კონფერენცია, რომელიც საქართველოში ,,ჩინური  ენის ბუმს” და სამომავლო გამოწვევებს ეხმაურება

თარიღი: 2026-06-04 19:33:06

თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ორგანიზებით  გაიმართა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „შორეული აღმოსავლეთი – ისტორია, თანამედროვეობა და სამომავლო გამოწვევები“, რომელზეც ქართველ მეცნიერებთან ერთად მეტად საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს იაპონელმა, ჩინელმა, ფრანგმა და ბულგარელმა სპეციალისტებმა.

რა  იწვევს, ერთი მხრივ, ,,ჩინური  ენის ბუმს”  და,  მეორე  მხრივ, სინოლოგიის,  როგორც  ქვეყანათმცოდნეობის დარგის, ასეთ პოპულარულობასა და მოთხოვნის ზრდას აკადემიურ ბაზარზე? – ამ საკითხების გარკვევას შეეჭიდნენ   თსუ-ს მოწვეული ლექტორები თეონა გელაშვილი და შალვა ჩიხლაძე თავიანთ ნაშრომში  – ,, ქართულ-ჩინური საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარების ისტორია“. მკვლევრების ინფორმაციით, 21-ე საუკუნეში  ქართულ-ჩინური  ურთიერთობები  საკმაოდ დინამიკურად  ვითარდება. ,,პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დარად საკმაოდ აქტუალურია საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების დინამიკაც; ქვეყანაში არსებობს სინოლოგიის ერთი ქართულენოვანი და ერთიც ინგლისურენოვანი   საბაკალავრო   პროგრამა,   კონფუცის  ორი   ინსტიტუტი,   ჩინური ენის სასწავლო პროგრამები ინტეგრირებულია როგორც  დედაქალაქის საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე კერძო და საჯარო სკოლების ნაწილშიც. მეტიც, 2025 წელს საქართველოს  განათლების სამინისტროს ინიციატივით ქართულ საჯარო  სკოლებში ჩინური  ენის, როგორც  მეორე უცხო ენის,   სწავლების  ინიციატივაც   გაჟღერდა.    ამის ფონზე უპრიანი       იქნება      მიმოვიხილოთ      ქართულ-ჩინური       საგანმანათლებლო თანამშრომლობის  განვითარების ისტორია,  მით უფრო, რომ  აკადემიურ ლიტერატურაში არსებულ საკითხზე ინფორმაცია ფრაგმენტული, ნაწილობრივ შესწავლილი და არასრულფასოვანია“, – აღნიშნავენ ნაშრომის ავტორები, რომლებიც სწორედ ამ კუთხით ცდილობენ რეალური სურათის აღდგენას – თუ როგორ გახდა პატარა კავკასიურ   სახელმწიფოში   ჩინური   ენის   შესწავლა    ასეთი   პოპულარული   და  რა ფაქტორების გამო ლიდერობენ რეგიონში ქართველი სტუდენტები და მკვლევრები როგორც ჩინური ენის ცოდნის  დონით,  ასევე აკადემიური პროდუქტიულობითაც.

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის დოქტორანტი  მარიამ ფაცურია თავის ნაშრომში – ,, სამმაგი ენობრივი გარემო და ჩინური ენის სწავლების გამოწვევები საქართველოში“ – იკვლევს ჩინური ენის სწავლების პროცესში  არსებულ გამოწვევებს სამენოვან გარემოში (ქართული-ინგლისური-ჩინური), როცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინგლისურ ენას, როგორც  შუამავალ ენას. კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ ჩინური ენის სწავლების ეფექტურობის გასაზრდელად  აუცილებელია შუამავალი ენის როლის შემცირება და სწავლების პროცესში მშობლიური ენის ინტეგრირება. ნაშრომი წარმოადგენს მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ წვლილს მრავალენოვან  გარემოში ჩინური ენის სწავლების სფეროში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ასევე არაერთი ნაშრომი, რომელიც ხაზს  უსვამს  ჩინური  ენის   საერთაშორისო განათლებას,  როგორც   ცივილიზაციათა  დიალოგისა  და  ორმხრივად  მომგებიანი განვითარების ხიდს შორეულ  აღმოსავლეთში. გამოწვევების დასახელების პარალელურად მათში საუბარია ერთობლივ ძალისხმევაზე ჩინური ენის სწავლების მაღალი ხარისხით განვითარების უზრუნველსაყოფად.

რა განაპირობებს თსუ-ში შორეული აღმოსავლეთის მიმართულების პოპულარობას?

კონფერენცია, რომელიც თსუ-ში გაიმართა, ერთგვარი შეჯამება იყო თსუ-ში მოქმედი შორეული აღმოსავლეთის მიმართულების საქმიანობისა, რომელსაც სათავეში პროფესორი ნანა გელაშვილი უდგას. როგორც კონფერენციის გახსნაზე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, შორეული აღმოსავლეთის მიმართულება დაარსების დღიდან უფრო და უფრო ვითარდება და მრავალი სასიკეთო საქმე კეთდება. „ჩინეთის და იაპონიის მხრიდან მხარდაჭერა არასდროს შენელებულა…  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს  საელჩოების მონაწილეობა უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში კაბინეტების კეთილმოწყობის, ლიტერატურის მომარაგების კუთხით. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი პრაქტიკა ჩინელი ლექტორების მონაწილეობის თვალსაზრისით, რომლებიც სტუდენტებს ჩინურ ენას ასწავლიან. იმედია, ეს თანადგომა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ. 

თსუ-ს პროფესორის, შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა გელაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულების სიღრმისეულად განვითარების კუთხით მრავალი სასიკეთო საქმე კეთდება. ,,უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ  შორეული აღმოსავლეთის რეგიონის შესახებ ქართულ ენაზე ლიტერატურა მწირია, მასზე მოთხოვნილება კი  – სულ უფრო მზარდი. ვცდილობთ ამ ხარვეზის აღმოფხვრას. კერძოდ,  ჩვენს ყოფილ წარმატებულ სტუდენტებთან – სინოლოგებთან – ერთად გამოვეცით  „ჩინეთის ისტორია“ (უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე) და „ჩინეთმცოდნეობის  საფუძვლები“; ასევე, ჩემი ავტორობით გამოიცა „ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები“ და „იაპონური კულტურა“; გამოსაცემად მზადდება „იაპონური  ენობრივ ლიტერატურული საკითხები“,  „იაპონიის უახლესი ისტორია“ და სხვა. გარდა ამისა,  ჩინური და იაპონური ენების პედაგოგები ეწევიან ინტენსიურ მთარგმნელობით საქმიანობას, ქართულად  ითარგმნება მხატვრული ლიტერატურა, მიმდინარეობს  ლექსიკონზე მუშაობა. სრულიად ნათელია, რომ ჩვენს მიმართულებაზე საწყისი ეტაპის  სირთულეები უკვე გადალახულია და წინ მივიწევთ, რათა უფრო მეტად განვვითარდეთ. ხაზგასასმელია, რომ ჩვენ გვაქვს მეტად მრავალმხრივი და საინტერესო სასწავლო დისციპლინების ნუსხა, სულ ახლახანს კიდევ დავამატეთ ბიზნეს-ჩინური და ბიზნეს-იაპონური, რომლებიც  დღეს  ძალიან აქტუალურია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს  ნამდვილად  ძალუძს გამოუშვას სრულფასოვანი სპეციალისტები ამ სფეროში, რამდენადაც სტუდენტები იღებენ  საფუძვლიან კომპლექსურ ცოდნას. ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად  დაფუძნდა  დამოუკიდებელი დარგების სახით იაპონისტიკა და სინოლოგია და თანაც ჯერჯერობით ერთადერთია“, – აღნიშნა ნანა გელაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი და საელჩოს ატაშე ჩენ ჟიიუ.  „მოხარულები ვართ, რომ საელჩოს წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა დავესწროთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.  დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ  ქალბატონ ნანა გელაშვილს გაწეული შრომისათვის. იგი  წლების მანძილზე იკვლევს შორეული აღმოსავლეთის რეგიონს და ამ კუთხით ბევრი  რამ გააკეთა.   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი უშუალო ძალისხმევით მიმართულებაზე  მზადდება მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ხელს უწყობენ ორ ქვეყანას ურთიერთობის გაღრმავებაში. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობდნენ ჩინელი სტუდენტები, რომლებმაც ისწავლეს ქართული და  პეკინში წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას, რაც  პირველი პრეცენდენტია.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ჩინეთის სხვადასხვა სასწავლებლის ურთიერთობა ძალიან მრავალფეროვანია და წარმატებული. ჩინეთის საელჩოს დახმარებით ენისა და კულტურის ცენტრი ფაქტობრივად გახდა პლატფორმა იმისთვის, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები“, – განაცხადა შეხვედრაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა დაი ჩუნიუნგიმ.

. . .

კონფერენციის მონაწილეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო თემატიკის სხვა მოხსენებებიც წარმოადგინეს: ანნა მახარაძემ (თსუ-ს მოწვეული ლექტორი) – ,,ხელოვნება, როგორც პოლიტიკური იარაღი XX საუკუნის ჩინური პროპაგანდისტული პლაკატების მაგალითზე“;  ნანა გელაშვილმა (თსუ-ს პროფესორი) – ,,კორეის ნახევარკუნძული, როგორც ინტერკულტურული კომუნიკაციების ხიდი აღმოსავლეთ აზიის რეგიონში“;  სოფიო გუგუნავამ (თსუ-ს მოწვეული ლექტორი) – „რბილი ძალა“, როგორც იაპონიის საგარეო პოლიტიკის წარმატებული მეთოდი (21-ე საუკუნე)“; მარიკა მშვილდაძემ (თსუ-ს პროფესორი)  – ,,ანტიკური სამყაროს თვალით დანახული ძველი ჩინეთი“; თათია მემარნიშვილმა (იაპონური ენის მოწვეული ლექტორი, თსუ) – ,,საერთაშორისო პროფესიული განვითარების მეშვეობით მასწავლებლის როლის გადაფასება“; ნინო სიმონიშვილმა (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი) – ,,სიურეალიზმი იაპონურ ხელოვნებაში“,  გიორგი ქართველიშვილმა (თსუ-ს დოქტორანტი) – ,,ორი ეპიზოდი აშშ-ის მერკანტილისტური პოლიტიკის უახლესი ისტორიიდან“ და სხვ.

Facebook
Twitter
LinkedIn