ქართველი მეცნიერები ნევშეჰირის უნივერსიტეტში

თარიღი: 2023-09-15 14:39:54

1-2 სექტემბერს ქალაქ ნევშეჰირის ჰაჯი  ბექთაშ ვე­ლ­ის  უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა)  ჩატარდა  კაპადოკიის  I  საერთაშორისო ELT კონ­ფე­რენ­ცია – CapELT-2023.

კონფერენცია თემატურად მრავალფეროვანი იყო. მასში მონაწილეობდნენ ლინგვისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და განიხილავდნენ ინგლისური  ენის სწავლების,  სამეცნიერო კვლევის შედეგების ინგლისურ ენაზე გადატანისა და გავრცელების პრობლემურ საკითხებს.

ქართველმა მეცნიერებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევრებმა: რამაზ ქურდაძემ, მაია ლომიამ,  ქეთევან მარგიანმა, ნინო ჭუმბურიძემ კონფერენციაზე წარადგინეს რუსთაველის ფონდის მიერ დაფი­ნან­სებული პროექტის (#FR-21-352) ფარ­გლებში მომზადებული ზეპირი პრეზენტაციები.

მათი მოხსენებები შეეხებოდა ქართული უბრალო და­­მა­­­­ტების და, შესაბამისად, უბრალო დამატე­ბი­თი დამოკიდებული წი­ნა­­­დადების ინგლისურად სწავლების პრობლემატურ საკითხებს, სამი ტიპის პირობით-შედეგებით ჰიპო­ტაქსურ კონსტრუქციას ქართულში და ინგლისურ შესატყვისთა თავი­სებურებებს. მოხსენებებმა დიდი ინ­ტერესი გა­მოიწვია, მსმენელების მხრიდან იყო საინტერესო კომენტარები,  გაიმართა მსჯელობა სხვა­დას­ხვა ენობრივი მონაცემების ტიპოლოგიაზე.

„ნევშეჰირის უნივერსიტეტში მსგავსი სამეცნიერო კონფერენცია პირველად გაიმართა. კონფერენცია ძალიან საინტერესო თემატიკით გამოირჩეოდა და მასზე მაღალი დონის მოხსენებები იქნა წარმოდგენილი.

მასპინძლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ენის თავისებურებებით და ეს მოხსენებების შემდგომ გამართულ დისკუსიასაც ეტყობოდა.

ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ქურდაძემ მათთან ერთად  სამომავლო თანამშრომლობის პერს­პექტივებიც დასახა და უნივერსიტეტის პროფესურა თბილისშიც მოიწვია“, – გვითხრა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მაია ლომიამ.

კონფერენცია  ჰიბრიდული იყო და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ონლაინ მონაწილეობდნენ ქართველი მეცნიერები: ასოცირებული პროფესორი რუსუდან ზექალაშვილი, დოქტორი ნატო ახალაია და სხვ.

საერთაშორისო კონ­ფერენ­ციის დასასრულ,  ქართველ მეცნიერებს გადაეცათ მონაწილეობის  დამადასტურებელი   სერტიფიკატები. ქართველ მეცნიერთა ნაშრომები სრულად  კონფერენციის  მასალების წიგნში გამოქვეყნდება.

Facebook
Twitter
LinkedIn