კონსტანტინე მეგრელიშვილის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა
ჰენრი ფორდი წერდა „მე ეს მინდა, შესაბამისად, ეს მექნება“. ეს ფორმულა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან, როდესაც ახალგაზრდა მიზანდასახულია და ზუსტად იცის – რა უნდა, მის წინაშე ყველა კარი იხსნება. ასეთია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების მეექვსესემესტრელი სტუდენტი კონსტანტინე მეგრელიშვილი. მან, როგორც თავად გვიყვება, თბილისში 21-ე საჯარო სკოლის დამთავრებისას უკვე ზუსტად იცოდა, რა მიმართულებით განაგრძობდა უნივერსიტეტში სწავლას. თსუ-ზე არჩევანი კი ისტორიის მასწავლებლის რჩევით შეაჩერა.
„მრავალი სპეციალობა მიზიდავდა, თუმცა ისტორია მაინც გამორჩეული იყო. სკოლის პერიოდში აქტიურად ვკითხულობდი ისტორიულ რომანებს, ვუყურებდი ვიდეოებს და საინტერესო სტატიებს ვეცნობოდი. ნელ-ნელა ამ მიმართულებამ, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნის სამხედრო ისტორიამ, გამიტაცა. გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ,,არსენალის” რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა, რომელმაც სატელეფონო საუბრისას მირჩია, რომ, ჩემი ინტერესის სფეროდან გამომდინარე, ისტორიის სპეციალობაზე ჩამებარებინა. გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარა აბიტურიენტობის პერიოდში ისტორიკოს იულონ გაგოშიძის მიერ ნაჩუქარმა წიგნმა – სოსო მარგიშვილის მონოგრაფიამ ,,მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ”, რომელმაც სრულიად სხვა სამეცნიერო ლიტერატურის სფერო გადამიშალა თვალწინ. ამ წიგნის წაკითხვით დავრწმუნდი, რომ სამეცნიერო საქმიანობა ჩემთვის მართლაც მიმზიდველი იყო“, – გვიყვება კონსტანტინე.
უკვე მესამე კურსის სტუდენტი სასწავლო პროცესში აქტიურად არის ჩართული. მონაწილეობა აქვს მიღებული სამ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში და ხშირად ესწრება საჯარო ლექციებს. კონსტანტინე, ასევე, იყო „რა? სად? როდის?“ თსუ გუნდის წევრი. ამ ყველაფერთან ერთად ახალ მიზნებსაც ისახავს და სამეცნიერო აქტივობებში ინტენსიურად მონაწილეობას აპირებს.
„სხვა ყველაფერთან ერთად ჩემი უპირველესი გატაცებაა როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ლიტერატურის კითხვა. საკუთარი ძალები წერაშიც გამომიცდია და პირველ კურსზე ყოფნისას ერთი მოკლე დეტექტივი დავწერე ინგლისურად, ვფიქრობ, არც მთლად უხეიროდ. აგრეთვე აღვნიშნავდი, რომ მეორე კურსზე შევისწავლე ლათინური ენა და კონკურს ,,VICTORIA”-ს გამარჯვებული გავხდი, რაც ფრიად მოულოდნელი იყო ჩემთვის“, – იხსენებს იგი.
კონსტანტინეს მიაჩნია, რომ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მისი უნარების განვითარების, სამეცნიერო საქმიანობის და ინტერესის სფეროების დაკმაყოფილების საუკეთესო სივრცედ იქცა, რის გამოც ყოველდღე მეტად რწმუნდება, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
„უნივერსიტეტში მომეცა საშუალება, რომ მიმეღო სამეცნიერო ნაშრომების შექმნის, წარდგენისა და დაბეჭდვის გამოცდილება. როგორ აკადემიურ სივრცესაც ველოდი ჩაბარებამდე, დაახლოებით, ისეთი ვითარება დამხვდა, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით გაუმჯობესება მაინც შესაძლებელია. მაგალითად, იგრძნობა სახელმძღვანელოების ნაკლებობა, რაც არაერთ საგანში გვაიძულებს, რომ მოძველებული წიგნებითა და ე.წ. ,,ჰენდაუთებით” გავიაროთ მასალა, რაც, ცხადია, სწავლის ხარისხზეც აისახება. სასურველი იქნებოდა ამ კუთხით მუშაობა და დამაკმაყოფილებელი დონის სახელმძღვანელოების შექმნა ყოველი საგნისთვის“, – ამბობს კონსტანტინე.
მომავალი მეცნიერი სიყვარულით იხსენებს განვლილ გზას და ყველა იმ ლექტორს თუ სემინარისტს, რომლებმაც წარმატებისკენ გზა გაუკვალეს, მოტივაცია აუმაღლეს და ახალი მიზნების დასახვაში დაეხმარნენ: „ლექტორებისგან ამ სამი წლის განმავლობაში უდიდესი მხარდაჭერა მივიღე. სწორედ ჩემი ლექტორებისა და სემინარისტების დამსახურება იყო ის, რომ კონფერენციებსა და კონკურსებზე დავიწყე გასვლა და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი ერთ-ერთი სემინარისტი, ქალბატონი გვანცა ევანისელი, რომლის წყალობითაც დავეუფლე ისტორიკოსისთვის აუცილებელ პროფესიულ უნარებს და რომელმაც პირველმა მიბიძგა, რომ კონფერენციაზე გამოვსულიყავი მოხსენებით“.
ცხადია, ახალგაზრდას, რომელმაც ზუსტად იცის – რა უნდა, სამომავლო გეგმებიც გაწერილი აქვს. კონსტანტინე მოუთმენლად ელოდება, რომ ჟურნალ ,,სტუდენტური საისტორიო ძიებანის” შემდეგ ნომერში მისი თარგმანი დაიბეჭდება. სულ რაღაც ერთ წელიწადში კი საბაკალავრო ნაშრომს დაიცავს, რაც მას კიდევ უფრო დააახლოებს მომავალ პროფესიასთან, სამეცნიერო აქტივობებთან და ოცნებასთან, რომელიც თითქმის რეალობად იქცა.