რა ითქვა ახალი კონფერენციაზე – „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები“

თარიღი: 2026-06-05 14:23:31

27-28 მაისს თსუ-ში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია – „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები“. კონფერენცია გახსნა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ: „კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება არის ეროვნული იდენტობისა და უნივერსალური ღირებულებების სინთეზი. მისი ნაშრომები ქმნის ხიდს ქართულ კულტურასა და მსოფლიო ინტელექტუალურ სივრცეს შორის. სწორედ ასეთი ადამიანები გვახსენებენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მსოფლიო მნიშვნელობისაა“, – აღნიშნა რექტორმა.

კონფერენციის ფარგლებში თსუ-ს მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. ასევე წარმოდგენილი იქნა მწერლის  ბიბლიოგრაფია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სრული სახით 2025 წელს გამოსცა. ბიბლიოგრაფიაში მოცემულია კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობები, მინიატურები, ლექსები, ესეები, თარგმანები, პუბლიცისტური წერილები, რომლებიც მწერლობის, თეატრის, ისტორიის, ზოგადად, ხელოვნების და კულტურის, განათლების და 1926 წლამდე პოლიტიკის საჭირბოროტო საკითხებს შეეხება. ბიბლიოგრაფიის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს პერიოდს 1909 წლიდან 2024 წლამდე. 

„დღეს წარმოდგენილი გამოცემა განსაკუთრებული შრომის შედეგია. იგი სისტემურად აერთიანებს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას, მის შესახებ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას, წერილებს, მოგონებებსა და კვლევებს. ეს არის მნიშვნელოვანი გზამკვლევი მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, ფილოლოგებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქართული კულტურა და ლიტერატურა გულთან ახლოს მიაქვს. აქვე დადგენილია 14 ფსევდონიმი, რომელთაც მწერალი სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში იყენებდა“, – აღნიშნა პრეზენტაციისას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

* * *

კონფერენციაზე იმუშავა რამდენიმე სესიამ, რომლებზეც მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები მსჯელობდნენ კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასა და მის მნიშვნელობაზე ეროვნული იდენტობისა და უნივერსალური ღირებულებების კონტექსტში. უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციაზე მწერლის მემკვიდრეობის ახლებური, თანამედროვე კვლევები იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან მე-20 საუკუნის დასაწყისისა და შუა ხანების ლიტერატურა, მოდერნიზმის ეპოქა, განსაკუთრებული ინტერესის საგანია თანამედროვე, პოსმოდერნისტულ ეპოქაში.

სოსო სიგუას (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) მოხსენება – „არქეტიპული მოდელები კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში და ერთი პარალელი ქართული მწერლობიდან“ – ეხება არქეტიპული მოდელების პროექცირებას კონსტანტინე გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცებასა“ და ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხიაში“. ავტორი ასაბუთებს, რომ ორივე რომანი, მიუხედავად განსხვავებული დროის მონაკვეთისა, აერთიანებს საერთო სიმბოლურ და სიუჟეტურ მოდელებს. კერძოდ:  ორივე რომანი უკავშირდება მთვარის კულტს, რაც წიგნების სათაურიდანაც ჩანს: პირველში ნაციონალურ-პოლიტიკური სიმბოლოა, მეორეში – ,,ხორცქმნილი“ ,,სული კრებითი“ პერსონაჟი; ორივე რომანის სიუჟეტურ-აზრობრივი საფუძველია აბელისა და კაენის ბიბლიური მოდელი, ძმათა შუღლი და მტრობა-სიყვარული (თარაშ ემხვარი და არზაყან ზვამბაია, დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია); არქაულ ტომებში არსებული მამისმკვლელობის ტრადიცია (ჯ.ჯ.ფრეიზერი), რასაც XX საუკუნეში მიეცა ფსიქოანალიტიკური ახსნა (ზ.ფროიდი), გამოხატულია ორივე რომანში (არზაყანი კლავს კაც ზვამბაიას, გუდუნა – დათა თუთაშხიას); ორივეგან ასახულია მეგრული გარემო შესაბამისი გვარ-სახელების კოლორიტის დაცვით;  ორივეგან უარყოფით ძალას განასახიერებენ სახელმწიფოს ინტერესების დამცველები – ჩეკისტი არზაყანი და ჟანდარმი მუშნი. ისინი იმარჯვებენ ფიზიკურად და ხელისუფლება მათ აწინაურებს, თუმცა მკითხველის სიმპათია ეკუთვნით დამარცხებულ მეამბოხეებს – თარაშ ემხვარსა და დათა თუთაშხიას.

მარიამ მარჯანიშვილის (ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი) მოხსენებაში – „დავით აღმაშენებლის“ ნაციონალურ-პოლიტიკური რაობა“ – განხილულია კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“, რომელიც შეფასებულია არა მხოლოდ როგორც მაღალი მხატვრული ღირებულების ისტორიული რომანი, არამედ როგორც ქართველი ერის ეროვნული ეპოსი და ისტორიული მეხსიერების გამოხატულება. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ „დავით აღმაშენებელი“ ანტითურქული ხასიათის ნაწარმოებია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას ასახავს. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საბჭოთა ხელისუფლება, განსაკუთრებით ლავრენტი ბერია, ამ ნაწარმოებს, გარკვეულწილად, ეროვნული ღირსების აღდგენისა და საქართველოს ისტორიული წარსულის წარმოჩენის საშუალებადაც იყენებდა. სტატია სრულდება ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლის, თამარ პაპავას წერილის მოხმობით, რომელიც გამსახურდიას შემოქმედებას ეროვნული კულტურის მნიშვნელოვან მონაპოვრად და „ახალი სვეტიცხოვლის“ შექმნად აფასებს.

მაია ცერცვაძის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მოხსენება – „ეპოქის ანარეკლი კონსტანტინე გამსახურდიას პირად წერილებში“ – ეხება კონსტანტინე გამსახურდიას პირადი წერილების კრებულს, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა და მოიცავს მწერლის ბარათებს მისი პირველი მეუღლის – რებეკა ვაშაძისადმი. წერილები ასახავს მათ შორის არსებულ ღრმა სიყვარულსა და ინტელექტუალურ თანაზიარობას, ასევე პირად და ისტორიულ სირთულეებს, მათ შორის, რეპრესიებსა და იძულებით განშორებას, რის გამოც გამსახურდია საკუთარ თავს ოდისევსს, ხოლო მეუღლეს პენელოპეს ადარებდა.  წერილები მნიშვნელოვანია როგორც ავტორის პირადი ცხოვრების, ისე იმ ეპოქის პოლიტიკური და კულტურული პროცესების გასაგებად, მათ შორის, პირველი მსოფლიო ომის, რევოლუციების და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიისთვის.

ზოია ცხადაიას (თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი) მოხსენებაში – „ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის ფარული შრეები კონსტანტინე გამსახურდიას რომან „დიდოსტატის მარჯვენაში“ – საუბარია იმაზე, რომ კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ 1930-იანი წლების ბოლოს სტალინური ტოტალიტარული რეჟიმისა და რეპრესიების მძიმე ფონზე შეიქმნა და 1939 წელს გამოქვეყნდა. მოხსენების მიხედვით, ამ რეპრესიულ გარემოში გამსახურდიას რომანი ისტორიულ წარსულში გადატანილი სიმბოლური ფორმით ასახავს თანამედროვე დიქტატურის პრობლემებს. არსაკიძის ტრაგედია და სხვა პერსონაჟების ბედი განიხილება როგორც ძალადობრივი ხელისუფლებისა და პიროვნების კონფლიქტის ალეგორია.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენებები: „უცნობი კონსტანტინე გამსახურდია“ (ნათელა ვაჩნაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი); „სინტაქსური სინტაგმატიკის თავისებურებანი კონსტანტინე გამსახურდიას პროზაში“ (ცირა ბარამიძე, თსუ); „კონსტანტინე გამსახურდიას პოემა „ორი რაინდი“ (თამარ ბარბაქაძე, თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი); „თვალის“ კონცეპტი კონსტანტინე გამსახურდიას რომანში „დიდოსტატის მარჯვენა“ (ნანა გაფრინდაშვილი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); „კონსტანტინე გამსახურდიას ,,ფოტოგრაფი“ (ფსიქოლოგიური პორტრეტი)“ (ლია ნადირაძე, საქართველოს ბიზნესის აკადემია); ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის თარგმანის შედარებითი ანალიზი კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“ მიხედვით“ (მანანა რუსიეშვილი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); „ქართველთა ავტოხატი და იდენტობა კონსტანტინე გამსახურდიას რომანში „დიონისოს ღიმილი“ (ბელა წიფურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);  „კულტურათა დიალოგი საფესტივალო პროგრამაში“ (ლელა წიფურია, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და სხვ.  

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თსუ, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი და თსუ-ს მუზეუმი.

Facebook
Twitter
LinkedIn