კვლევა საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმოდგენებზე/შეხედულებებზე ტელეყოფნის რობოტების შესახებ

თარიღი: 2023-05-03 19:45:52

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ტალინის უნივერსიტეტის დიგიტალური ტექნოლოგიების სკოლის მკვლევრებთან ერთად (ჯ. ლეოსტე, ს. ვირკუს, ა. ტალისაინენ, კ. ტამემაე, კ. ანგურ)   ჩაატარა მოკლე კვლევა  საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმოდგენებზე/შეხედულებებზე ტელეყოფნის რობოტების შესახებ.

ნაშრომი დაიბეჭდა ონლაინ ჟურნალში: Frontiers in Artificial Intelligence.

დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ ლექსიკონში კომპიუტერული ტერმინი –  ტელეყოფნა – განმარტებულია, როგორც „დისტანციური ყოფნა (დისტანციური წვდომა ვიზუალურ, აუდიო- და სხვა სახის ინფორმაციაზე, მექანიკურ მოწყობილობებზე და ა.შ.) კომპიუტერული და/ან ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც სხვაგან ყოფნის შეგრძნებას იძლევა. https://dictionary.ge/).

„სხვადასხვა საგანმანათლებლო კონტექსტში ტელეყოფნის რობოტების (TPR-Telepresence Robots) გამოყენების  მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია, რადგან მათ შესწევთ უნარი დისტანციურად მასწავლებლებისთვის გააძლიერონ სწავლა-სწავლების გამოცდილება და უზრუნველყონ მასწავლებლის მხარდაჭერა დისტანციურად სწავლებისას. აღნიშნულ სტატიაში აღწერილია საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმოდგენები/შეხედულებები ტელეყოფნის რობოტების საგანმანათლებლო სივრცეში გამოყენების შესახებ“, – გვითხრა იზაბელა პეტრიაშვილმა.

კვლევის პროცესში ონლაინ  გამოკითხვა  ჩატარდა საქართველოს რვა უნივერსიტეტის 16 მონაწილესთან, რომლებიც ერაზმუს+ პროექტის – „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ DITECH) – ფარგლებში ტალინის უნივერსიტეტში განხორციელებულ სამუშაო შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას. საკვლევი კითხვები მოიცავდა TPR-ის როლს სწავლა-სწავლების პროცესში. კერძოდ,  რა გამოწვევები, სარგებლობა, შესაძლებლობები, სისუსტეები თუ საფრთხეები შეიძლება ახასიათებდეს მათ გამოყენებას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ TPR-ის გამოყენებას დიდი პოტენციალი აქვს სასწავლო აქტივობების გასაძლიერებლად, თუმცა მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, თუ რა გამოწვევები და/ან სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოში. სტატიაში წარმოდგენილია რეკომენდაციები აღნიშნული საკითხის სამომავლო კვლევაზე.

ნაშრომის გაცნობა შეგიძლიათ მისამართზე:

Frontiers in Artificial Intelligence

doi: 10.3389/frobt.2022.976836

https://www.frontiersin.org/articles/10.3389/frobt.2022.976836/full
Facebook
Twitter
LinkedIn