯარო ლექცია, რომელიც ვაჟა- ფშაველას გარდაცვალებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა

თარიღი: 2025-12-03 12:42:12

28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „ფილოლოგთა კლუბის“ მორიგი მუდმივმოქმედი სემინარი „საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოხსენება სახელწოდებით: „ბუნების გრძნობისა და ბუნების გაგების საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“   პროფესორმა ლადო მინაშვილმა წაიკითხა. როგორც „ფილოლოგთა კლუბის“ ხელმძღვანელი ბექა ბაღათურია ამბობს, სტუდენტებმა საჯარო ლექციის თემა სიმბოლურად ვაჟა- ფშაველას გარდაცვალებიდან 110 წლისთავს დაუკავშირეს. „როგორც ცნობილია, ვაჟა სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში გარდაიცვალა, ამიტომ ამ შეხვედრას სიმბოლური ხასიათიც ჰქონდა“,  –  ამბობს ბექა ბაღათურია.

მისივე ინფორმაციით, ლადო მინაშვილის საჯარო ლექცია „ფილოლოგთა კლუბისათვის“ რიგით მეექვსე ღონისძიება იყო. „ჩვენი კლუბი ოფიციალურად დაარსდა 2025 წლის 8 აპრილს, პირველად გაიმართა აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვეფხისტყაოსნის სიყვარული“, რომელსაც მოჰყვა სხვა შეხვედრებიც  პოეტ ლია სტურუასთან,  მომღერალ ნანული აბესაძესთან… ჩატარდა  რევაზ სირაძის ხსოვნის საღამო, სტუდენტთა გასვლითი ღონისძიება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და სხვ.

ჩვენი კლუბი დღეს ქართული ფილოლოგიის მიმართულების 50-მდე სტუდენტს აერთიანებს და დაარსებისთანავე ჩვენი მთავარი მიზანი გახდა ის, რომ კლუბი ყოფილიყო ერთგვარი ხიდი ახალ და ძველ თაობას შორის და სტუდენტებს ჰქონოდათ საშუალება – ჩვენი ღონისძიებებით კიდევ უფრო გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა და მიეღოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ჩვენს მორიგ სტუმრად ყველასათვის საყვარელი ლექტორი ლადო მინაშვილი, რომელმაც აუდიტორია მისეული გამორჩეული თხრობის სტილით ვაჟა-ფშაველას სამყაროში ამოგზაურა. საჯარო ლექცია, ჩვენი ტრადიციის თანახმად, ჰიმნ „გაუდეამუსის“ თანხლებით გაიხსნა, ხოლო დასასრულს სიმბოლურად შესრულდა ვაჟა-ფშაველას ლექსზე შექმნილი ერთ-ერთი რომანსი.

საჯარო ლექციას დაესწრნენ ყველა თაობის წარმომადგენლები, ლადო მინაშვილის როგორც ყოფილი, ისე ახლანდელი სტუდენტები, აბიტურიენტები, სკოლის მოსწავლეები და ა.შ. ლექციის დასაწყისში ბატონ ლადოსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე. საჯარო ლექციას დაესწრო ჩვენთვის ასევე საყვარელი ლექტორი და ბატონი ლადოს მეგობარი ელგუჯა ხინთიბიძეც. აქვე აღვნიშნავთ, რომ ლექციის ბოლოს გადაღებულმა საერთო ფოტომ, სადაც უკანა ფონზე ვაჟა და რუსთველია, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების ბოლოს ბატონ ლადოს კლუბის სახელით გადავეცით სამახსოვრო სერტიფიკატი და ის დაგვპირდა, რომ მსგავს საინტერესო საჯარო ლექციას სამომავლოდაც ხშირად წაგვიკითხავს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საჯარო ლექციის ვიდეოჩანაწერები შემოვინახეთ და ავტვირთეთ ჩვენს Facebook და YouTube გვერდებზე, რითაც კიდევ უფრო გავამდიდრეთ ჩვენი, მართალია, პატარა, თუმცა უკვე დიდი ოქროს ფონდი.   „ფილოლოგთა კლუბს“ წინ დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენ სულ მალე მრავალი საინტერესო ღონისძიებით დავბრუნდებით“, – აღნიშნა ბექა ბაღათურიამ.

Facebook
Twitter
LinkedIn