კვლევა სტიპენდიის გაცემის ახალი წესის მაგალითზე
„ვირტუალური დისკურსის ტრანსფერი რეალობაში: სტიპენდიის გაცემის ახალი წესის მაგალითზე“, – ეს თემა დაამუშავეს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტებმა ნათია მამისაშვილმა და ლუკა დანელიამ, რომლებსაც კვლევის პროცესში თსუ-ს პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა ხელმძღვანელობდა.
,,ჩვენ შევეცადეთ, რომ ვირტუალური პროტესტის თავისებურებები ქართველი სტუდენტების პროტესტის მაგალითზე შეგვესწავლა. 2023 წლის შემოდგომის სემესტრში სტიპენდიების გაცემის წესების ცვლილების შესახებ შევიტყვეთ. კერძოდ, გაიზარდა სტიპენდიების მიმღებთა კვოტა, გაორმაგდა ფულადი ჯილდო, სტიპენდიათა გაცემის ახალმა კრიტერიუმებმა მოიცვა სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობაში ჩართულობა, გათვალისწინებულ იქნა სოციალური ფაქტორები. ამის გარდა, სტიპენდიების გაცემის ახალი წესებიდან ამოღებული იქნა სამეცნიერო სტატიების კრიტერიუმი, შეიზღუდა კონფერენციებში მონაწილეობის მიღების ქულათა რაოდენობა, როდესაც სპორტულ თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე ლიმიტი არ დაწესებულა, სტუდენტური და სამეცნიერო კონფერენციათა ქულათა რაოდენობრივი მაჩვენებელი გათანაბრდა. ამასთანავე, კრიტერიუმებში დაამატეს სოციალური ფაქტორები, კერძოდ, დევნილობა, მრავალშვილიანობა, მაღალმთიან რაიონებში ცხოვრება, სოციალურად დაუცველობა და ა.შ. აღნიშნულმა მოვლენამ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებში პროტესტი გამოიწვია. სტუდენტების თქმით, ეს ცვლილებები სასტიპენდიო კონკურსში სტუდენტებს არათანაბარ პირობებში აყენებდა, იყო „პოზიტიური დისკრიმინაციის“ მატარებელი და მერიტოკრატიულ პრინციპებს აცდენილი. ეს ყოველივე აუფასურებდა სამეცნიერო სფეროში ისეთ ღირებულ მოღვაწეობას, როგორიცაა სტატიები და საკონფერენციო მოხსენებები. აღნიშნული თემა ბევრი სტუდენტისათვის აღმოჩნდა პრობლემური, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობა პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ ზემოხსენებული საკითხი ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცო, გაგვეჟღერებინა – თუ როგორ ვითარდებოდა პროტესტი და რა შედეგებს მიაღწია. მოცემული საკითხი აქტუალურია იმ მხრივაც, რომ გვიჩვენებს – თუ როგორ გარდაიქმნება ვირტუალური პროტესტი რეალობაში და როგორ ვრცელდება ის ფიზიკურ გარემოში, რასაც ჩვენ გარშემო ყოველდღიურად ვხვდებით“, – აღნიშნავს ნათია მამისაშვილი.
რა დასკვნა დადეს სტუდენტებმა, რომლებიც აღნიშნულ თემას იკვლევდნენ? – ამ კითხვაზელუკა დანელია გვპასუხობს: ,,კვლევის შედეგად ჩვენ გავედით ძირითად დასკვნებზე: კერძოდ, დავადგინეთ, რომ სოციალური ქსელი არის კარგი პლატფორმა პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, იდეის პოპულარიზაციისთვის, მხარდამჭერების შემოკრებისთვის, საწყის ეტაპზე პროტესტის დაორგანიზებისთვის. ვინაიდან მხოლოდ ვირტუალური პროტესტის შედეგად პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, საერთო იდეის გარშემო შეკრებილი საზოგადოება ფიზიკურ სივრცეში ინაცვლებს, რათა საკითხი მოგვარდეს. ფიზიკურ სივრცეში პროტესტის მასშტაბურობა გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღებას იქცევს და აიძულებს მათ პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების წამოწყებას, რაც, საბოლოოდ, წვლილების საწინდარია. აქედან გამომდინარე, ონლაინ პლატფორმებზე დაწყებული პროტესტის მეშვეობით შეიძლება ძალიან ეფექტური ფიზიკური პროტესტი მივიღოთ. თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქის გათვალისწინებით ხომ რთულია ხალხის ფიზიკურ სივრცეში მობილიზება სოციალური ქსელების, მედიაში პრობლემის გაშუქების გარეშე. აღნიშნული დასკვნები სტიპენდიების გაცემის ახალ წესთან დაკავშირებით სტუდენტთა პროტესტის შემთხვევაზე დაყრდნობით გამოვიტანეთ. მოგეხსენებათ, რომ პროტესტი თავდაპირველად სოციალურ ქსელებში პოსტებისა თუ კომენტარების საშუალებით წარიმართა. მალევე გადაინაცვლა ფიზიკურ სივრცეში, დაიწყო მოლაპარაკებების ეტაპი, რომელშიც ჩართული იყო უნივერსიტეტის რექტორი და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ქალბატონი სალომე დუნდუა. შედეგად, შეიქმნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც სტუდენტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი ცვლილებათა შესახებ გათვალისწინებული იქნა“.
სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ თემაზე მუშაობდნენ, იმედოვნებენ, რომ ზემოთ მოხსენიებული დოკუმენტი ძალაში უახლოეს მომავალში შევა და სტუდენტთა მოთხოვნები საბოლოოდ დაკმაყოფილდება.