რა ღონისძიებებს გვთავაზობს თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

თარიღი: 2022-12-23 17:12:17

თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საქმიანობა ორიენტირებულია სტუდენტების მრავალფეროვანი სპორტულ-კულტურული ცხოვრების განვითარებაზე. მართალია პანდემიამ  და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საქმიანობა რამდენადმე შეაფერხა, მაგრამ ამ გამოწვევებს  ღირსეულად შეხვდნენ თსუ-ს სპორტსმენები და შემოქმედებითი კოლექტივები. დღეს უკვე მათ ანგარიშზე ბევრი წარმატება და  საინტერესო  ღონისძიებაა.  თუ როგორ გაგრძელდა თსუ-ს სპორტულ-კულტურული ცხოვრება  პანდემიის  დასრულების შემდეგ და  რა წარმატებებს მიაღწიეს თსუ-ს სპორტსმენებმა თუ ხელოვანებმა, ამის შესახებ გვესაუბრება  კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თორნიკე ცინაძე:

პანდემიის პერიოდი ნამდვილად რთული იყო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისათვის, რადგან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ გვაძლევდა ჩვენთვის ტრადიციული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. დეპარტამენტის საქმიანობა ამ პერიოდში მიმართული იყო პროფესიონალური გუნდების მიმართ და საუნივერსიტეტო კულტურული ღონისძიებების გამართვა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახლდათ.

პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურად დავიწყეთ სტუდენტებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში გავმართეთ პირველი ღონისძიება, რომელიც მართლაც დასამახსოვრებელი გახლდათ სტუდენტებისთვის, ხოლო შემოდგომის სემესტრის პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიება – ე.წ. „Welcome Party” – იყო ნამდვილი ზეიმი, რომელსაც რეკორდული რაოდენობის ბენეფიციარი, დაახლოებით 15000 სტუმარი დაესწრო. უნივერსიტეტმა განაახლა სამოყვარულო სპორტული კლუბების ოპერირებაც, რომელშიდაც ჩაერთო სტუდენტების დიდი ნაწილი.

კულტურის პროექტების მიმართულებით, მიმდინარე წელს ჩავატარეთ 2 მასშტაბური ღონისძიება. ასევე, უნივერსიტეტის ანსამბლმა გამართა რამდენიმე ტურნე საზღვარგარეთ, სადაც ქართული ცეკვის კულტურა უმაღლეს დონეზე გააცნო საერთაშორისო საზოგადოებას. სრულად აგრძელებენ საქმიანობას უნივერსიტეტში არსებული სხვა სახელოვნებო ჯგუფებიც, იქნება ეს თეატრი, კაპელა, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი თუ სხვა.

გასულ სეზონში წარმატებები გვქონდა სპორტშიც. დაძაბული სეზონის მიმდინარეობისას უნივერსიტეტის კალათბურთის პროფესიონალური გუნდი „ს.კ. თსუ“ ნახევაფინალში გავიდა და დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ფუტსალის სტუდენტური გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს უნივერსიადა  პირწმინდად მოიგო. აღსანიშნავია, რომ უნივერსიადაზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს უნივერსიტეტის ფრენბურთის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმაც.

რაც შეეხება უახლოეს წინასაახალწლო გეგმებს, ამაზე შემიძლია გიპასუხოთ შემდეგი:  უახლოეს მომავალში ორგანიზებას გავუწევთ საუნივერსიტეტო საახალწლო ღონისძიებას, რომელიც ასევე დასამახსოვრებელი იქნება სტუდენტებისათვის. დაგეგმილი გვაქვს არაერთი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება, რომელთა მასშტაბები განსხვავებული იქნება, თუმცა ყველა მათგანი იქნება უმაღლეს დონეზე ორგანიზებული და წარმატებული.

 28 დეკემბერს monohall-ში დაგეგმილია უნივერსიტეტის საახალწლო წვეულება, ე.წ. New Year Party, რომელსაც დაესწრება უნივერსიტეტის რამდენიმე ათასი სტუდენტი. 

29 დეკემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი, რომელსაც ექნება საქველმოქმედო დატვირთვა. ანსამბლი ეხმარება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტს ანა ჩეკურიშვილს. 

4-5 იანვარს, ასევე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართება ტრადიციული ღონისძიებები უნივერსიტეტის თანამშრომელთა შვილებისათვის. უნივერსიტეტის თეატრალური დასი ,,სხვენი” გამართავს სპექტაკლებს, გვეყოლება ანიმატორები და დავასაჩუქრებთ ბავშვებს. 

6 იანვარს თეატრალური დასი ,,სხვენი” სკოლის მოსწავლეებისათვის დადგამს სპექტაკლს სააქტო დარბაზში. 

Facebook
Twitter
LinkedIn