20 დღე კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში

თარიღი: 2025-09-26 18:28:09

საზაფხულო სკოლები უნივერსიტეტების ცხოვრებაში უკვე მნიშვნელოვანი სასწავლო კომპონენტი ხდება. ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონეს, დაეუფლონ სხვადასხვა ენას და დაამყარონ კავშირი მომავალ კოლეგებთან.

სწორედ ასეთი შესაძლებლობა მიეცა გასულ ზაფხულს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტს ნათია გოჯორაშვილს, რომელმაც 20 დღე კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაატარა. საზაფხულო სკოლა ეხებოდა სლოვაკური ენისა და კულტურის შესწავლას.

ნათიასთვის ეს დღეები შთამბეჭდავი, დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. „30-ზე მეტი ქვეყნიდან ვიყავით მონაწილეები, რომლებიც დაგვყვეს სლოვაკური ენის ცოდნის დონის მიხედვით. საკლასო აქტივობების გარდა (რომელიც კომენიუსის უნივერსიტეტში ტარდებოდა), დავდიოდით მრავალფეროვან ლექციებზე, დავათვალიერეთ ქალაქი, დავესწარით სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას (მაგ. ქალთა არქეტიპების შესახებ პერფორმანსს), ვიყავით ექსკურსიაზე არაერთი ადგილის სანახავად. გარდა ამისა, შეგვეძლო მონაწილეობა მიგვეღო სხვადასხვა ვორკშოფში, მე ფოტოგრაფიის ვორკშოფი ავირჩიე და სამი დღე საკმაოდ საინტერესოდ და მხიარულად გავატარე“, – იხსენებს ნათია.

ნათიას თქმით, საზაფხულო სკოლაში წასვლა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ღირებული გადაწყვეტილება. „შევხვდი საინტერესო ადამიანებს რამდენიმე ქვეყნიდან, გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და მრავალფეროვნებას, დავაგროვე ბევრი ლამაზი მოგონება (შემთხვევით, სხვადასხვა ქვეყნის მონეტების შეგროვებაც დავიწყე, მაგრამ გრძელი ამბავია და თავს არ შეგაწყენთ) და მომეცა მოტივაცია მსგავს პროექტებში/სკოლებში ჩართვის“, – გვიყვება ნათია და დასძენს, რომ თუ კიდევ მიეცემა მსგავს პროექტში ჩართვის შესაძლებლობა, კვლავ ეცდება მონაწილეობას, რადგან სტუდენტისთვის საზაფხულო სკოლა, ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, სტუდენტური ცხოვრების ყველაზე საუკეთესო ნაწილია.

Facebook
Twitter
LinkedIn