თსუ-ს მეცნიერთა კვლევის საერთაშორისო აღიარება

თარიღი: 2024-10-24 18:04:31

გერმანიის ქალაქ კიოლნში (7-13 ოქტომბერს) გამოყენებით მეცნიერებათა  საერთაშორისო უნივერსიტეტში (IU  of Applied Sciences)  ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2024) „ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“. სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული იყო კიოლნის ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ადელფის უნივერსიტეტის (გარდენ სითი, ნიუ იორკი, აშშ) და გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) მიერ. კონფერენციაზე წარმოდგენილ 7 თემატურ სესიაში მონაწილეობდა 70 მომხსენებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენება წარადგინა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიურმა პერსონალმაც –  პროფესორ ეთერ ხარაიშვილის, ასოცირებული პროფესორის ია ნაცვლიშვილისა და ასისტენტ-პროფესორის თამარ ლაზარიაშვილის  მოხსენებამ  – „აგროსასურსათო ინდუსტრიის ციფრიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისათვის“ – დიდი ინტერესი გამოიწვია და ის კონფერენციის ორგანიზატორების მიერ საუკეთესო კვლევით ნაშრომად  იქნა აღიარებული.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ციფრიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოს აგროსასურსათო ინდუსტრიის  განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. ციფრიზაცია შეფასებულია,  როგორც ინდუსტრიის   მოდერნიზაციისა და პროგრესის საფუძველი. აღსანიშნავია ავტორების მიერ განხორციელებული ბიბლიომეტრიული კვლევის ანალიზი (SLR), რომლითაც გამოვლინდა  საკვლევი ფოკუსის შესაბამისი კვლევის ძირითადი მიმართულებები; შეფასდა  კვლევის პროცესის ევოლუციური განვითარება;  მოხდა  კვლევითი კლასტერების იდენტიფიცირება ქვეყნებისა და დომინანტური პუბლიკაციების ავტორების მიხედვით; შეფასდა მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ციფრიზაციის კონცეფციების შესახებ.  ბიბლიომეტრიული კვლევა ჩატარებულია Canva-ს, VOSviewer-ის, Datawrapper-ისა და Bibliometrix-ის პროგრამების საშუალებით, ხოლო საკვლევ ბაზად გამოყენებულია  Scopus-ისა და Web of Science-ის, ასევე,  Datareportal-ის ბაზები.

ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ციფრიზაცია  განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის აგროსასურსათო  ინდუსტრიის განვითარებაში. გაკეთებული დასკვნის საფუძველზე,  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დასახელებული ინდუსტრიის  მდგრადობის მიღწევა და მწარმოებლურობის  ამაღლება. კვლევაში მოცემულია რეკომენდაციები აგროსასურსათო ინდუსტრიაში ციფრიზაციის განვითარების შესაძლებლობებზე. 

კონფერენციაზე წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდება Scopus-ში ინდექსირებულ სპრინგერის გამოცემაში – ,,Springer Proceedings in Business and Economics (SPBE)’’.

სამეცნიერო მივლინების პერიოდში ავტორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები უცხოელ მკვლევრებთან და პროფესიული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

Facebook
Twitter
LinkedIn