კონფერენცია თემაზე: ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები
დღეს, როდესაც, რეალურად, ქართველ და ოს ხალხს შორის ე.წ. გეოგრაფიული საზღვრები არსებობს, მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტია ის, რომ სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობები ნაწილობრივ მაინც გრძელდება.
მაშინ, როდესაც დიპლომატია ძალას კარგავს, თუ რამეს შეუძლია ამ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა – ეს კულტურა, მეცნიერება და ხელოვნებაა. სწორედ ამ მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.
ამ ორ მხარეს შორის არსებულმა პრობლემებმა და დროებითმა გათიშვამ დავიწყებას მისცა უამრავი ოსური კულტურული ძეგლი, მწერალი, ნაწარმოები, ამ კულტურის ამსახველი სხვადასხვა ნამუშევარი და ა.შ. კონფერენცია სწორედ ოსური ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენლის, თემირბოლათ მამსუროვის (1843-1899) ხსოვნას მიეძღვნა. იგი 1865 წელს მუსლიმ ოსებთან ერთად გადასახლდა თურქეთში. მისი ნაწარმოებები, ძირითადად, საბჭოთა პერიოდში გახდა ხელმისაწვდომი. 2008 წელს თემირბოლათ მამსუროვის ლექსების კრებული – ,,ოსური სიმღერები” ქართულ და ოსურ ენებზე გამოიცა, რომელიც ფილოლოგიის დოქტორმა ნაირა ბეპიევმა თარგმნა.
2008 წლის ომმა, საბედნიეროდ, ვერ გაწყვიტა ქართულ-ოსური კულტურული ურთიერთობები, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს. იქნებ, სწორედ კულტურის, მეცნიერების ენა იქცეს იმ მთავარ სამოქმედო პრინციპად, რომელიც გაწყვეტილ კავშირს აღადგენს. ეს საერთაშორისო კონფერენციაც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული და ოსური ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმუშავა როგორც ენათმეცნიერების, ლიტერატურის, ფოლკლორის, ისტორიის, ფილოსოფიის, რელიგიიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, კულტურის, ხელოვნებათმცოდნეობის, კონფლიქტების, მედიის, მიგრაციის და სხვა სამეცნიერო სექციებმა, ასევე, გაიმართა მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „კავკასია და მსოფლიო ლიტერატურა“ (მომხსენებელი: რებეკა გოულდი, პროფესორი, ბირმინგემის უნივერსიტეტი); „თურქულ ენათა ერთი ფონოტაქტიკური თავისებურებების შესახებ“ (მარიკა ჯიქია, თსუ-ის პროფესორი); „ჰარმონიულ-დეცესიურ კომპლექსთა ისტორიისათვის“ (მერაბ ჩუხუა, თსუ-ის პროფესორი); „თემირბოლათ მამსუროვის ლექსები და ნაფი ჯუსოითის კომენტარები“ (ნაირა ბეპიევი, თსუ-ის პროფესორი); „ლევან ხეთაგუროვის სახელის წარმომავლობის დადგენისათვის“ (ნიკო ჯავახიშვილი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი); „სამყაროს შექმნის შესახებ პარალელები „ნართების ეპოსსა“ და იაპონური „კოძაკაში“ (კაე ჰისაოკა, ოსაკას უნივერსიეტეტი, იაპონია); „ოსური ლიტერატურის სათავეებთან – თემირბოლათ მამსუროვის შემოქმედება“ ( ფილოლოგიის დოქტორი, ნინო პოპიაშვილი და სხვა.
„თსუ-სთვის დიდი პატივია ამ საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა. ტრადიციულად, თსუ იყო ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა აფხაზური და ოსური ენების შესწავლას და მათზე ზრუნვას, რომელსაც საფუძველი დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა. კონფერენცია წლების განმავლობაში უფრო ფართოვდება, ღრმავდება და უფრო მეტ მეცნიერს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეს ჩვენთან არიან ჩვენი მეგობრები ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ ურთიერთობას და თანამშრომლობას ვერაფერი შეაფერხებს, რადგან ის მტკიცე და საინტერესოა. კონფერენციის მონაწილეებს ერთი სურვილი და მიზანი აერთიანებს: იყოს მშვიდობიანი და მყარი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის. რასაკვირველია, ასეთი ურთიერთობები არის მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი (წელს ასზე მეტი მონაწილე გვყავდა) ფორუმი გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტში“, – განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნაირა ბეპიევმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და მხარდამჭერებს: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას.
წარსულის კვლევისა და მომავალი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა:„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებისთვის – ეს გახლავთ როგორც საგანმანათლებლო, ასევე, სამეციერო კვლევითი მიმართულებები. იმედი გვაქვს, რომ მეცნიერება არის ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს მშვიდობის ხიდად გვევლინება. სამინისტრო განსაკუთრებით ზრუნავს ოსურენოვანი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქართულ ენას ეუფლებიან და განათლებას ქართულ უნივერსიტეტებში იღებენ. ისინი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს პროგრამა იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ეროვნული გამოცდების გავლით აღწევენ წარმატებებს და, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებული სტიპენდიით – კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიით ჯილდოვდებიან, რომელიც ეძლევათ ოსეთის რეგიონიდან წამოსულ ახალგაზრდებს. ვისურვებდი, რომ საშეღავათო პოლიტიკა მომავალში აღარ დაგვჭირდეს, გამყოფი ხაზები აღარ არსებობდეს და ყველაფერი მშვიდობის, თანამშრომლობისა და თანაცხოვრების ფარგლებში ხორციელდებოდეს, ისე, როგორც წარსულში“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა,
ქართულ-ოსური ურთიერთობები ჰარმონიულად და ტრადიციულად ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ორი მოძმე ერის გათიშვის ფონზე განათლების, მეცნიერების და კულტურის გზა ყველაზე უფრო ეფექტიანი, საუკეთესო და პერსპექტიული აღმოჩნდა ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კი ერთადერთი მოედანია, სადაც შეიძლება სამეცნიერო საზოგადოების წევრები შეიკრიბონ და გახსნილად ისაუბრონ ერთმანეთთან. ეს კი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაგებასა და საზოგადოების განწყობის შესწავლას.
„დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ კონფერენციას ქართულ-ოსური ურთიერთობების ხელახალი გადატვირთვისთვის, ახალი პერსპექტივების შექმნისთვის. ოსურ საზოგადოებასთან შერიგების პროცესში აქტუალურია სამეცნიერო, კულტურული ურთიერთობები, დეპოლიტიზირებული მიდგომები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ოსური მოსახლება მცირერიცხოვანია, სახელმწიფო მაინც უზრუნველყოფს ოსური, მშობლიური ენის სწავლებას და ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები. სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული ყოველი ნაბიჯი ემსახურება ქართულ-ოსური ურთიერთობების გაძლიერებას, განმტკიცებას, რადგან მხოლოდ ურთიერთპატივისცემით შეიძლება ნდობის მოპოვება, შერიგების პროცესის გაძლიერება და ჰარმონიული თანაცხოვრება“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მთელი ისტორიის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოს და ქართველ ერს მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს საკუთარ შვილებად, იმ ეკლესიის შვილებად, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა დააარსა. ქრისტიანულ ცხოვრებაში არ არსებობს გაყოფა ერისა, ნაციისა, კულტურისა, სქესისა, ქრისტიანული ცხოვრება ეს არის აბსოლუტური ერთობა ქრისტეში, ქრისტე კი ჭეშმარიტი სიყვარულია. გვინდა, რომ ქართველი და ოსი ხალხის მომავალი დაფუძნებული იყოს სიყვარულზე, მშვიდობასა და ჭეშმარიტ, გულწრფელ თანაცხოვრებაზე“, – აღნიშნა მამა თომამ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა და ლოცვა კურთხევა გადასცა.
VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ 16 ოქტომბრამდე გასტანს, რომელსაც 100-ზე მეტი მომხსენებელი ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიდან თუ უმაღლესი სასწავლებლებიდან.