კინოკლუბის შექმნის იდეა და კინოჩვენების რამდენიმე სეანსი სტუდენტებისთვის

თარიღი: 2025-12-17 18:48:31

კინოკლუბის შექმნის იდეა 2025 წელს დაიბადა, რომელიც სტუდენტური გაერთიანება ,,სხივისა“ და რეჟისორის, თსუ-ს ლექტორის ნინო გელოვანის კოლაბორაციაა. „სხივის“ პროექტის ფარგლებში დაარსებული კინოკლუბის მიზანია მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი, შინაარსობრივად დატვირთული ფილმების ჩვენება და მათი გააზრება/გაანალიზება ავტორთან თუ მოწვეულ სტუმრებთან საუბრის ფორმატში. კინოკლუბი არ შემოიფარგლება მხოლოდ კინოჩვენებებით – ის ქმნის სივრცეს, სადაც კინო დიალოგის საშუალებას აჩენს. რეჟისორ ნინო გელოვანის ჩართულობა კინოკლუბის პროგრამულ ხედვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. მისი პროფესიული გამოცდილება და ხედვა უზრუნველყოფს, რომ შერჩეული ფილმები არა მხოლოდ ესთეტიკურად ღირებული, არამედ შინაარსობრივად აქტუალური და დამაფიქრებელი იყოს. „სხივის“ კინოკლუბი მიზნად ისახავს კულტურის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და ისეთი სივრცის ჩამოყალიბებას, სადაც კინოს სიყვარული აზროვნების, მსჯელობისა და შემოქმედებითი პროცესის ნაწილად იქცევა.

თსუ-ს სივრცეში პირველი კინოჩვენება მიეძღვნა რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილსა და მის ფილმს  – ,,დიდი მწვანე ველი“, რომლის შესახებაც თავად მერაბ კოკოჩაშვილმა მოწვეული სტუმრის სტატუსით ისაუბრა.  კინოს დიდოსტატმა სტუდენტებთან ერთად განიხილა ფილმის თემატიკა, შინაარსი და ეპოქა, რომელშიც „დიდი მწვანე ველი“ შეიქმნა. სტუდენტებმა იხილეს არა მხოლოდ ეკრანული ისტორია, არამედ თავად ავტორისგან მოისმინეს მოგონებები, შემოქმედებითი პროცესის დეტალები და ის ხედვა, რომელმაც ქართული კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

დიდმა რეჟისორმა განსაკუთრებით აღნიშნა – თუ რაოდენ სასიხარულოა, როცა მისი ღვაწლი და, ზოგადად, კინო დღევანდელ ახალგაზრდობას კვლავ ხიბლავს. მისი თქმით, ფილმისადმი სტუდენტების ინტერესი საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თემები და ემოციები, რომლებზეც იგი მუშაობდა, დღემდე აღძრავს თაობათაშორისი შემოქმედებითი დიალოგის წარმართვის სურვილს.

მეორე შეხვედრაზე სტუდენტებმა იხილეს ფედერიკო ფელინის ოსკაროსანი ფილმი ,,გზა“, ხოლო მესამე კინოჩვენება დაეთმო ფრიც ლანგის ,,მეტროპოლისს“.

პროექტის იდეის ავტორები არიან სტუდენტები: გიორგი ფოცხვერია, დათა გერანტია, სალომე ცქვიტაია და კესო ნონიაშვილი. პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

Facebook
Twitter
LinkedIn