თსუ-ში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფენომენის კვლევა დაიწყო

თარიღი: 2023-10-18 17:10:45

,,კონსტრუქციული ჟურნალისტიკა ქართული სატელევიზიო ახალი ამბების პრიზმაში”, – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელშეწყობით ხორციელდება. ეს პროექტი კონსტრუქციული ჟურნალისტიკის სამეცნიერო კვლევას, მისი მეთოდების შესწავლასა და ჟურნალისტიკის ამ მეთოდის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი თინათინ მაჭარაშვილი, რომელმაც, ევროპის გამოცდილების მაგალითზე დაყრდნობით, ასევე, ქართული კონსტრუქციული ჟურნალისტიკის არსებობის იშვიათი მაგალითების გათვალისწინებით დაიწყო თემის კვლევა. სამეცნიერო პროექტში აკადემიურ პერსონალთან ერთად (თინათინ მაჭარაშვილი, ნათია სვანიძე, მანანა შამილიშვილი, მარი წერთელი)  ჩართულია სტუდენტებისგან შემდგარი გუნდიც – ორი სამაგისტრო,  ერთი საბაკალავრო და ერთიც სადოქტორო პროგრამებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პრაქტიკაში დანერგვისა და, მეტიც, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტად დაარსების მედროშე დანიაა. დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა ურლიკ ჰააგერუპმა შეამჩნია ტენდენცია, რომ ტელევიზია მაყურებელს კარგავდა, იკლებდა ნდობა მედიის მიმართ და მან  დაიწყო ფიქრი – როგორ დაებრუნებინა ეს ნდობა ჟურნალისტებისთვის. ჰააგერუპმა დატოვა თანამდებობა და გადაწყვიტა თავად ჩამოეყალიბებინა დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტი.

დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტთან საზოგადოებრივი მაუწყებელი 2021 წლიდან თანამშრომლობს. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო თინათინ მაჭარაშვილმა კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ელემენტების კვლევა ქართულ ტელემედია სივრცეში.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მსოფლიოს გამოცდილების მაგალითებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ ექსკლუზივსა და სენსაციას სთავაზობს მედია მომხმარებელს, მით მეტი შანსია ამბის ზედაპირული თხრობისა, შესაბამისად მაყურებელს რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებსაც ხშირად ახალი ამბების ჟურნალისტიკა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ პასუხობს.

,,კონსტრუქციული ჟურნალისტიკა ძალიან ახლოს დგას საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან, რადგან ამ მეთოდით მომუშავე ჟურნალისტი არ ხელმძღვანელობს ახალი ამბების მომზადების პრინციპით, იკვლევს საკითხს სიღრმისეულად და ეძიებს პრობლემის გადაჭრის გზებს”, – ამბობს თინათინ მაჭარაშვილი.

                                      განსხვავების არსი

როგორც აღვნიშნეთ, განსხვავება ახალი ამბების ჟურნალისტიკასა და კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეთოდს შორის ამბის სიღრმისეულ კვლევაში მდგომარეობს. თუკი ახალი ამბების ჟურნალისტს ევალება პასუხი გასცეს ჟურნალისტისათვის კარგად ნაცნობ ხუთ კითხვას (ვინ? რა? სად? როდის? რატომ?), კონსტრუქციული ჟურნალისტი დაკავებულია ამბის კვლევით და, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტის საქმიანობა უახლოვდება მკვლევრის საქმიანობას.

,,ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები წყვეტდნენ ტელევიზიის, როგორც ინფორმაციის წყაროს, გამოყენებას (პანდემიის პერიოდშიც კი, როცა თითქოს ყველაფერი პირიქით უნდა მომხდარიყო, იკლებდა მომხმარებლის რაოდენობა ონლაინ პლატფორმებიდანაც). სწორედ ამ გამოცდილებამ მიიყვანა ევროპის ქვეყნები (დანია, გერმანია შვეიცარია…) დასკვნამდე, რომ ინტენსიურად ეძიონ სიტუაციის გამოსწორების გზები. ეს გზა აღმოჩნდა კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ,,დაბალანსებული ჟურნალისტიკა“. ჩვენი ქვეყნის მსგავსი პოლარიზებული საზოგადოებისთვის ეს მეთოდი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ჟურნალისტის ხელში და თუ ჟურნალისტი ამ ინსტრუმენტს სწორად გამოიყენებს, სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემის გადაჭრის გზაც დაისახოს“, – ამბობს პროექტის ინიციატორი.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამ მეთოდის დადებით თვისებათაგან ერთ-ერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის დეზინფორმაციის გავრცელების შემცირება. როდესაც ჟურნალისტი საკითხს იკვლევს სიღრმისეულად (არა მხოლოდ ახალი ამბების ფორმატის ჩარჩოებში), იკლებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების შანსი საკვლევი საკითხის გარშემო. ეს იყო მიზეზი, რომ ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის, ქართულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც დაიწყო ჟურნალისტების გადამზადება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის, ასევე შეიძლება ვუწოდოთ – ,,ხვალინდელი ჟურნალისტიკის” მიმართულებით.

როგორც ქალბატონი თინათინი ამბობს, უცხოელი ექსპერტების კვლევებითაც დადასტურდა, რომ ,,ხვალინდელი დღის ჟურნალისტიკასთან” ყველაზე ახლოს, ამ ეტაპზე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. სწორედ ამ არხზე იკვეთება ტენდენცია, რომ ჟურნალისტიკა დაუახლოვდეს ხალხს, საზოგადოებაში ეძიოს თემები და საკვლევი საკითხები არ იყოს ნაკარნახევი მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით.

   ახალი ფენომენი იქცევა თუ არა დღევანდელი მედიაკულტურის ალტერნატივად?

თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა შამილიშვილი, რომელიც პროექტის თანახელმძღვანელია, ამბობს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის კუთხით კვლევითი პროექტის განხორციელების სტიმული მათ მისცა დანიელი მეცნიერის სტუმრობამ საქართველოს პირველი არხის მასპინძლობით და მათთან შეხვედრის შესაძლებლობამ.

,,ჩვენს მიმართულებას საფაკულტეტო მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცა, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფენომენის არსი და მისი განხორციელების მიზანშეწონილობა ჩვენს პირობებში სტუდენტთა გუნდთან ერთად ეკვლიათ“, – ამბობს მანანა შამილიშვილი.

როგორც ყველა სიახლეს, არსებულ ახალ მეთოდსაც ე.წ. გვერდითი მოვლენებიც შეიძლება ჰქონდეს, რასაც ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს.

,,სადავოა, რამდენად შეძლებს მსგავსი მიდგომა ნეგატივიზმზე ორიენტირებული დღევანდელი მედიაკულტურის ალტერნატივად ჩამოყალიბდეს? ისმის ასეთი შეკითხვაც – ამ გზით მედიაში ხელოვნურად „გაკეთილშობილებული“ ინფორმაციის დომინანტობა ხომ არ შეუწყობს ხელს, მედიაკორექტირების ნაცვლად,  საბოლოოდ, ცენზურის ნაირსახეობად იქცეს? დამეთანხმებით, ამ კითხვებს ნამდვილად აქვთ არსებობის უფლება”,  – ამბობს მანანა შამილიშვილი. თუმცა, როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, არსებული სავალალო ვითარებაც უკეთესობისკენ შეცვლის სურვილს რომ აჩენს, ესეც ცხადია. გამოსავლის ძიების პროცესში კი აუცილებლად გამოჩნდება „ხსნის გზაც“.

პროექტის ავტორები საყოველთაო სამეცნიერო დისკუსიაში საკუთარი წვლილის შეტანას სწორედ კონსტრუქციულ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევით აპირებენ. პროექტი თითქმის უკვე დასრულებულია. უნდა ითქვას, რომ კვლევის ერთი ეტაპის შედეგები უკვე გამოქვეყნდა. შემდეგი ეტაპი მხოლოდ  კვლევის საბოლოო რედაქტირებაა და ოქტომბერში სტუდენტები თავიანთ შექმნილ მასალებს სტუდენტურ კონფერენციაზე წარადგენენ. მომდევნო ეტაპზე კი ძირითადი მიგნებების მაღალრეიტინგულ რეფერირებულ გამოცემაში დაბეჭდვა იგეგმება.

ნინო ჯანჯალაშვილი,

თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn