რა კვლევები იგეგმება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული არეალის ტერიტორიაზე

თარიღი: 2023-05-22 16:00:47

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის რადიოეკოლოგიური დახასიათება“ – ამ სახელწოდებით  წარადგინა პროექტი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიკოს ნოდარ კეკელიძის სახელობის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტის ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში“ პროექტით წარსდგნენ მკვლევრები – ერემია თულაშვილი, ბელა კვირკველია და ლელა მწარიაშვილი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ნიადაგის და გეოლოგიური სტრუქტურის რადიონუკლიდური შედგენილობისა და რადიონუკლიდების ფონური კონცენტრაციების შესწავლა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული არეალის ტერიტორიაზე, ასევე იგეგმება რადიოაქტიური აირის – რადონის კონცენტრაციის კვლევა წყალში, ნიადაგსა და ჰაერში.

„რადიოეკოლოგიური კვლევები ჩვენს ინსტიტუტში, დაახლოებით, 15 წლის წინ დავიწყეთ. NATO-ს კვლევითი პროგრამის – „მეცნიერება მშვიდობისათვის“ – ფარგლებში დაფინანსებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მდინარეების მონიტორინგი, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ერთად, რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყო ჩართული (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. ნოდარ კეკელიძე). პროექტის ფარგლებში შეძენილია თანამედროვე აპარატურა, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა. ამჯერად საკვლევ ობიექტად ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ავირჩიეთ, რადგან ის კავკასიონის მთავარ ქედთან ახლოს მდებარე რთული გეოლოგიური კონსტრუქციის მქონე რეგიონია.

კვლევის საკითხი აქტუალურია, რადგან რადონი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ნიადაგიდან მუდმივ რეჟიმში გამოიყოფა. ის ადამიანისთვის საშიში არ არის, თუ ჰაერში მისი მცირე კონცენტრაციაა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რადონი დაგროვდა დახურულ სივრცეში, ის იწვევს ფილტვის კიბოს; ახალი მონაცემების მიხედვით, რადონთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მსოფლიოში თამბაქოს მოწევით გამოწვეული კიბოთი სიკვდილიანობის შემდეგ მეორე ადგილზე დგას.

ამასთანავე, არსებობს ვარაუდი, რომელზეც მსოფლიოში მიდის აქტიური კვლევები, რომ მიწისძვრის წინ რადონის ნიადაგიდან გამოყოფა აქტიურდება, აღნიშნულ კვლევებს ჯერ კონკრეტული შედეგები არ აქვს, თუმცა რადონის შესწავლის საკითხის აქტუალობას ხაზს უსვამს“, – განმარტავს ერემია თულაშვილი.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იგეგმება ორი საველე ექსპედიცია“ – ამბობს ინსტიტუტის დირექტორი ბელა კვირკველია – „კვლევა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ვგეგმავთ ადგილზე კვლევების ჩატარებას, აგრეთვე ნიადაგის, ქანების, წყლის ნიმუშების ჩამოტანას, ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებასა და შემდეგ ახალი მონაცემების მონოგრაფიის სახით გამოცემას“.

„ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე მაღალმგრძნობიარე რადონის ელექტრონულ დეტექტორს – ეს არის პორტატიული ხელსაწყო, რომელიც საშუალებას იძლევა მონაცემები უშუალოდ ველზე მუშაობისას მივიღოთ. აღნიშნული მიმართულებით კვლევის გამოცდილება უკვე გვაქვს. ჩვენ გავზომეთ ე.წ. შიდა რადონის კონცენტრაციის დონე თბილისის სხვადასხვა უბანში, შენობებში სართულების მიხედვით. შედეგებმა აჩვენა, რომ ქვედა სართულებზე, მაგალითად, სარდაფებში რადონის კონცენტრაცია ჰაერში შედარებით მაღალია, ამ დროს გამოსავალი დახურული სივრცის ხშირი განიავებაა“, – ამბობს ლელა მწარიაშვილი.

2023 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში 34 განაცხადი იყო წარდგენილი, აქედან საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად 2 კვლევითი პროექტი გამოაცხადა.

Facebook
Twitter
LinkedIn