ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ვიდეო-ესეს, კომიქსისა და ესეს წარმოდგენისთვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული დიდი მეცნიერისა და უნივერსიტეტის დამაარსებლის ღვაწლის აღმნიშვნელი გამოფენით და მოსწავლეების შემოქმედებითი კონკურსით – ,,ივანე ჯავახიშვილი – 150“ – გაიხსნა. კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 400-მდე მოსწავლე, რომლებმაც ვიდეო-ესეს, კომიქსისა და ესეს ფორმატში წარმოაჩინეს საკუთარი ხედვა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობასა და ცოდნის ძალაზე.
თსუ-ს მუზეუმში გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე მუზეუმის თანამშრომლებს, გამარჯვებულებსა და ფინალისტებს თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი მიესალმნენ.
„მნიშვნელოვანია საიუბილეო ღონისძიებებში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა. 400-მდე საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. თითოეული ნამუშევარი ჩვენთვის ძვირფასია, რადგან მათში ჩვენი ახალგაზრდა თაობის ემოცია და ცოდნაა ჩაქსოვილი. ამ კონკურსმა საშუალება მისცა სკოლის მოსწავლეებს უფრო დაინტერესებულიყვნენ ივანე ჯავახიშვილის როგორც სამეცნიერო, ისე ცხოვრებისეული დეტალებით და შეექმნათ ესე, ვიდეო თუ კომიქსი. მადლობა გვინდა გადავუხადოთ, ასევე, მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს მაია გურაბანიძეს საინტერესო გამოფენის მოწყობისთვის“, – განაცხადაჯაბა სამუშიამ.
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სიტყვით გამოსვლისას თამარ მახარაშვილმა ივანე ჯავახიშვილის გამორჩეულ მოღვაწეობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში ქართველი ისტორიკოსის მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ აქტივობებში ჩართულები არიან სკოლის მოსწავლეები და ამის ნათელი მაგალითია ეს კონკურსიც. სწორედ დიდი ივანე ჯავახიშვილის დამსახურებაა, რომ ამ კედლებში სულ სხვა სულიერება იყო, არის და იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

თავიანთი ემოცია გამარჯვებულმა კონკურსანტებმაც გაგვიზიარეს: „ჩემთვის კონკურსში მონაწილება ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო იყო. შევეცადე, ჩემი ემოციები ვიდეო-ესეთი – „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“ – გადმომეცა. დღეს გახარებული და ამაყი ვარ, რომ გამარჯვებულთა შორის დამასახელეს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა“, – გვითხრა კონკურსში გამარჯვებულმა ლიზი კურტანიძემ, რომელიც ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა საკონკურსო ესემ – „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“ – ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გამარჯვებულთა შორის დამასახელეს, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ჩემი მრავალი ჩანაფიქრი და ოცნება განხორციელდება“, – ასეთია თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლის ლიზი უსენაშვილის ემოცია.
„როდესაც კონკურსის შესახებ გავიგე, შევქმენი კომიქსი – „მე – ივანე ჯავახიშვილი“. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ჩემმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა და ასეთი კონკურენციის პირობებში გავიმარჯვე. ჩემი სამომავლო გეგმები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, რადგან მჯერა, რომ სწორედ აქ მივიღებ სათანადო განათლებას“, – გვითხრა წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანდრია აფრიდონიძემ, რომელიც გამარჯვებული კონკურსანტია.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი მიზნად ისახავდა 12–18 წლის მოსწავლეების ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, მათთვის ივანე ჯავახიშვილის იდეებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტრადიციების გაცნობას, ასევე, ახალგაზრდებში ცოდნის, განათლებისა და აკადემიური სივრცის მნიშვნელობის წარმოჩენას.
შემოქმედებითი კონკურსი „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამოცხადდა 3 ნომინაციაში. 1. ვიდეო-ესე – „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“; 2. კომიქსი – „მე – ივანე ჯავახიშვილი“; 3. ესე – „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“.
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა. საკონკურსო კომისიამ ფინალურ ეტაპზე 9 კონკურსანტი გადაიყვანა, ხოლო შემდეგ გამოავლინა გამარჯვებულები:
ვიდეო-ესე – „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“ – გამარჯვებული – ლიზი კურტანიძე (ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა); ფინალისტები – თამარ მათიაშვილი (საგარეჯოს №3 საჯარო სკოლა) და ბარბარე ბერძენიშვილი (ჩოხატაურის შუა ფარცხმის საჯარო სკოლა);
კომიქსი – „მე – ივანე ჯავახიშვილი“ – გამარჯვებული – ანდრია აფრიდონიძე (წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა); ფინალისტები – თეკლა რურუა (რუსთავის მე-20 საჯარო სკოლა) და ლიზი ყიფშიძე (ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლა);
ესე – „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“ – გამარჯვებული – ლიზი უსენაშვილი (ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა); ფინალისტები – ნიკოლოზ ჩაგანავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა) და ლუკა გეგუჩაძე (ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა).
ანდრია აფრიდონიძის ნამუშევარი – კომიქსების სერიადან…



შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებულებსა და ფინალისტებს გადაეცათ სერტიფიკატები, თსუ-ს გამომცემლობის წიგნები, პლანშეტები და ჭკვიანი საათები.
