„კულტურათაშორისი დიალოგები“  შემოდგომის თელავში

თარიღი: 2023-11-08 14:09:42

ოქტომბრის ბოლოს თელავში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „კულტურათაშორისი დიალოგები“ გაიმართა, რომელიც  იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდა.

„აღსანიშნავია, რომ   „კულტურათაშორისი დიალოგები“  ფართო  პროფილის კონფერენციაა   საინტერესო და დატვირთული პროგრამით. წელს შემოდგომის თელავში  კულტურათაშორისი დიალოგი ნამდვილად შედგა. ამის დასტურია ქართველი და უცხოელი მეცნიერების  ერთობლივი მუშაობა კონფერენციის ფარგლებში, სიახლეების გაზიარება და მსჯელობა  პრობლემურ საკითხებზე, კულტურულ ღონისძიებებში  მონაწილეობა, რაც  მნიშვნელოვნად  უწყობს ხელს  მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას, კვლევის შედეგების ფართოდ გავრცელებას“, – განაცხადა თსუ-ს ახალი ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თსუ-ს პროფესორმა  რამაზ ქურდაძემ.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მაია ლომიას ინფორმაციით,  თელავმა უკვე  მეშვიდედ უმასპინძლა ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც ორ წლიწადში ერთხელ იმართება. საკონფერენციო მოხსენებები  სრულად  გამოქვეყნდა კონფერენციის  შრომების კრებულში, რომელსაც მინიჭებული აქვს როგორც საერთაშორისო ბეჭდური (ISSN) და ელექტრონული (E-ISSN) სერიული ნომრები, ასევე ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი (DOI). შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

Facebook
Twitter
LinkedIn