ქეთევან კუპატაძე: „მადლიერი ვარ იმით, რაც მაქვს, თუმცა არასდროს  ვკმაყოფილდები მიღწეულით“

თარიღი: 2024-03-06 13:25:20

ქეთევან კუპატაძემ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაშინვე დაიწყო ფიქრი ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებაზე. ოცნების ასრულებისთვის ბევრი იშრომა და დღეს ის ვილნიუსში, მიკოლოს რომერის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. რა გზა გაიარა თბილისიდან ვილნიუსამდე – გამოცდილებას ქეთევანი გვიზიარებს:

– საბაკალავრო პროგრამაზე ფეხის შედგმიდან მქონდა დიდი სურვილი ვყოფილიყავი აქტიურად ჩართული სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ პროექტში, რათა ჩემი ბავშვური ოცნება რეალობად მექცია.  ამასთანავე ვცდილობდი, გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რასაც ეს სივრცე  მაძლევდა. ამიტომაც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის სპეციალობაზე ჩაბარების შემდეგ, დამატებით სპეციალობად ავირჩიე ჟურნალისტიკა.

სწავლის პარალელურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ვიყავი რამდენიმე მათგანის თანაორგანიზატორი. მუდმივად ვცდილობდი, გამეფართოებინა თვალსაწიერი და ამასთანავე სოციალური კაპიტალი, რომელმაც სამომავლოდ დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ დრო იყო, სისრულეში მომეყვანა ის დიდი მიზანი, რომლის გამოც წლები ვშრომობდი. ჩამებარებინა სრული დაფინანსებით სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვდა ემოციურ სიძლიერეს, რადგან ეს არის გზა, სადაც ძალიან ბევრჯერ შესაძლოა დამარცხდე.

უამრავი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე, საბუთები შემეტანა ვილნიუსში, მიკოლოს რომერის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ამასთანავე, ვიცოდი, რომ უნივერსიტეტი არ აფინანსებდა საერთაშორისო სტუდენტებს, თუმცა ლიეტუვას ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი, რის საფუძველზეც აირჩეოდა და დაფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელი.

თავდაპირველად აპლიკაცია შევავსე MykolasRomeris University-ში, სადაც დამჭირდა ამეტვირთა:

  • სკანირებული დიპლომი;
  • ჩემს შესახებ ზოგადი ინფორმაცია;
  • ენის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • CV.

ჩემი აპლიკაციის განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე, უნივერსიტეტისგან მივიღე მიღების წერილი, შესაბამისად, დრო იყო საბუთები შემეტანა ქვეყნის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც დამჭირდა:

  • უნივერსიტეტისგან მიღების წერილი;
  • ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ვადასტურებდი, რომ არ მქონდა გავლილი სამაგისტრო პროგრამა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ჩემს შესახებ ზოგადი ინფორმაცია.

მაქსიმალურად ვეცადე, ჩემი სამოტივაციო წერილი ყოფილიყო ჩემი სავიზიტო ბარათი, რომელიც იქნებოდა ყველასგან განსხვავებული და მკითხველს მოაქცევდა ზეგავლენის ქვეშ. მე ის უნდა დამერწმუნებინა, თუ რატომ ვიმსახურებდი კონკრეტულ სტიპენდიას და რამდენად მნიშვნელოვანი კანდიდატი ვიყავი მათთვის.

საბოლოოდ, შევძელი და დღეს ამ წერილს ვილნიუსიდან გწერთ.

სწავლა საზღვარგარეთ, უცხოურ უნივერსიტეტში, არის ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შეუძლებელია გამოცადო საკუთარ ქვეყანაში. განსხვავება ადგილობრივ და საერთაშორისო ქვეყნის სწავლის მეთოდებს შორის არის საკმაოდ დიდი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე უკეთესია. მაგალითად, საქართველოში ფორმალური განათლება უფრო მეტად თეორიულ ცოდნაზე არის კონცენტრირებული, მაშინ, როცა ჩემს კონკრეტულ უნივერსიტეტში გვაქვს მეტი პრაქტიკა და, ხშირ შემთხვევაში, მწირი თეორიული მასალა, რასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ის გზა, რასაც გადიხარ სხვა ქვეყანაში, სრულიად დამოუკიდებლად, გზრდის პიროვნულად და გივითარებს იმ უნარებს, რასაც გაცილებით დიდი დრო სჭირდება მშობლიურ ქვეყანაში.

ჩემი ცხოვრებისეული დევიზია, ვიყო მადლიერი ვარ იმით, რაც მაქვს, თუმცა არასდროს დავკმაყოფილდე და მუდმივად ვიდგე განვითარების გზაზე. სწავლის პირველივე სემესტრში, შევავსე აპლიკაცია ერასმუსის გაცვლით ერთ სემესტრიან პროგრამაზე. შესაბამისად სწავლას შემდეგი სემესტრი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში განვაგრძობ, რაც იქნება კიდევ ერთი ახალი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება. მჯერა შევძლებ ჩემი ცოდნის  რეალიზებას. მათ კი, ვინც ახლა იმ „რთულ“ გზას გადის, მინდა წარმატება ვუსურვო.

არასდროს დანებდეთ, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და იცოდეთ, რომ მარცხი არის გზა თქვენი წარმატებისკენ.

Facebook
Twitter
LinkedIn