კოვიდპანდემია და საქართველო – ანთროპოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია თსუ-ში
30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფუნდამენტური კვლევის – „საქართველო და კოვიდპანდემია: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა“ – გამოცემების პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
კვლევის შედეგად გამოიცა ორი წიგნი. პირველი მონოგრაფია აერთიანებს სამეცნიერო სტატიებს, რომლებიც საქართველოში კოვიდპანდემიის პერიოდში მიმდინარე სოციალურ, კულტურულ და ყოველდღიური ცხოვრების ტრანსფორმაციებს, საზოგადოების ადაპტაციის ფორმებსა და ახალ გამოწვევებს განიხილავს. მეორე გამოცემაში თავმოყრილია პანდემიის პერიოდისა და პოსტპანდემიური დროის დღიურები, ინტერვიუები, საველე ჩანაწერები და პირადი ნარატივები, რომლებიც ახალი რეალობის ადამიანურ გამოცდილებას ასახავს.
პრეზენტაციაზე ანთროპოლოგიის დოქტორმა თეა ქამუშაძემ, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ფუნდამენტურ პროექტებს ხელმძღვანელობდა, ვრცლად ისაუბრა ამ წიგნების შექმნის საჭიროებაზე და აუცილებლობაზე. საუბარი წარიმართა კვლევის პროცესში გამოვლენილ სირთულეებსა და შესაძლებლობებზე, ანთროპოლოგიური კვლევის პრაქტიკულ და თეორიულ გამოწვევებზე, პანდემიის შესახებ ცოდნის შექმნისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.
„კოვიდპანდემია ერთ-ერთ იშვიათ გლობალურ გამოცდილებად იქცა, რომელმაც ერთდროულად შეცვალა დროის, სივრცის, სხეულის, ურთიერთობებისა და ცოდნის შესახებ ჩვენი წარმოდგენები. პანდემია არ ყოფილა მხოლოდ ბიომედიკური კრიზისი, ის იყო სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და მორალური გამოცდა, რომელმაც ნათლად აჩვენა, თუ როგორ ფუნქციონირებს საზოგადოება გაურკვევლობის, შიშისა და იძულებითი ცვლილებების პერიოდში. ამ კონტექსტში ანთროპოლოგიური ხედვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კრებული „კოვიდპანდემია და საქართველო“ (ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა) წარმოადგენს მცდელობას – პანდემია გავიაზროთ არა როგორც დასრულებული მოვლენა, არამედ, როგორც პროცესი, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ქართულ საზოგადოებაზე. წიგნში თავმოყრილი კვლევები ეფუძნება განსხვავებულ საველე გამოცდილებებს, მეთოდოლოგიურ მიდგომებსა და თემატურ ფოკუსებს, თუმცა მათ აერთიანებს საერთო ამოცანა, პანდემიის ყოველდღიურობის ანთროპოლოგიური გააზრება ლოკალურ, ქართულ კონტექსტში.
ვიმედოვნებთ, რომ ნაშრომი საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც მკვლევრებისთვის ისე სტუდენტებისთვის და იმ მკითხველისთვის, ვინც ცდილობს გაიაზროს, რა დაგვემართა, როგორ გამოვიარეთ პანდემია და რას გვასწავლის ეს გამოცდილება ჩვენი საზოგადოების შესახებ“, – აღნიშნა წიგნებზე საუბრისას თეა ქამუშაძემ.
წიგნში, „კოვიდპანდემია და საქართველო“ (ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა) შესულია თეა ქამუშაძის, თამარ ანთაძის, თამილა კოშორიძის, გიორგი ჭეიშვილის და ქეთევან ხუციშვილის სტატიები, რომლებშიც პანდემიის მოვლენები სხვადასხვა ჭრილშია განხილული. წიგნის რედაქტორები არიან დოქტორები: ლავრენტი ჯანიაშვილი და თინათინ ღუდუშაური.
მეორე კრებულის „კოვიდპანდემია და საქართველო“ (ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა) რედაქტორის, მაია ცერცვაძის ინფორმაციით, წიგნში სხვადასხვა ასაკის, განათლების, პროფესიის, მისწრაფებების ადამიანები პანდემიისდროინდელ პირად და ოჯახურ, ახლობელ – შორებელთა ყოფით ამბებს, ემოციებს გვიზიარებენ. „როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება და დღის წესრიგი, სოციალური გარემო, რამდენად ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან, ვინ, ან რა დაეხმარათ ამ პრობლემების დროს, როგორ ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ თუ სწავლობდნენ, თუ ჰქონდათ ძველებურად განტვირთვის, გართობის, სიხარულის განცდის სურვილი და შესაძლებლობა – ამ პანდემიისეული რეალიების ფონზე იშლება თხრობა წიგნში. შემთხვევითი არ არის, რომ რედაქტირებისას ტექსტების ავტორთა თხრობის სტილი მეტი ავთენტიკურობისათვის თითქმის უცვლელად დავტოვეთ. დროის გასვლასთან ერთად, ეს ტექსტებიც მკითხველს ამ მძიმე პერიოდის საქართველოში ამოგზაურებს, “ – ამბობს წიგნის რედაქტორი დოქტორი მაია ცერცვაძე.
წიგნში შესულია პანდემიის პერიოდში შექმნილი ჩანახატები, ლექსები, ჩანაწერები, დღიურები, ინტერვიუები და სხვა საინტერესო მასალა.
ორივე წიგნის გარეკანის დიზაინის ატორია გიორგი ვახტანგაშვილი
