კონსტანტინე შუბითიძე: უნივერსიტეტი ჩემი იდენტობის ნაწილია

თარიღი: 2022-10-12 20:53:10

კონსტანტინე შუბითიძემ ახალი სასწავლო წელი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორის  რანგში დაიწყო. მისთვის პედაგოგიური საქმიანობა ახალი არ არის. ჯერ კიდევ მაგისტრატურის სტუდენტი იყო, როდესაც სემინარისტი გახდა და დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, კონკურსის საფუძველზე, უკვე ასოცირებული პროფესორის ვაკანსია დაიკავა.

მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები ძირითადად დაკავშირებულია ნაციონალიზმთან და ნაციონალური  იდენტობისა  და საგარეო პოლიტიკის ურთიერთმიმართების კვლევასთან. მის ნაშრომებში განსაკუთრებული აქცენტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების იდენტობასა  და  საგარეო პოლიტიკაზე, ასევე  ევროინტეგრაციის პროცესში ამ იდენტობების გავლენაზე. გამოქვეყნებული აქვს  რამდენიმე პუბლიკაცია, მათ შორის, Scopus-ის ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში, სადაც სწორედ ამ საკთხებზე საუბრობს.

საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლიდან გაუჩნდა. ამბობს, რომ განსაკუთრებით აინტერესებდა ქვეყნებს შორის ურთიერთობები, მოლაპარაკებები, კონფლიქტები და ყოველთვის, როცა რაიმე სიახლეს მოისმენდა ან წაიკითხავდა მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე უყურებდა – სად ხდებოდა ამბავი, ვის და ვის შორის იყო კონფლიქტი… ამიტომ, აბიტურიენტობის დროს ბევრი საფიქრალიც არ ჰქონია, ზუსტად იცოდა, რისი სწავლა უნდოდა და სად…

სპეციალობა კი აირჩია ადვილად,  მაგრამ  სასურველ  მიმართულებაზე  სწავლის გაგრძელება სერიოზული დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ შეძლო. ახლა იხსენებს, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირველივე დღიდან აღმოაჩინა, რამხელა კონკურსის გავლა მოუწევდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე დასამკვიდრებლად. „400-ზე მეტი სტუდენტი ჩავირიცხეთ ფაკულტეტზე. სპეციალობაზე კი სულ 80 ადგილი იყო. ამიტომაც ტარდებოდა შიდა კონკურსი რამდენიმე საგნის შედეგების მიხედვით. ფაქტობრივად, პირველივე დღიდან ამ კონკურსის მონაწილე გავხდი ჩემს მეგობრებთან ერთად.  საბოლოოდ,  საკმაოდ  რთული  შიდა  კონკურსის  შედეგად  დავრჩი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე“, – იხსენებს კონსტანტინე შუბითიძე.

სტუდენტობის წლები ძალიან აქტიური იყო – თითქმის ყველა კონფერენციაში  მონაწილეობდა, ესწრებოდა საჯარო ლექციებს, „ვორქშოპებს“ და ყველაფერს, რაც, მისი აზრით, განვითარებაში დაეხმარებოდა. ასეთ აქტიურობას კონსტანტინე ახლა იმასაც უკავშირებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე პროფესორიც, ტუტორიც და თანამშრომელიც სტუდენტების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული  –  ცდილობდნენ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ შესაძლებლობების თაობაზე, რაც სტუდენტებისთვის არსებობდა.

მერე იყო წარმატებული ნაბიჯები: „პირველივე კურსზე საპრიზო ადგილზე გავედი საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციაში, რამდენჯერმე მივიღე სახელმწიფო სტიპენდიაც და გამოვიყენე ფაკულტეტის სტუდენტური მივლინების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) ვეწვიე საუკეთესო  უნივერსიტეტებს  და მონაწილეობა მივიღე კონფერენციებში. უფროს კურსებზე მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობამ კი მიბიძგა მეფიქრა აკადემიურ კარიერაზე. ამავე პერიოდში  მეგობრებთან  ერთად  დავაფუძნე  ახალგაზრდა  დიპლომატთა კლუბი და უამრავ ღონისძიებას ვუწევდით ორგანიზებას სტუდენტებისთვის – ტრენინგები, „ვორქშოპები“, კონფერენციები, მოდელირებები. ყველაფერ იმას, რაში მონაწილეობაც მოგვწონდა  და გვაინტერესებდა, უკვე თავად ვაკეთებდით სხვა სტუდენტებისთვის. უამრავი მხარდამჭერი აღმოგვაჩნდა ამ საქმეში, განსაკუთრებით ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელობისგან, თუმცა, იყო სხვადასხვა გამომცემლობა, კერძო კომპანია, საერთაშორისო ფონდებიც, ვინც გვეხმარებოდა“, – ამბობს იგი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსპექტიული ახალგაზრდების დასაქმებას ყოველთვის ხელს უწყობდა. ასე მოხდა კონსტანტინე შუბითიძის შემთხვევაშიც – ბაკალავრიატის დასრულებისთანავე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა  მიმართულებაზე გათავისუფლდა ტუტორის ადგილი და მიიღო  შემოთავაზება, რომ მუშაობა დაეწყო.  „ეს,  რა თქმა უნდა,  ძალიან  საინტერესო და სასიამოვნო შემოთავაზება იყო და ბევრი არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი. ამით დაიწყო უნივერსიტეტში ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. აქტიურად შევუდექი საქმიანობას როგორც სტუდენტების კონსულტირების,  ისე  ადმინისტრაციული  საქმიანობის  კუთხით.  პროფესორებთან ერთად ჩავერთე ან/და ორგანიზება გავუწიე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში ჩვენი მიმართულების მონაწილეობას. მათ შორის, ვიყავი ერასმუს პლუსის ინსტიტუციური გაძლიერების 3-წლიანი პროექტის მენეჯერი, რომლის შედეგადაც სამაგისტრო  დონეზე  დავნერგეთ  მშვიდობის კვლევების მოდული. კოორდინაციას ვუწევდი ვიშეგრადის ფონდის, ღია საზოგადოების ფონდების პროექტებს და ა.შ. ამავდროულად სწავლა გავაგრძელე ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე და სემინარისტადაც ვიმუშავე“, – გვითხრა მან.

ფაკულტეტის ადმინისტრაციაში სამწლიანი მუშაობის შემდეგ გადაინაცვლა საქართველოს პარლამენტში, თუმცა, არცერთი დღით არ შეუწყვეტია პედაგოგიური საქმიანობა და მშობლიურ ფაკულტეტთან კავშირი. სხვადასხვა ფორმით მუდმივად ჩართული იყო  არა მხოლოდ სალექციო პროცესში, არამედ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ცხოვრების სხვადასხვა კომპონენტში. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების სურვილიც აქედან გაჩნდა –  მალევე გახდა საერთაშორისო  ურთიერთობების  მიმართულების  დოქტორანტი  და კვლევა განაგრძო ნაციონალიზმსა და საერთაშორისო სისტემას შორის არსებულ ურთიერთმიმართების საკითხებზე. დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ კი მიმდინარე  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრიდან,  კონკურსის  შედეგად,  გახდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  ასოცირებული პროფესორი.

კონსტანტინე შუბითიძე,  როგორც მეცნიერი და მკვლევარი, მუდმივად სიახლეების ძებნაშია.  ამ ეტაპზე მუშაობს სტატიაზე, რომელიც შემდეგ წელს გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ  სამეცნიერო  ჟურნალში.  ამასთან, უნივერსიტეტის გამომცემლობამ წელს გამოსცა ოქსფორდის უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელოს ქართულენოვანი თარგმანი, რომელზეც ის სხვა კოლეგებთან ერთად მუშაობდა.

ადამიანის ცხოვრება  ერთმა  გადაწყვეტილებამ  შეიძლება  შექმნას.  ასე მოხდა კონსტანტინეს შემთხვევაშიც, როცა სპეციალობა და უმაღლესი სასწავლებელი აირჩია და დღეს კითხვაზე, რას ნიშნავს  მისთვის უნივერსიტეტი,  დაუფიქრებლად ამბობს: „უნივერსიტეტი ჩემთვის არის მეორე სახლი, ჩემი იდენტობის ნაწილი, რომლის გარეშეც საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. ბევრი პარალელური სამსახური მქონია და მაქვს, მაგრამ ერთადერთი, რაც მუდმივი და უცვლელია, ეს უნივერსიტეტია!“

Facebook
Twitter
LinkedIn