ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების კონგრესი თსუ-ში

თარიღი: 2022-10-23 14:51:05

უნივერსიტეტი მასპინძლობდა ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესს, რომელიც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა.   

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების კონგრესი ყოველწლიურად წარმატებულად ტარდება ესპანეთის სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. კონგრესის ორგანიზატორებმა დიდი დაინტერესების გამო გადაწყვიტეს  ეს ფორუმი ესპანეთის გარეთ ჩაეტარებინათ საზღვრების გაფართოების მიზნით.   მერვე  ფორუმი ესპანეთის ფარგლებს გარეთ 2018 წლის ნოემბერში თეირანის (ირანი) უნივერსიტეტში გაიმართა. ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების საიუბილეო კონგრესს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა, რაც ირანისტიკის ქართული სკოლის დიდი აღიარება და იმ ტრადიციების პატივისცემაა, რომელიც თსუ-ის დაარსების დღიდან არსებობს. აღსანიშნავია, რომ  SEI-ის პრეზიდენტი, ირანისტი, პროფესორი თეა ვარდოსანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.  

კონგრესში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთმცოდნეებმა საქართველოს, ესპანეთის სამეფოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, პოლონეთის, გერმანიიის, დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ცენტრებიდან.

კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სექციებზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ძველი და თანამედროვე ირანის ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, სპარსული ენის მრავალფეროვან პრობლემებზე, ირანისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე.

„ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოება 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანია ესპანურ საზოგადოებაში ირანული კულტურის გაცნობა და გავრცელება.  კონგრესი ყოველწლიურად ტარდება ესპანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.  2018 წელს თეირანშიც ჩატარდა, მაგრამ მეათე, საიუბილეო   კონგრესის ჩატარება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავწყვიტეთ, სადაც ირანისტიკა და ირანისტიკის კათედრა უნივერიტეტის დაარსების დღიდან  წარმატებით ფუნქციონირებს. მას დიდი გამოცდილება, აღიარება  და   მხარდაჭერა აქვს  უცხოელი მეცნიერების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესს სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს“, – განაცხადა  ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების პრეზიდენტმა  თეა ვარდოსანიძემ.

„თავისი გეოგრაფიული მდებარეობის  გამო საქართველო ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად თავისი ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ირანულ სამყაროსთან. მოგეხსენებათ, ასეთ კავშირებზე ყველაზე  სწრაფად, ალბათ, ენა რეაგირებს, ამიტომ ეს კავშირი ნათლად აისახა  ქართულ ენაში, რომელშიც  უამრავი სპარსული ნასესხობაა, ასევე ქართულ ისტორიულ თუ ლიტერატურულ  თხზულებებში.  ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების ერთ ნაწილში შეუიარაღებელი თვალითაც იგრძნობა სპარსული კულტურის გავლენა. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ  ასწლოვანი ისტორიის მქონე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანისტიკის დარგს, ამ დარგის კვლევასა და  სწავლებასაც ასწლოვანი ისტორია აქვს, რაც თავისთავად მეტყველებს  მის მნიშვნელობაზე  ჩვენი ქვეყნის აკადემიური სივრცისათვის. ირანისტიკის განვითარებას  ჩვენს ქვეყანასა და უნივერსიტეტში  დიდი ამაგი დასდეს ნიკო მარმა, იუსტინე აბულაძემ, დავით კობიძემ, ალექსანდრე გვახარიამ, ვახუშტი კოტეტიშვილმა, მაგალი თოდუამ, ლილი ჟორჟოლიანმა და სხვებმა.  დღეს სპარსული  ფილოლოგიის კათედრაზე ნაყოფიერად მოღვაწეობენ  მათი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები, პროფესორები  თეა შურღაია, მზია ბურჯანაძე, მარინე ალექსიძე, ფატი ანთაძე და მანანა კვაჭაძე“, – განაცხდა  თსუ-ის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  ნანა გაფრინდაშვილმა,  რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა  კონგრესის მხარდამჭერებს:  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს. 

როგორც ასოცირებულმა პროფესორმა თეა შურღაიამ აღნიშნა, თსუ-ში მეათე საიუბილეო კონგრესის ჩატარება  მადრიდის უნივერსიტეტში გადაწყდა, სადაც მიწვეული იყო – როგორც ქართველი ირანისტი. „ამ გადაწყვეტილებას  თავისი საფუძველი აქვს. საქართველოში ირანისტიკის შესწავლის საკმაოდ მდიდარი ტრადიცია არსებობს. მოგეხსენებათ, რომ 1918 წელს უნივერსიტეტის გახსნის პირველივე დღიდან აქ  სპარსული ისტორიის, ენის,  ლიტერატურის სწავლების ტრადიცია არსებობს.  ირანისტიკის კათედრა ერთ-ერთი პირველი  იყო,  რომელიც  ცალკე გამოეყო აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებას და დამოუკიდებელ კათედრად ჩამოყალიბდა. დღეს რომ თსუ-ში ეს კონგრესი იმართება, სწორედ ამ ტრადიციის აღიარება და  დაფასებაა.  ჩვენთვის საამაყოა ის, რომ ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების პრეზიდენტი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული  თეა ვარდოსანიძეა.  თეამ ესპანურ ენაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მადრიდის უნივერსიტეტში და ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო გამყარდება და გაძლიერდება“, – განაცხადა თსუ-ის ირანისტიკის  კათედრის ხელმძღვანელმა თეა შურღაიამ. მან მადლობა გადაუხადა კონგრესის მონაწილეებს კომპლიმენტებისთვის, რომელიც ორგანიზატორებმა კონგრესის ასეთი კარგი ორგანიზებისთვის დაიმსახურეს. 

საქართველოში ირანის  ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურული  მრჩეველი აჰმადალი მეჰრი არდესტანი  დიდ მნიშვნელობას  ანიჭებს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ირანისტიკის დარგის განვითარებას, რომელმაც  არაერთი ცნობილი და წარმატებული მეცნიერი აღზარდა. „რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა და  დატვირთვა აქვს ამ კონგრესის საქართველოში ჩატარებას, სადაც წარმოდგენილია არაერთი საინტერესო მოხსენება  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების  მეცნიერებისგან. დარწმუნებული ვარ, მათი შრომები, მოხსენებები და ნააზრევი სათანადო გამოხმაურებას გამოიწვევს სამეცნიერო წრეებში,  რაც მნიშვნელოვნად წაადგება ამ დარგის განვითარებას.  მივესალმები   ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების გადაწყვეტილებას, რომ მეათე კონგრესი სწორედ თსუ-ში ჩატარებულიყო, რომელსაც  ირანული კულტურის პოპულარიზაციის დიდი ტრადიცია გააჩნია“, – აღნიშნა      საქართველოში ირანის  ისლამური რესპუბლიკის საელჩოს  კულტურულმა მრჩეველმა  აჰმადალი მეჰრი არდესტანმა.

ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში გაიმართა ორი წიგნის პრეზენტაცია: მოჰსენ ბაჰრამნეჟადი (ყაზვინი) – „ქართველი სპასალარის, როსტომ ხანის ისტორია“; მანდანა თიშეიარი (თეირანი) – „ქართული მოთხრობების“ სპარსული თარგმანი.

Facebook
Twitter
LinkedIn