გოეთეს მსოფლმხედველობის, რელიგიური მრწამსისა და ნიცშესეულ რეცეფციებზე ახალი კვლევა გამოიცა
„ორი ცდა გოეთეზე: გოეთეს მსოფლმხედველობა – გოეთე და ნიცშე“ – თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კონსტანტინე ბრეგაძემ ახალი კვლევა გამოსცა. გამოცემის მოკლე აღწერილობის მიხედვით, წიგნში წარმოდგენილია ორი გამოკვლევა, რომელთაგან ერთი გოეთეს მსოფლმხედველობასა და რელიგიურ მრწამსს ეძღვნება, მეორე – გოეთეს შემოქმედების ნიცშესეულ რეცეფციებსა და კრიტიკას.
ახალი ნაშრომის პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა სახლში 30 მარტს გაიმართა.
„გოეთეს პიროვნებისა და მსოფლმხედველობის საკითხები ქართულ სამეცნიერო სივრცეში აუთვისებელია. რა თქმა უნდა, იყო პირველი თაობის გერმანისტების გამოკვლევები, მაგრამ ეს ხდებოდა საბჭოთა საქართველოს პერიოდში და მათ იდეოლოგიური დაღი აზის. ახალ გამოცემაში გოეთეს პიროვნება, მისი მსოფლმხედველობა, მაგალითად, პლატონისტური, ნეოპლატონისტური, არისტოტელესეული, სპინოცისტური, ლაიბნიცისეული პერსპექტივებიდან არის განხილული, ასევე, თავად გოეთეს ურფენომენის სწავლების პერსპექტივიდან. რაც შეეხება გოეთეს შემოქმედების კრიტიკასა და რეცეფციას ნიცშესთან, ეს საკითხიც ნაკლებადაა შესწავლილი – ამ საკითხზე ერთი ნაშრომი 2007 წელს, პროფესორმა ნუგეშა გაგნიძემ გამოაქვეყნა, თუმცა ჩემს წიგნში საკითხი უფრო სხვა ასპექტით არის ნაკვლევი, კერძოდ, გოეთეს „ფაუსტის” ნიცშესეული კრიტიკის ჭრილში.
ვფიქრობ, რომ ახალი გამოცემა როგორც სპეციალისტებს, ასევე, ფილოლოგიის, გერმანისტიკის, ფილოსოფიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და დაინტერესებულ მკითხველს მნიშვნელოვან ახალ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე, დავამატებ, რომ ეს არის ერთგვარი მცდელობა გოეთეს პიროვნებასა და მის შემოქმედებასთან მიახლების. წიგნის სახელწოდებაც აქედან გამომდინარე შეირჩა – წიგნი-ცდა, წიგნი-მცდელობა“, – აცხადებს კონსტანტინე ბრეგაძე.
კონსტანტინე ბრეგაძის ახალი კვლევის რედაქტორი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა პაიჭაძეა. რეცენზირება თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ცაგარელმა გასწიეს.
„ამ ნაშრომში, ფაქტობრივად, ძალიან მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი გოეთეს მსოფლმხედველობა, გოეთეს მიერ სამყაროს აღქმა და გოეთეს დამოკიდებულება მეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი სხვადასხვა დარგის მიმართ, რომელსაც ის ზოგადადამიანურ კონტექსტში განიხილავდა. ნაშრომში გაანალიზებულია გოეთეს დამოკიდებულება ქრისტესა და ქრისტიანობის მიმართ, ასევე – ძალიან დიდი მოაზროვნის ნიცშეს დამოკიდებულება გოეთეს მსოფლმხედველობისადმი და ამ ორი დიდი მოაზროვნის საერთო კავშირები, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწეობდნენ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ გოეთე და ნიცშე, აქ უკვე თავად პროფესორ კოკა ბრეგაძის სუბიექტური მოსაზრებები ჩანს და ასახულია ის მრავალწახნაგოვანი კვლევითი სივრცე, რომელიც ამ ორი ავტორის ურთიერთმიმართების თუ ურთიერთზემოქმედების კონტექსტშია.
ეს ნაშრომი ძალიან ღირებულია გერმანული ლიტერატურით, ზოგადად, ლიტერატურათმცოდნეობით, კონკრეტულად ევროპული ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის და, ასევე, მათთვისაც, ვისაც სურს გაიგოს – თუ რას ნიშნავს ევროპული კულტურა, როგორ ჭვრეტდნენ და ქმნიდნენ გოეთე და ნიცშე იმას, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ“, – განაცხადა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა.
„კონსტანტინე ბრეგაძის ახალი წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის შედის ერთგვარ დიალოგში გოეთეს შესახებ ქართულ საბჭოთა გერმანისტიკაში დამკვიდრებულ ძირითად პოზიციებთან. ვფიქრობ, დრო მოვიდა – ქართულმა გერმანისტიკამ თავისუფლად დაინახოს ის საკითხები, რომელიც საბჭოთა პერიოდში მარქსისტული იდეოლოგიის გამო დაუშვებელი იყო. ამასთანავე, ახალი გამოცემა პირდაპირ ეხმიანება თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებს გარკვეული რელიგიური მითოლოგემების დეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. შესაძლოა, რომ ბევრი მკითხველი გოეთეს „ფაუსტს“ კითხულობდეს ან ყიდულობდეს მაინც, მაგრამ არ ჰქონდეს წარმოდგენა – თუ რა მსოფლმხედველობრივი პოზიციები დგას ამ წიგნის უკან. ამ წიგნში კი მოცემულია მსჯელობა გოეთეს რელიგიურ პოზიციებზე და ობიექტურად ახსნილია გოეთეს ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხედვა. ამასთან ერთად გამოკვლეულია ნიცშესა და გოეთეს შორის არსებული დიდი ინტერტექსტობრივი პოლემიკა. ძალიან რთულია, რომ საქართველოში რაიმე ახალი ვთქვათ გოეთეზე, რომელზეც უკვე ორი საუკუნეა უამრავი რამ იწერება, მაგრამ ავტორს ამის პრეტენზია არც აქვს, ამიტომაც ასათაურებს თავის წიგნს ცდად, თუმცა ეს ცდა არის ძალიან დროული თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის“, – განმარტა ლევან ცაგარელმა.
წიგნი „ორი ცდა გოეთეზე: გოეთეს მსოფლმხედველობა – გოეთე და ნიცშე“, ამ ეტაპზე, მცირე ტირაჟით გამოიცა და თბილისის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებშია ხელმისაწვდომი.