წინასაახალწლო ვიზიტი თსუ-ს წარმატებულ კურსდამთავრებულთან გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში
თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ჟურნალისტს ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში უმასპინძლეს. წარმოგიდგენთ თსუ-ს წარმატებულ კურსდამთავრებულს – დავით აბესაძეს – რომელიც ახლა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის პოსტს იკავებს.
დავით აბესაძის კარიერა მრავალმხრივ დიპლომატიურ გამოცდილებას მოიცავს, ამიტომაც მისი პიროვნება და მიღწევები ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მან თსუ-ს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრაზე მიიღო (1999 და 2001 წელს). მეორე მაგისტრატურა კი, პოლიტიკის მეცნიერების სფეროში, ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში დაასრულა, ხოლო 2004 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (შემდგომში გათანაბრდა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხთან) მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან, დავით აბესაძესთან ჩავწერე, როგორც გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” კორესპონდენტმა.
– ბატონო დავით, უპირველესად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულ განათლებაზე გკითხავთ. აქ შეძენილი ცოდნა რამდენად გამოგადგათ თქვენს დიპლომატიურ კარიერაში?
– მოგესალმებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა არ არსებობდა. როდესაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, საზღვარგარეთის ქვეყნების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. იმ დროს ამგვარი კადრების ნაკლებობა იყო, რაც, დიდწილად, მაშინ სწორედ თსუ-ს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრამ შეავსო (იმჟამად მას ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრა ერქვა). საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იმ პერიოდში პირველ ქართველ დიპლომატებს შორის მრავლად აღმოაჩენთ ამ კათედრის კურსდამთავრებულებს, რაც ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, განსაკუთრებით მაშინ, უდიდესი სტიმული იყო და დღესაც ასეა.
თსუ-მ მოგვცა გეოგრაფიის სიღრმისეული ცოდნა, რაც პოლიტიკური პროცესების ანალიზისთვის უცვლელი და საიმედო საფუძველია. პოლიტიკა ცვალებადია, გეოგრაფია კი – ფაქტობრივად მუდმივი; მაგალითად, ჩვენ ვერ ვიცვლით მეზობელ სახელმწიფოებს, რელიეფს და ა.შ. შესაბამისად, საგარეო და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას დიპლომატისთვის ამგვარი საბაზისო ცოდნის არსებობა უაღრესად სასარგებლოა.
– საერთაშორისო გამოცდილების დაგროვების საშუალება თუ მოგცათ თსუ-მ?
– ჩვენი კათედრა იმ იშვიათთაგანი იყო, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდეც ჰქონდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან გარკვეული გაცვლითი პროგრამების ტრადიცია. ამ მხრივ, მახსოვს, ამ სფეროში უაღრესად წარმატებული მრავალი ისეთი ლექტორი გვყავდა, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ ამ პროგრამებში მონაწილეობის გზით საზღვარგარეთის ქვეყნებში სწავლის და, შესაბამისად, მათი კულტურის პირველწყაროდ შესწავლის გამოცდილება, რაც გეოგრაფისთვის მნიშვნელოვანია. კათედრაზე არსებული ეს ტრადიცია, გამოცდილება და, შესაბამისად, კონკრეტული მაგალითები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რათა მეტი ენთუზიამით მეც მეცადა ამგვარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. საზღვარგარეთ სწავლის პირველი ასეთი შესაძლებლობა პრაღაში, კარლოსის უნივერსიტეტის ბაზაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა მომცა (მათ მიერ გამოყოფილი სტიპენდიის საფუძველზე). ამაში კი თსუ-ს ლექტორების სარეკომენდაციო წერილები ძალიან დამეხმარა. პრაღაში გავიარე დაახლოებით ერთთვიანი კურსი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე ლექციებს ჯორჯთაუნისა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტების პროფესორებისგან ვისმენდი. ამან გზა გამიხსნა, რომ მოგვიანებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში და შემდეგ უკვე აშშ-ს სხვა უნივერსიტეტების ბაზაზე მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა სასაწავლო პროგრამაში.
უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ კი, როგორც აკადემიური პერსონალი, ერთი წლით მკვლევრად ვიმყოფებოდი აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით). მანამდე, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, შემდეგ კი თსუ-ს საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე, როგორც ასისტენტ-პროფესორი, ლექციებსაც ვკითხულობდი.
– რა კარიერული გზა და ეტაპები გაიარეთ, როგორც დიპლომატმა?
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2005 წელს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში დავიწყე. შემდეგ ვმუშაობდი სამინისტროს როგორც ევროინტეგრაციის, ასევე პოლიტიკურ დეპარტამენტში. სამინისტროში (დაახლოებით) ხუთი წლის მუშაობის შემდეგ, საზღვარგარეთ ჩემი პირველი დიპლომატიური როტაცია ბრიუსელში, ევროკავშირთან საქართველოს მისიაში შედგა. ეს მისია ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ორმხრივ ურთიერთობებსაც ფარავდა. ეს იყო პერიოდი, როცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტენსიურად მიმდინარეობდა ასოცირების შეთანხმებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობა, რაც შემდგომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წინაპირობა გახდა.
შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, რასაც თითქმის წელიწადნახევარში მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში სამუშაოდ დიპლომატიური როტაცია. აშშ-ში როტაციის დასრულების მერე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში ორწლიანი მუშაობის შემდეგ გადავედი (დიპლომატიური როტაციით) ნიუ-იორკში გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში სამუშაოდ, სადაც ამჟამად გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ვარ.
– რა არის გაეროში საქართველოს მისიის მთავარი პრიორიტეტები და გამოწვევები?
– გამოწვევები, სამწუხაროდ, მრავალია. უპირველესი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაა. ამ თემაზე მუშაობას დიდი ძალისხმევა მიაქვს. გაერო, სადაც 193 ქვეყანაა წარმოდგენილი, უზარმაზარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი და ხილვადი ტრიბუნაა, რომლის გამოყენებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ – იქნება ეს განცხადებების გაკეთება, თავად გაეროსთან, როგორც ორგანიზაციასთან და მის წევრ ქვეყნებთან მუშაობა, რეზოლუციების, განცხადებებისა თუ სხვა სახის დოკუმენტების შემუშავება და მიღება ა.შ.
გაეროს ფარგლებში გვაქვს ეროვნული ინიციატივები, მათ შორის, რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად წარვადგენთ. ჩვენი მიზანია, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა, რაც გაეროს წევრ ქვეყნებთან ინტენსიურ მუშაობას მოიცავს და რეზოლუციის მხარდაჭერის ზრდა გამოგვდის კიდეც – მაგალითად, 2023 წელს რეზოლუციას გაეროს წევრმა 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 2024 წელს – 104-მა ქვეყანამ, 2025 წელს კი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
პარალელურად, აქტიურად ვართ ჩართულნი გლობალურ საკითხებზე მუშაობის პროცესებში, მაგალითად, მდგრადი განვითარების, გაეროს რეფორმირებისა და სხვა მრავალ საკითხზე. მოკლედ რომ შევაჯამო, ჩვენი უმთავრესი მიზანი ორმხრივია: ერთი მხრივ, მაქსიმალურად მოვახდინოთ გაეროს ფორმატის ეროვნული ინტერესების დასაცავად გამოყენება, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი საკუთარი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო თანამეგობრობის გაუმჯობესებაში.
– 2026 წელი გვიახლოვდება… რას უსურვებდით თქვენს ალმა მატერს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომავალში?
– თსუ-ს მყარი საფუძველი აქვს თავისი მდიდარი წარსულის, ტრადიციის, წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მრავალი მნიშვნელოვანი წარმატების სახით. დღეს, როცა განათლების სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების და, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე გარდატეხის ტექტონიკურ პერიოდს გადის, მჯერა, რომ თსუ ამ გამოწვევების წარმატებით გადალახვასა და წარმოქმნილი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებას შეძლებს.
P.S. ინტერვიუ ჩაწერილია აშშ-ში, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში. მანამდე, ჩვენმა რესპონდენტმა გიდობა გამიწია და დამათვალიერებინა გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი და ასევე უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზის ის ნაწილიც კი, სადაც შესვლა ყველა ვიზიტორისთვის ნებადართული არ არის. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დავათვალიერე გაეროს მთავარი ორგანოებისა და კომიტეტების სამუშაო სივრცეები, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაეროსათვის ნაჩუქარი ძვირფასი ექსპონატები, მათ შორის, საქართველოს მიერ გაეროსთვის გადაცემული ოფიციალური საჩუქარი – „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი (საგანგებოდ მოჭედილი ყდით), რომელიც გაერო-ს სათაო ოფისში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ადგილზე – უშიშროების საბჭოს დარბაზთანაა განთავსებული.
გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი” მომავალშიც გააგრძელებს მკითხველისთვის თსუ-ს წარმატებული კურსდამთავრებულების გაცნობას.
