კონფერენციამ – ,,თსუ-108“ – უნივერსიტეტის ისტორია შეგვახსენა

თარიღი: 2026-02-11 18:36:34

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 8 თებერვალს დაარსებიდან 108 წელი შეუსრულდა. ამ თარიღს ყოველთვის განსაკუთრებული ღონისძიებებით ხვდება უნივერსიტეტი, რადგან მომავალი თაობებისთვის თსუ-ს წარსული ისტორიის შეხსენება და ახალი სამეცნიერო სიახლეების გაცნობა ტრადიციული აუცილებლობაა. ბევრჯერ ითქვა, მაგრამ 8 თებერვლის მნიშვნელობის ხაზგასასმელად კვლავაც აღსანიშნია არაერთი ისტორიული ცნობა.

ინფორმაციისთვის: ილია ჭავჭავაძის იდეების ხორცშემსხმელ ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის გახსნამდე ასეთი სიტყვა უთქვამს: ,,საქართველო ძველად კულტურით იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ დაწინაურებულ დიდ სახელმწიფოებსა და ერებსა, ბერძენ-ბიზანტიელებსა, სპარსელებსა და არაბებს განათლებითა და შემოქმედებითი სამწერლობო მოღვაწეობით კვალდაკვალ მისდევდა… ქართული კულტურა აღმოსავლეთსაც ეკუთვნის და დასავლეთსაც, ქრისტიანულსაც და მაჰმადიანურსაც. ამით ქართველობამ მაშინდელ მსოფლიო კულტურის შეერთება შეძლო“. ეს მისია ჰქონდა სწორედ გააზრებული ,,ქართველი ერის ისტორიის“ ავტორს, ივანე ჯავახიშვილს, როდესაც მან უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლა წამოიწყო. ამას დიდი საფუძველი შეუქმნა ექვთიმე თაყაიშვილის  ინიციატივით 1907 წელს დაარსებულმა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ“. დიდი ბრძოლის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრეებმა და, მათ შორის, პეტერბურგსა თუ მოსკოვში განათლებამიღებულმა ქართველმა პატრიოტებმა გაიმარჯვეს. უნივერსიტეტი საგანგებოდ გაიხსნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს).

ეს ისტორიული დღე უნივერსიტეტში ამჯერადაც  კონფერენციით  აღინიშნა, რომლის ორგანიზატორი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გახლდათ. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, რომელთა შინაარსიც უშუალოდ უნივერსიტეტის ისტორიას უკავშირდება, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს წარსულ რეალობას. ამ მხრივ საინტერესო იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის გიორგი არქანიას მოხსენება – „აკადემიური სივრცის განსაბჭოება საქართველოში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელის მინიჭების ისტორია“. ავტორმა მოხსენება საარქივო დოკუმენტებსა და საკვლევი საკითხის თანადროული პრესის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგინა.   მეცნიერი აანალიზებს  და აფასებს იმ წინაპირობებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელდების საკითხს უკავშირდება.  იგი ვრცლად მიმოიხილავს – თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აკადემიური სივრცისათვის და, ზოგადად, საქართველოსთვის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელის მინიჭებას.

,,1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მრავალმხრივი ცვლილებების პროცესი დაჩქარდა. დაწყო საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლოების დემონტაჟი, კომუნიზმთან და საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული პიროვნებების ძეგლების ჩამოგდება, საბჭოთა ტოპონიმების შეცვლა, ერისთვის მნიშვნელოვანი სივრცეების განსაბჭოება (დესოვიეტიზაცია) და ა.შ. აღნიშნული პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც შეეხო, რომელიც იმჟამად „თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელს ატარებდა. 1988 წელს აქტიურად დაიწყო მსჯელობა უნივერსიტეტის სახელდების საკითხის შესახებ. იყო აზრთა სხვადასხვაობა:  ერთი ნაწილი მიიჩნევდა,  რომ  უნივერსიტეტი არავის სახელობის არ უნდა ყოფილიყო, ზოგის აზრით – მას ილია ჭავჭავაძის სახელი უნდა მინიჭებოდა,  უმეტესობა  მისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელის მიკუთვნების იდეას ემხრობოდა. 1988 წლის 14 ოქტომბერს უნივერსიტეტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ წამოაყენა წინადადება უნივერსიტეტისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ. „ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ თბილისის უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდოს… ეს იქნებოდა ივანე ჯავახიშვილის დიდი ღვაწლის კიდევ ერთი აღიარება ეროვნული მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის წინაშე“ – განაცხადა მან. საბოლოოდ, 1989 წლის 15 მაისს აღნიშნული საკითხი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. სხდომაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მიერ ავტონომიის მოპოვების  პირველი ნაბიჯი იყო. 19 მაისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა“, – აღნიშნავს თავის მოხსენებაში გიორგი არქანია.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნიკო ჯავახიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც  არის  თსუ-ს პროფესორთა საბჭოს საგანგებო სხდომის დადგენილება (1921 წლის 16 თებერვალი). „ა) ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და, საზოგადოდ, სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფი ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს და სთხოვენ კომიტეტს, რათა მათი გონებრივი თუ ფიზიკური ძალა გამოიყენოს ისე, როგორც მას საუმჯობესოდ მიაჩნია სამშობლოს დაცვის მიზნებისათვის. ბ) უნივერსიტეტის სამათემატიკო-ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის ლაბორატორიებისა და სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკების კარები ღიაა ომის საჭიროებათათვის. ამასთანავე, გაახლებთ აქვე დართულ სიას უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობისას“. დადგენილებას ხელს აწერდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი და პროფესორთა საბჭოს მდივანი, პროფესორი აკაკი შანიძე. აღნიშნული დოკუმენტის დედანი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივთან არსებულ ახალი და უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში (ფონდი 471, ანაწერი 1, საქმე 110, ფურცელი 13).“, – აღნიშნულია მოხსენებაში, რომელსაც ნიკო ჯავახიშვილი ასეთ შეფასებას აძლევს: „ამ დადგენილებიდან ნათელი ხდება მამულიშვილური განწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურისა, რომელიც დღემდე სამაგალითოდ რჩება“.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სამეცნიერო და საორგანზაციო კომიტეტის წევრმა ნინო პოპიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „თბილისის უნივერსიტეტის დაარსება და აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი“. მეცნიერი ვრცლად მიმოიხილავს  თბილისის უნივერსიტეტის როლს აფხაზური და ოსური ენების სწავლების საქმეში და მის მნიშვნელობას საქართველოს მრავალეთნიკური საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში.

კონფერენციაზე გახმიანებულ მოხსენებათა შორის ასევე იყო აღსანიშნი ასოცირებული პროფესორის ნესტან სულავას მოხსენება – „ლირიკული გმირის ასახვის ჰიმნოგრაფიული ტრადიცია და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ (გმირი და ანტიგმირი)“. „დავით აღმაშენებლის „გალობანში“ ასახულია ლირიკული გმირის დადებითი თვისებები, რომელთა ჩამოყალიბება ადამიანის სულიერი ზრდის შედეგია. მეფე-პოეტმა თავისი საგალობლით ადამიანის ზნეობრივი იდეალი შექმნა, ერთი მხრივ, ადამიანის დადებითი, მისაბაძი და, მეორე მხრივ, მისი უარყოფითი თვისებების წარმოჩენით თავისი ეპოქის იდეალი დასახა – როგორი უნდა იყოს იგი და როგორი არ უნდა იყოს, რაც ლირიკული გმირის ხატ-სახითა და ანტიგმირის ჩვენებით შეძლო. სწორედ ესაა დავით აღმაშენებლის საგალობლის უმთავრესი მიზანიცა და ღირსებაც. ავტორის პოეტური აზროვნება, ინდივიდუალური ხელწერა იმით მჟღავნდება, რა ინტონაცია შეიტანა და რა დატვირთვა მიანიჭა თითოეულმა სიმბოლომ თუ მხატვრულმა სახემ საგალობელს“, – აღნიშნავს ნესტან სულავა.

კონფერენციის ფარგლებში თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა: დემურ ჯალაღონიამ („უჩინარი ხელის“ მეტაფიზიკა პოლიტიკურ ფილოსოფიაში), ირაკლი ბათიაშვილმა  (ონტოლოგიურის და ესთეტიკურის ურთიერთმიმართება ფრიდრიხ ვილჰემ იოზეფშელინგის ფილოსოფიაში), ანასტასია ზაქარიაძემ (ეფილიზმი და ანტინატალიზმი – უცნაური არგუმენტები დაბადების მიზანშეუწონლობის შესახებ – მეტაეთიკური ნარატივი),  ვალერიან რამიშვილმა (სოფოკლე – თვითშემეცნების პარადოქსები) და მამია სურმავამ („გზების სიმღერა“ როგორც ონტოლოგიური ტრაგედიის კინემატოგრაფიული ფორმა: სასრულობა, აბსურდი და დროის გამოსახულება).

Facebook
Twitter
LinkedIn