სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

თარიღი: 2023-01-21 15:02:28

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ყოველწლიურად,  სამეცნიერო საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით  ხორციელდება  რამდენიმე პროექტი, რომელიც შემდგომ სამეცნიერო სტატიის ფორმით ქვეყნდება საერთაშორისო, სამეცნიერო, პრესტიჟულ, რეფერირებად  ჟურნალებში.

მიმდინარე წელს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე 10  მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განხორციელდა.

როგორც ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი პუბლიკაციით დასრულდეს მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებულ ჟურნალებში, რაც ზრდის თსუ-ს ხილვადობასა და  რეიტინგს.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევებში მაგისტრანტები და დოქტორანტები  იყვნენ უშუალოდ ჩართულნი, რაც ხელს შეუწყობს მათი   კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ადრეული ეტაპიდან. ასეთ კოლაბორაციას მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს“, – განახცადა  პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.  

„რაც  ეს  მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაიწყო,    უფრო გაიზარდა  ფაკულტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობის დონეც. ეს ეხება გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსაც. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე მკვეთრად გაიზარდა სამეცნიერო პუბლიკაციების რიცხვი და ხარისხიც და  ეს კვლევითი პროექტები ამას ძალიან   ეხმარება“, -აღნიშნა პროფესორმა გიორგი ღვედაშვილმა, რომელმაც  მკვლევრებს შემდგომი წარმატებები უსურვა.  

ამჯერად ჩვენ გამოვყოფთ 2პროექტს

,,მცირე და საშუალო მეწარმეობის მდგრადი  განვითარების მექანიზმი: გამოწვევები და შესაძლებლობები სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფისათვის“

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ეთერ ხარაიშვილი.  პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ:  ასოცირებული პროფესორები:  ია ნაცვლიშვილი,  ინეზა გაგნიძე, ნინო დამენია, თამარ ათანელიშვილი;  ასისტენტ პროფესორები: ნინო ლობჟანიძე,  თამარ ლაზარიაშვილი; დოქტორანტები: ბექა ზაუტაშვილი, შოთა ჯიმშერაშვილი.

კვლევის მიზანი იყო მცირე და  საშუალო საწარმოების  საჯარო შესყიდვებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბარიერების გამოვლენა და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე   რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტის,  საკვლევი თემისა და  კვლევების შედეგების შესახებ საუბრობს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  პროფესორი ეთერ ხარაიშვილი:

,,ეკონომიკის სფეროში ბოლო პერიოდში, როგორც ეროვნულ, ასევე, გლობალურ დონეზე,  მდგრადი განვითარების თვალსაზრისით რიგი პრობლემები გამოიკვეთა. ამ პრობლემათა შორის განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესია  ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობას შორის ფორმირებული დისბალანსის დაძლევა, რომელიც, ჯერჯერობით, გადაუჭრელი საკითხია რესურსებზე ზრდადი მოთხოვნის გამო.  შესაბამისად, აუცილებელია ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფა ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ინდიკატორებს შორის. მეორე მხრივ, მდგრადი მიზნების მისაღწევად დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესს.  ბიზნესის ამ სახეობის   დადებითი გავლენის შედეგები  ეკონომიკურ განვითარებაზე  ძირითადად  დასაბუთებულია და მეცნიერთათვის  სადაო აღარ არის. თუმცა, სამეცნიერო წრეებში აქტიური დისკუსია  მიმდინარეობს იმ ინსტრუმენტებზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.  ასეთ ინსტრუმენტებს შორის უმნიშვნელოვანესად არის მიჩნეული საჯარო შესყიდვები.

საჯარო შესყიდვები მეცნიერთა მიერ დღეს უკვე შეფასებულია როგორც სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტი მდგრადი მიზნების მისაღწევად, ასევე, იგი განიხილება  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობად.

პროექტზე მუშაობისას ბიბლიოგრაფიული კვლევის საფუძველზე დავასაბუთეთ  საჯარო შესყიდვების   ბარიერების შესახებ  ჩამოყალიბებული სხვადასხვა განმარტებითი თეორია და ჰიპოთეზა. თვრამეტი  ლიდერი ქვეყნის მაგალითზე გავაანალიზეთ  მცირე და საშუალო ბიზნესში საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული  გამოცდილება.

კვლევითი პროექტის პრეზენტაციისას საჯარო შესყიდვების წვლილი მშპ-ის ზრდაში  შევაფასე რამდენიმე  ძირითადი ინდიკატორით, მათ შორის განვიხილე: საჯარო შესყიდვების შესახებ ინფორმირებულობა, საჯარო შესყიდვებში ჩართულობის დონე, ფულადი სახსრების მენეჯმენტი, საგადასახადო პროცედურები, მონაცემებზე წვდომა, უსაფრთხოება და სხვა.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე   მცირე და საშუალო ბიზნესში საჯარო შესყიდვების უცხოური გამოცდილების ანალიზს. საჯარო შესყიდვების სფეროში ლიდერი თვრამეტი სახელმწიფოს (არგენტინა, კანადა, ჩილე, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, ნიდერლანდები, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი, ესპანეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და გაერთიანებული სამეფო) მონაცემების ანალიზზე დეტალურად  შევაფასე, ერთი მხრივ,   საჯარო შესყიდვების წვლილი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში და, მეორე მხრივ, შესყიდვების ინდიკატორები.

აქვე აღვნიშნავ, რომ  საქართველოში  საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული  ბარიერების გამოსავლენად  2022 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა  რაოდენობრივი კვლევა. თავდაპირველად,  სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ბიზნეს რეგისტრის გამოყენებით განისაზღვრა საკვლევი ბაზა და შემუშავდა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. კვლევა მიმდინარეობდა  Google Form ონლაინ კითხვარის შევსების საფუძველზე. შედეგები დამუშავდა შესაბამისი სტატისტიკური პაკეტების საშუალებით.

რაოდენობრივი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა  დესკრიპტული (აღწერითი) ანალიზი. დასმული კითხვების ტიპი იყო სტრუქტურირებული. ამასთან, შემოთავაზებული იყო  მრავალვარიანტული, ალტერნატიული და სკალაზე დაფუძნებული კითხვები. კერძოდ, გამოყენებული იყო სახელობითი ანუ ნომინალური და ზომითი სკალები,  მოიცავდა როგორც მაიდენტიფიცირებელ, ისე მაკლასიფიცირებელ კითხვებს. დამატებით შემოთავაზებული იყო  ერთი ღია, სადისკუსიო კითხვა.

კვლევაში წარმოდგენილი იყო  რესპოდენტთა რეპრეზენტატული რაოდენობა. გამოიკითხა მცირე და საშუალო მეწარმეები. რესპოდენტთა შორის თითქმის ნახევარი მაღალი რგოლის მენეჯერებს წარმოადგენდა.  შეჯამებული მონაცემები გამოყენებულია დასკვნების გაკეთებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად. კვლევის  სანდოობის დონემ შადგინა 95%, შერჩევის ცდომილება იყო  3%.

რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე წარმოდგენილი იყო  მცირე და საშუალო საწარმოებში საჯარო შესყიდვების  ძირითადი გამოწვევები: ინფორმაციის გაურკვევლობა, სატენდერო წინადადებების მომზადების უნარების ნაკლებობა, ელქტრონულ ტენდერებზე ნაკლები წვდომა, ელექტრონული პლატფორმების დეფიციტი,  შესყიდვების პროცედურების იგნორირება, შესყიდვების   პროცესის შრომატევადი და მკაცრი პროცესი და სხვა.   ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის  ინფორმაციის გაურკვევლობისა  და უუნარობის  ფაქტორები  უმთავრეს გამოწვევად არის მიჩნეული. პროექტზე მუშაობისას განვიხილეთ  საჯარო შესყიდვების საშუალებით  ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მექანიზმებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერების შესაძლებლობები.

საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული გამოწვევების შეფასებისა და რაოდენობრივ კვლევაზე დაყრდნობით  წარმოვადგინეთ  დასკვნები და   რეკომენდაციები,  რომელთა გათვალისწინება  ხელს  შეუწყობს  მცირე და საშუალო საწარმოების საჯარო ტენდერებში მონაწილეობის გაზრდას, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“.  

 „ინსტიტუტების გავლენა საზოგადოებრივი დოვლათის ეფექტიან წარმოებაზე (ექსპერიმენტული ეკონომიკის მეთოდოლოგიის გემოყენებით)“

შემსრულებლები: პროფესორი  ელგუჯა მექვაბიშვილი (ხელმძღვანელი),  ასოცირებული პროფესორი  მარინა ნაცვალაძე, მოწვეული ლექტორი, აკადემიური დოქტორი რატი მექვაბიშვილი, ასისტენტ პროფესორი რუსუდან სირბილაძე, დოქტორანტები: სალომე დეისაძე, გიორგი მჟავანაძე, სალომე კობახიძე. 

პროექტის მიმდინარეობის,  საკვლევი თემის მიზნებისა და კვლევის შედეგების შესახებ საუბრობს  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი:

,,გლობალურმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა (2007-2009წწ) გამოავლინა ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და დღის წესრიგში დააყენა ახალი პარადიგმის შექმნის აუცილებლობა. მსოფლიოში ცნობილი თეორეტიკოსი ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება უნდა გახდეს უფრო ინკლუზიური, პლურალისტური და  არაორთოდოქსული (იგულისხმება ნეოლიბერალურ-ნეოკლასიკური) მიდგომების მიმართ ღია.

წინა პლანზე წამოიწია რამდენიმე მთავარმა მოთხოვნამ ეკონომიკური მეცნიერების მიმართ:

ა) ემპირიული ანალიზის გაღრმავება; ბ) გამოყენებითი ხასიათის კვლევების გაძლიერება; გ) ინტერდისციპლინარული მიდგომის ჩარჩოებში ეკონომიკური მეცნიერების სინთეზი სხვა მეცნიერებებთან – სოციოლოგიასთან, სოციალურ-ფსიქოლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან, ისტორიასთან და ა.შ.

მკვლევარი ეკონომისტების მიერ ასევე დასახელებულია თეორიული ეკონომიკური მეცნიერების სამი ყველაზე აქტუალური მიმართულება (დარგი):

  1. ქცევითი ეკონომიკა
  2. ეკონომიკაში რანდომიზირებული კონტროლირებადი ცდები ანუ ექსპერიმენტული ეკონომიკა
  3. ინსტიტუციური განვითარების პრობლემების კვლევა.

ჩვენი სამეცნიერო პროექტი დასახელებული მიმართულებიდან პირველ და მეორეს ეხება. ამ პრობლემაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2012 წლიდან დავიწყეთ, როცა ჩვენს ფაკულტეტს, კერძოდ, თეორიული ეკონომიკის კეთედრას სტუმრობდა ექსპერიმენტული ეკონომიკის თვალსაჩინო ბრიტანელი მკვლევარი, პროფესორი კრისტოფერ სტამერი, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში ჩაატარა ძალიან საინტერესო ლექციების კურსი.

პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში: არსებობს ადამიანის ორი ტიპი – ეკონომიკური ადამიანი (homo economicus), რომლის მთავარი მამოძრავებელი მოტივია მოგების მიღება და ალტრუისტული ტიპის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პირადი და კერძო ინტერესები დაუქვემდებაროს კოლექტივისა და საზოგადოების ინტერესებს. ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის ქვაკუთხედია ეკონომიკური ადამიანი, რომლის ეგოისტური და ოპორტუნისტული ინტერესების გამო საზოგადოებრივი დოვლათი ვერ იწარმოება საკმარისი რაოდენობით, ანუ ადგილი აქვს ე.წ. „ბაზრის ჩავარდნას“ (Market Fail). ამასთანავე, ალტრუისტული ტიპის ადამიანი არის საზოგადოების კეთილდღეობის ქვაკუთხედი. ინდივიდთა პროსოციალურობას, თანამშრომლობას და ნდობას გააჩნია ეკონომიკური ფუნქცია (კ. ეროუ, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში). შესაბამისად, ისეთი ეკონომიკური გარემოს დამკვიდრება, რომელშიაც პროსოციალური ქცევა პრიორიტეტულია, სახელმწიფოს და  ცალკეული ინდივიდების ინტერესებშია.

ჩვენი ექსპერიმენტის მიზანი იყო:

ა) ექსპერიმენტული ეკონომიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით პროსოციალური და ალტრუისტული ქცევის ხარისხის შეფასება საქართველოში.

ბ) ინდივიდთა ეკონომიკურ ურთიერთობებზე ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ინსტიტუტების გავლენის დადგენა, როგორც უშუალოდ, ისე ამ გავლენის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

     პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. კერძოდ:

  • პროსოციალური და ალტრუისტული ქცევის ექსპერიმენტული კვლევის მიმოხილვა და ქცევითი ეკონომიკის თეორიების ანალიზი;
  • ეკონომიკური ექსპერიმენტის დიზაინის მომზადება;
  • შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მოდიფიცირება და ადაპტირება საქართველოს რელობაზე;
  • ექსპერიმენტის ჩატარება;
  • ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება-ანალიზი;
  • შესაბამისი დასკვნების გაკეთება და რეკომნდაციების შემუშავება.

      ჩამოყალიბებული ჰიპოთეზის შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ ეკონომიკური ექსპერიმენტი „დიქტატორის თამაშის“  და „დეცენტრალიზირებული დასჯის მექანიზმით საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის“ სახით.

ექსპერიმენტი ჩატარდა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე და მას ჰყავდა  146 მონაწილე, ძირითადად სტუდენტები. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული შედეგები შევადარეთ სხვადასხვა პერიოდსა და ქვეყანაში ჩატარებულ ანალოგიურ ექსპერიმენტებს, რამაც რიგი საინტერესო დასკვნის შესაძლებლობა მოგვცა. კერძოდ:

  1. ჩვენს ექსპერიმენტში დიქტატორის საშუალო შეთავაზებები ახლოსაა სხვა ქვეყნების საშუალო შედეგებთან;
  2. გამოიკვეთა მკვეთრი განსხვავება დიქტატორის განაწილების სამართლიანობის ნორმასა და მის ფაქტიურ შეთავაზებებს შორის;
  3. წევრთაშორისი დასჯის მექანიზმი არაეფექტიანი აღმოჩნდა თანამშრომლობის მაღალი დონის შესანარჩუნებლად;
  4. საზოგადოებრივი დოვლათის თამაშმა დასჯის მექანიზმით არსებითად გააძლიერა ეგოისტური ქცევა;
  5. მოხერხდა სამართლიანობის ინდივიდუალური ნორმის გაზომვა ახალი მეთოდის გამოყენებით დინამიურ კონტექსტში.

მიღებული სამეცნიერო დასკვნები შეიძლება გამოყენებული იქნეს ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისა და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მსგავსი კვლევა ადრე არ ჩატარებულა და ბევრი საკითხი შემდგომ გაღრმავებულ შესწავლას მოითხოვს, გადაწყვეტილი გვაქვს კვლევის გაგრძელება-განვითარება, რა მიზნითაც გვსურს ქცევითი და ექსპერიმენტული ეკონომიკის კვლევების ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ჩვენი აზრით, შეიძლება გადაიქცეს ამ უაღრესად თანამედროვე კვლევითი მიმართულების წამყვან ცენტრად სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

. . .

მიმდინარე წელს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე 10  მიზნობრივი სამეცნიეროკვლევითი პროექტი  პრეზენტაცია გაიმართა 22 დეკემბერს. პრეზენტაციას   ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. პრეზენტაციას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ლაშა საღინაძე და სამეცნიერო სამსახურის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილი.

დარჩენილი  8 პროექტის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით მკითხველს.

Facebook
Twitter
LinkedIn