ლადო ჭანტურია – მსოფლიოს მოქალაქე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველი მეცნიერის 60 წლის იუბილე აღნიშნა
აკადემიური იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ლადო ჭანტურიას 60 წლის იუბილე აღნიშნეს. ლადო ჭანტურიას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნისა და ახალი ქართული სამართლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. იგი იყო საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წევრი. მისი ავტორობით სხვადასხვა ენაზე შესრულებული და ნათარგმნი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომია გამოცემული.
ქართული სამართლის განვითარებაში ლადო ჭანტურიას მიერ გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიასა და პროფესორ ბესარიონ ზოიძის რედაქტორობით, მეცნიერის მოსწავლეების, ქართველი და უცხოელი კოლეგების საავტორო სპეციალური სამეცნიერო კრებული გამოიცა.
კრებულის პრეზენტაცია საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა. იუბილეზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ევროპის აკადემიის (Academia Europaea) თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფრანგიშვილმა განაცხადა.
პროფესორ ლადო ჭანტურიას მიერ საქართველოში კერძო სამართლის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო გვენეტაძემ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ და პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ ისაუბრეს.
„პროფესორმა ლადო ჭანტურიამ, როგორც სამოქალაქო კოდექსის სარედაქციო კომისიის წევრმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა სამოქალაქო კოდექსის ღირებულებით ორიენტაციაში. მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო სრულიად ახალი ქართული იურიდიული დოქტრინის შექმნა, რომელმაც ხელი შეუწყო სამოქალაქო კოდექსის ცხოვრებაში დანერგვას. მისი შრომები კერძო სამართლის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი სამოქალაქო სამართლის ზოგად თეორიაში, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, საკორპორაციო სამართალში, მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალში, სამოსამართლეო სამართლის განვითარების საკითხებში ფასდაუდებელია ქართული იურიდიული სამეცნიერო სივრცისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველ კომენტარს, რომელიც ამ დარგის მთავარ ტექსტად იქცა და პრაქტიკული თუ სამეცნიერო დისკუსიის ფუნდამენტური ნაშრომია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დღესაც ახორციელებს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების პროექტს პროფესორ ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იგი გამოირჩევა რთული იურიდიული კონსტრუქციების ნათელი და გასაგებით ენით გადმოცემის სტილით. მუდმივად მხარს უჭერს ქართველ ახალგაზრდა იურისტებს. მან არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, ფაკულტეტზე ყოველსემესტრულად, მისი ფინანსური მხარდაჭერით, საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის გაიცემა სტიპენდია, რაც მათთვის მნიშვნელოვანი სტიმულია“, – განმარტა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
. . .
საიუბილეო კრებული ქართველი და უცხოელი სამართალმცოდნეების 30-ზე მეტ სამეცნიერო სტატიას მოიცავს. ავტორებს შორის არიან პროფესორები როლფ კნიპერი, კლაუს ჰოპტი, ჰაინ ბიოლინგი, ანგელიკა ნიუსბერგერი, მაიდან სულეიმენოვი, ნატალია კუზნეცოვა, ჰანს იოახიმ შრამი, ფარხად კარაგუსოვი, ალექსანდერ ტრუნკი, ტომას მაიერი, ევგენია კურცინსკი სინგერი… მათ აქტუალური სამართლებრივი საკითხების ანალიზისას ლადო ჭანტურიას კვლევების მნიშვნელობა და მისი პირადი ღვაწლიც გამოკვეთეს. სტატიაში „ლადო ჭანტურია – მსოფლიოს მოქალაქე“ კასპიის უნივერსიტეტის პროფესორი მაიდან სულეიმენოვმა ხაზი გაუსვა მეცნიერის მაღალ პროფესიონალიზმსა და მორალურ პრინციპებს, რაც, მისივე განმარტებით, მეცნიერის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციაზე არჩევის წინაპირობა გახდა.
„ლადო ჭანტურია თავს თავისუფლად გრძნობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“… „მისი ცოდნა და ქარიზმა განაპირობებს მის თავდაჯერებულობას. ის ნამდვილი მსოფლიო მოქალაქეა“ – აღნიშნავს ავტორი.
საიუბილეო ღონისძიებაზე მაიდან სულეიმენოვმა ყაზახეთის სამოქალაქო კოდექსის მიღების პროცესში ლადო ჭანტურიას ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მეცნიერს, პროფესორ ფარხად კარაგუსოვთან ერთად, ყაზახეთის ეროვნული სამოსი უსახსოვრა.
„ლადო ჭანტურიამ არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის ცენტრალური საკანონმდებლო ნორმების ჩამოყალიბებაში მიიღო გადამწყვეტი მონაწილეობა, არამედ მათ პრაქტიკაში განხორციელებასაც შეუწყო ხელი თავიდან როგორც იუსტიციის მინისტრმა, შემდგომ როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, სამოქალაქო კოდექსის კომენტატორმა და უნივერსიტეტის მასწავლებელმა“, – წერს კრებულში გერმანელი პროფესორი როლფ კნიპერი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სარედაქციო კომისიას. მან საიუბილეო ღონისძიებაზე ასევე გაიხსენა, რომ ლადო ჭანტურია იყო პიროვნება, რომლის განსწავლულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული კერძო სამართლის ევროპეიზაციის საქმეში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ანგელიკა ნუბერგერმა და პროფესორმა ალექსანდერ ტრუნკმა ლადო ჭანტურია სამი მნიშვნელოვანი თვისებით დაახასიათეს – მომღიმარი, სამართლიანი მოსამართლე და მოსამართლე, რომელსაც შეუძლია გულისყურით მოსმენა.
„საიუბილეო კრებული ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც მეცნიერმა შეიძლება ინატროს. კრებულში მოცემული უმაღლეს დონეზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორები არიან ადამიანები, რომლებთანაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთები მაკავშირებს“, – ასე გადაუხადა მადლობა საიუბილეო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას პროფესორმა ლადო ჭანტურიამ
„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ამ საიუბილეო კრებულის რედაქტორების – პროფესორების ბატონ ბესარიონ ზოიძისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ თამარ ზარანდიას მიმართ. კარგად ვიცი, რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული ამ საქმის გაკეთება. დიდი მადლობა ყველა ავტორს, გამომცემელს ამ კრებულის მომზადებისა და გამოცემისთვის. დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტს ამ დიდი საჩუქრისთვის!”