,,ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა – დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში” – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ მედიცინის ფაკულტეტზე
2024 წლის 23 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა – დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში” გახსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან.
გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მედიკოსები ორი დღის განმავლობაში თსუ-ში საუბრობდნენ თანამედროვე მიღწევებსა და საერთაშორისო ტენდენციებზე ტრანსლაციურ ბიომედიცინაში, დიგიტალიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე. მათ აუდიტორიას გააცნეს უახლესი ინფორმაცია სამედიცინო ვიზუალიზაციასა და კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე, დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე ქირურგიასა და ტრანსპლანტაციაში, ინოვაციებზე სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის, როგორც საქართველოში სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი კერის, მისიაა სამედიცინო დარგის პროფესიონალებისა და მკვლევრების აღზრდა, ასევე, საერთაშორისო ჯანდაცვისა და სამედიცინო-სამეცნიერო აზრის განვითარებაში მონაწილეობის მიღება. „ბიო-სამედიცინო მიმართულების სამეცნიერო კვლევების განვითარება საჭიროებს ინფორმაციის პერმანენტულ განახლებას, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ინტერნაციონალიზაციის ხარისხის, განსაკუთრებით კი სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდა“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიებაზე იენის უნივერსიტეტის პროფესორს, ინგო რუნებაუმს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადაეცა. პროფესორი ინგო რუნებაუმი 2022 წლიდან არის თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი. მისი ინიციატივით განხორციელდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მეცნიერ-თანამშრომლების სტაჟირება იენის საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტებში. მისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს იენის ქალთა საავადმყოფოში თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა, უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება და საუკეთესო ინდივიდუალური გადაწყვეტილებების პოვნა, რომლებიც აუმჯობესებენ პაციენტების ცხოვრებას.
,,მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობს 20-მდე მომხსენებელი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათგან უმრავლესობა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე შექმნილი მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრია, მათი საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას“, – აღნიშნა თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი კორძაიამ.
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები მონაწილეობენ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) რეკომენდაციების შესაბამისი თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების იმპლემენტაციაში. ასევე, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელებაში სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგებში ჩართვაში, გარდა ამისა, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაში – საზღვარგარეთის საუნივერსიტეტო კლინიკებში; თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტთან ერთობლივი სადოქტორო პროგრამების (მათ შორის კოტუტელის პრინციპით) განხორციელებაში; თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე ლექციებისა და საგანმანათლებლო კურსების ჩატარებაში.
კონფერენციის გახსნას თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გაიმართა. კონფერენციას საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს სამედიცინო ტელეკომპანია „პულსი TV“.
გამოხმაურება
ოტო რინჰოფი (გოტინგენის უნივერსიტეტი, გერმანია):
– მე ვთანამშრომლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან 2021 წლიდან, როგორც ამ ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2022 წელს ამირჩიეს ამ საბჭოს თავჯდომარედ, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ფაკულტეტის ყოფილ დეკანთან, პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან ერთად შევიმუშავეთ ფაკულტეტზე სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობის გეგმა, რომლის რეალიზაციაც დაწყებულია. ამჟამად გრძელდება ეფექტური თანამშრომლობა ფაკულტეტის ახალ დეკანთან, პროფესორ მაია ბიწკინაშვილთან და მის გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ისინი დათანხმდნენ და სრულად იზიარებენ ჩემს შეხედულებას დიგიტალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვის მნიშვნელობის თაობაზე ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებში. მე, როგორც ამ მიმართულების სპეციალისტი და გოტინგენის უნივერსიტეტი, როგორც ამ მიმართულების ლიდერი ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით, მზად ვართ დავდგეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გვერდით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანების გაცვლითი ვიზიტები, და ერთობლივი პროექტების გეგმების შემუშავება. მანამდე, ვცდილობთ, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების უკეთ გაცნობიერებას დიგიტალიზაციის სფეროში ხელი შევუწყოთ ლექციებითა და შეხვედრებით. ეს კონფერენცია ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ზაალ კოკაია (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი):
– მრავალი წელია ვთანამშრომლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან. ეს უკვე მეორე საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც ტარდება ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრთა მონაწილეობით. კონფერენციაში მონაწილობას იღებს მრავალი გამოჩენილი მეცნიერი. მათი მოსმენა და მათთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა შესანიშნავი სტიმულია ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ექიმებისათვის.
მონაწილეობა მივიღე სექციაში, რომელიც ნეირომიმართულების კვლევებს შეეხებოდა. მის მუშაობაში ჩართული იყვნენ ამერიკელი, ესპანელი, გერმანელი მკვლევრები ისეთი დონის მოხსენებებით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ფორუმს დაამშვენებდა. განსაკუთრებით აღვნიშნავდი პროფესორ სალვადორ მარტინესის, მიგელ ერნანდესის უნივერსიტეტის (ესპანეთი) ნეირომეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის პრეზენტაციას.
მე და პროფესორი სააკ ოვსეპიანი ლონდონის უნივერსიტეტიდან, მონაწილეობას ვიღებთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის გრანტში, რომელიც დაფინანსებულია CIF-ის მიერ და რომელიც მიზნად ისახავს თბილისის სამ უნივერსიტეტში ნეირომეცნიერების სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ხელშეწყობას. თბილისში ჩემი ეს ვიზიტი ამ მიზნითაც იყო გამოყენებული. მე კონფერენციაზე პრეზენტაციით გამოვედი, პროფესორი ოვსეპიანი კი ლონდონიდან ჩაერთო.
ჰავიერ პადილო (სევილია, ესპანეთი):
– 10 წელიწადზე მეტია, რაც ვთანამშრომლობ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან და ამავე უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტთან. 2021 წლიდან ვარ ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი.
დიდი ხანია რაც ფაკულტეტის პროფესორებთან ერთად ვმუშაობთ რამოდენიმე პროექტზე, რომლებიც ეძღვნება ღვიძლისა და პანკრეასის ქირურგიას და ტრანსპლანტაციას ექსპერიმენტში, ასევე ღვიძლის პრეზერვაციას იმ საპერფუზიო ტუმბოს გამოყენებით, რომლებიც შექმნეს პროფესორებმა ნოდარ ხოდელმა და ზურაბ ჩხაიძემ. მე მქონდა პატივი, მასპინძლობა გამეწია თბილისის უნივერსიტეტის დელეგაციისათვის სევილიის უნივერსიტეტში. ამჟამად მედიცინის ფაკულტეტის დეკანატთან ერთად ვმუშაობთ სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე. ვფიქრობ, როგორც სევილიის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელს, შემიძლია მრავალი საინტერესო რამ ვუჩვენო ქართველ სტუდენტებს.
ამჟამად ვარ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტის თანახელმძღვანელი პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან ერთად. ახლო მეგობრობა მაკავშირებს პროფესორებთან – კილაძესთან, ლობჟანიძესთან, ხოდელთან, ჩხაიძესთან.
ვწუხვარ, რომ ამ ინტერვიუს მოცემა ინტერნეტით მიწევს, რადგანაც ვერ მოვახერხე თბილისში ჩამოსვლა მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამ კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი. ამიტომ მომიწია ჩემი პრეზენტაციის წარმოდგენა ონლაინ რეჟიმში. პრეზენტაცია ეხებოდა ღვიძლისა და პანკრეასის ქირურგიის და ტრანსპლანტაციის საკითხებს. მიხარია, რომ მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგანაც დისკუსია თითქმის ნახევარი საათი მიმდინარეობდა. ძალიან სიამოვნო იყო ის ემოცია, რომლითაც ქართველი კოლეგები და სტუდენტები შეხვდნენ ჩემს ეკრანზე გამოჩენას. დიდი მადლობა მინდა უთხრა კონფერენციის ორგანიზატორებს და გამოვთქვა რწმენა, რომ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო შეასრულებს თავის მისიას – ხელი შეუწყოს კვლევისა და სწავლის გაძლიერებას, ასევე ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციას.
დანიელ ჰენლი (ბალტიმორი, აშშ):
– ჩემთვის საკმაოდ რთული იყო ეს ვიზიტი, რადგანაც აქ ჩამოსვლა მომიწია რომიდან, სადაც მონაწილობას ვიღებდი ნევროლოგთა საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. 2021 წელს მე სიხარულით მივიღე ჩემი კოლეგების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, რომან შაქარიშვილის და ალექსანდრე ცისკარიძის მოწვევა, გავმხდარიყავი მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი. სამწუხაროდ, 2022 წელს პირველ კონფერენციაზე ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. დღეს აქ ვარ და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩემი პრეზენტაციით წარვდგარიყავი კონფერენციის მონაწილეების წინაშე.
დღეს მსოფლიოში ნევროლოგიის ბუმია, მატულობს ნერვული პათოლოგიები, იცვლება მათი მიმდინარეობა და პროგნოზი. აღნიშნულის გამო, სწორად იქნა გაკეთებული ფოკუსი ნევროლოგიაზე, რომელსაც მთელი სექცია მიეძღვნა.
გამაოცა სტუდენტთა მომზადების დონემ. რამოდენიმე ისეთი შეკითხვა დამისვეს, რომელთა შინაარსიც სტუდენტურს ბევრად აღემატებოდა.
ჩემი წვლილი, რაც მე შემიძლია შევიტანო მედიცინის ფაკულტეტის განვითარებაში, მოცემულ ეტაპზე ასე მესახება, გავხდე ფაკულტეტის საერთაშორისო ლექტორიუმის მონაწილე. მზად ვარ ყოველ სემესტრში ერთი დღე დავუთმო ონლაინ ლექციის და დისკუსიის ორგანიზებას სტუდენტთა და ფაკულტეტზე მოღვაწე იმ პირთა მონაწილეობით, რომლების ნევროლოგიით არიან დაინტერესებული.
ჰანს შლიტი (რეგენსბურგი, გერმანია):
– მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვსტუმრობდი 2023 წელს, საქართველოში გერმანიის საელჩოს მოწვევით, DAAD-ის პროგრამის ფარგლებში. ამ ვიზიტის დროს ჩავატარე საჯარო ლექცია ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის საკითხებზე. აქ გავიცანი პროფესორი დიმიტრი კორძაია და მედიცინის დოქტორი ლიკა სვანაძე, რომლებიც მუშაობდნენ HORIZON-ის საგრანტო კონკურსში წარსადგენ პროექტზე, რომელიც ეძღვნებოდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის/პრეზერვაციის პრობლემებს და რომელშიც მონაწილებდა ევროპაში ცნობილ ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ მაშინ მივიღე შეთავაზება. მონაწილეობა მიმეღო დღევანდელი კონფერეციის მუშაობაში და გავმხდარიყავი მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი.
კონფერეციაზე რამოდენიმე, ფრიად აქტუალური მიმართულებაა წარმოდგენილი. მათ შორის არის ტრანსპლანტაცია, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ტემპით ვითარდება საქართველოში. ამ მიმართულებების მოხსენებები წარმოადგინეს ისეთმა ცნობილმა მეცნიერება, როგორების არიან ტიერი ბერნი, ჰავიერ პადილო. საინტერესო მოხსენება ჰქონდა საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ გია თომაძეს. კონფერენცია მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
სამომავლო გეგმებზე რა შემიძლია გითხრათ: მზად ვარ ვიმსჯელოთ ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიციაციაზე, საინტერესოდ მეჩვენება დოქტორანტის ერთობლივი ხელმძღვანელობის იდეაც. რეალური ჩანს ტრანსპლანტაციისადმი მიძღვნილი ონ-ლაინ ლექტორიუმის ორგანიზება, თუმცა ამას, მიზანდასახული მუშაობა სჭირდება.