რით გაამდიდრეს თსუ-ს კურსდამთავრებულმა მხატვრებმა ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი იუბილე

თარიღი: 2026-05-01 17:25:51

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ მხატვართა ნამუშევრების გამოფენითაც აღინიშნა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული. მხატვართა ნამუშევრების გამოფენა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა, რომელიც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ შემოქმედთ დასამახსოვრებელი სიტყვით მიესალმა. ღონისძიებას, რომელიც თსუ-ს ბიბლიოთეკისა და ,,ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის” ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, თსუ-ს პროფესორები, თავად მხატვრები, სტუდენტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

,,ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყვნენ ავტორები, რომლებმაც სხვადასხვა დროს განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღეს; მათგან ნაწილმა მოგვიანებით პროფესიული მიმართულება შეცვალა და თავი სრულად მიუძღვნა სახვით ხელოვნებას. გამოფენაში მონაწილე მხატვრები ფართო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახელებია – მათ არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ ექსპოზიციაში მიუღიათ მონაწილეობა და თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში საკუთარი ადგილი აქვთ დამკვიდრებული. აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ცნობილი მხატვრისა და მეცნიერის, გოგი უციშვილის ნამუშევრები. ბატონი გოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ასევე გამოიფინა ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის, გოგი ოჩიაურის შემოქმედება, რომელიც ასევე თსუ-ს კურსდამთავრებულია. ეს ორი ავტორი განსაკუთრებით იმიტომ გამოვყავით, რომ ისინი დღეს უკვე ჩვენს შორის აღარ არიან. გამოფენაზე 27 მხატვრის 70-მდე ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რამაც საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნვია, რომ ექსპოზიცია მნიშვნელოვნად და საინტერესო აღმოჩნდა როგორც უნივერსიტეტის, ისე თავად მხატვრებისთვის – კურსდამთავრებულთა დაბრუნება მშობლიურ კედლებში მათთვის ემოციური და ამაღელვებელი იყო“, – აღნიშნავს თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი.

ივანე ჯავახიშვილზე ახალი პორტრეტი იქმნება

,,უნივერსიტეტი ჩემთვის არის სალოცავი! ყოველთვის ასეთი განწყობით ვიყავი, ვიმყოფებოდი მის კედლებსა თუ გარეთ! დღემდე ალტერნატივა არ აქვს მას და უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, რომ მისი კურსდამთავრებული ვარ! აბიტურიენტობისას მირჩევდნენ – სხვაგან ჩაბარებაზე მეფიქრა, მაგრამ სულ ვამბობდი – ან აქ, ან არსად! აღმოსავლური ფაკულტეტიც არ იყო შემთვევითი არჩევანი – ჩვენი ბევრი კორიფეც ხომ აღმოსავლეთმცოდნეა და იქაური კულტურა ჩვენ, ქართველებმა, კარგად უნდა ვიცოდეთ, რათა ჩვენი მეტად დავაფასოთ! უნივერსიტეტის სტამბაშიც შემთხვევით არ გადამიწყვეტია მუშაობა – მინდოდა, ვყოფილიყავი ამ კედლებში ყველანაირი სტატუსითა თუ რანგით! ეს ხომ ის ადგილია, სადაც ჩვენი დიდებული მეცნიერები დააბიჯებდნენ“, – ასე გვიზიარებს თავის ემოციებს ცნობილი მხატვარი ხათუნა ფერაძე, რომელმაც გამოფენისთვის სპეციალურად შექმნა ახალი ტილო  – „ვაჟა“. იგი აპირებს ივანე ჯავახიშვილის პორტრეტის დახატვასაც და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის მის გადაცემას.

,,მე თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის მიმართულების კურსდამთავრებული ვარ. უნივერსიტეტელობა ჩემთვის, პირველ რიგში, ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების ტრადიციების ერთგულებას და განვრცობას ნიშნავს. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რა მოგვცა თსუ-მ, არამედ ისიც, რისი გაღება შეგვიძლია თსუ-სთვის“, – ამბობს მხატვარი მაია ავლოხაშვილი, რომელმაც თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა „ყაჯარული სერია“ (6 ნამუშევარი) და მაიკო ორბელიანის პორტრეტი. იგი თვლის, რომ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს თავისი (და არა მარტო) კურსდამთავრებულების ნამუშევრები მომავალი თაობისთვის საჩვენებლადაც.

,,რა არის ჩემთვის უნივერსიტეტელობა? – ეს კითხვა ბევრჯერ დამისვამს ჩემი თავისთვის. ვფიქრობ, უნივერსიტეტელობა, პირველ რიგში, არის უდიდესი პატივი და, ამასთან, უდიდესი პასუხისმგებლობა. გამიმართლა, რომ უნივერსიტეტელების ოჯახში დავიბადე და სულ პატარა ასაკიდან ვგრძნობდი ბებიის, ბაბუის, დედის და მამის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი. ბაბუა – მალხაზ ზაალიშვილი უნივერსიტეტში ბიოფიზიკის მიმართულების შემქმნელი და სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი გახლდათ, ბებია – შურა გველესიანი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი და მრავალი თაობის აღმზრდელი იყო. ჩემთვის უნივერსიტეტელობა იმ ღირებულებების ერთობლიობაა, რამაც დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. ჩემი აკადემიური საქმიანობისას (თბილისის სამხატვრო აკადემიაში) ყოველთვის მახსოვს, რომ ორგზის უნივერსიტეტელი ვარ, ორიენტირებული ვარ თითოეული სტუდენტის განვითარებაზე და განუხრელად ვიცავ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპს“, – აღნიშნავს ქეთევან კობახიძე, რომლის ნამუშევრებმაც გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მხატვარს, ფერმწერსა და ჟურნალისტს ქეთევან კობახიძეს ძალიან მოეწონა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნახატების გამოფენის იდეაც და შემდგომ მისი განხორციელებაც. მან თსუ-ს ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულება 2006 წელს დაამთავრა, 2007 წელს კი – თსუ-ს ფინანსების სპეციალობა. 2010-2026 წლებში 20-ზე მეტი ჯგუფური გამოფენის მონაწილე იყო საქართველოსა და საზღვარგარეთ. აღსანიშნავია მისი პერსონალური გამოფენა 2023 წელს ,,Silk Factory Studio. აბრეშუმის გალერეა“ (თბილისი). ქეთევან კობახიძე ეროვნული მოძრაობის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კობახიძისა და პროფესორ თამარ ზაალიშვილის ქალიშვილია, რომლის დედმამიშვილიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ.  გამორჩეული ოჯახის შვილობა ქეთევანს კიდევ მეტ პასუხისმგებლობას სძენს – იყოს ნამდვილი უნივერსიტეტელი.

გამოფენაზე, როგორც თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, მხატვარ გოგი ხუციშვილის ნამუშევრებიც მოხვდა. გოგი ხუციშვილი თსუ-ს პროფესორის, ქეთევან ხუციშვილის მამაა, რომლის გახსენებისთვისაც იგი დიდ მადლიერებას გამოხატავს: ,,ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გარდაცვალებიდან წლების შემდეგაც ახსოვთ და პატივს სცემენ მამას. მისი ნამუშევრების ხილვა საგამოფენო სივრცეში ფართო აუდიტორიის წინაშე მისი სიცოცხლის გაგრძელებაა“.

. . .                        

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტელი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის: გოგი ხუციშვილი, რეზო ესაძე, გოგი ოჩიაური, თამარ ხარაბაძე, ლულუ დადიანი, იდა ოცხელი, რუსუდან ხანთაძე-ანდრონიკაშვილი, მედეა იმერლიშვილი, რომან კუპრეიშვილი, დავით გაგოშიძე, ქეთევან კობახიძე, დავით სილაგაძე, მაია ავლოხაშვილი, ანდრო ამბარცუმიანი, მარიამ ჭილაშვილი, ნინა ვადაჩკორია, ნატო ბაქრაძე, ხათუნა ფერაძე, თამარ ლომიძე, თიკო კობახიძე, უტა გვიმრაძე, თამილა არიშვილი, ინგა ამირიანი, ირმა ბიბილური, ილია ჭრელაშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ლევან ყიფიანი. ღონისძიების ფარგლებში გამოიცა მონაწილე მხატვართა ნამუშევრების კატალოგი.

გამოფენის გახსნაზე თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ნათქვამი  მართლაც ახდა. მან ასეთი ფრაზებით დაასრულა თავისი გამოსვლა: „გამოფენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რა პროფესიითაც არ უნდა განვითარდეს თსუ-ს კურსდამთავრებული, ის უნივერსიტეტთან კავშირს არასდროს წყვეტს“… და მართლაც, მხატვრები, რომლებიც თავიანთი პროფესიით დღეს სხვაგან არიან დასაქმებულნი, უნივერსიტეტს და ივანე ჯავახიშვილს არასდროს ივიწყებენ. ამიტომაც იყო მათი ნამუშევრების გამოფენის დღე დღესასწაული უნივერსიტეტის დამაარსებლისთვის, რომლის ახალ პორტრეტსაც მალე ვიხილავთ.  

Facebook
Twitter
LinkedIn