კიბოს წინააღმდეგ  ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი

თარიღი: 2023-02-15 14:35:04

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა, თსუ-ს საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში,  არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართა. კიბოს წინააღმდეგ  ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი თავისი მასშტაბურობითა და  სტუდენტების დიდი აქტივობით  გამოირჩეოდა. 

კიბოს მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 4 თებერვალს აღინიშნება და მსოფლიოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში აერთიანებს. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, რომლის ინიციატივითაც აღინიშნება ეს დღე, ცდილობს მოსახლეობის ყურადღება მიაპყროს ავთვისებიანი სიმსივნეების აღკვეთას, ადრეულ გამოვლენას და მკურნალობას.
კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს აგრეთვე მოსახლეობის დარწმუნებას ონკოლოგიური დაავადების დამარცხების შესაძლებლობაში კიბოს ადრეული სტადიის გამოვლენისას და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვის აუცილებლობას. კიბოს პრევენცია და კიბოთი დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის ამაღლება  უმნიშვნელოვანესი საკითხებია.

სწორედ ამ თემაზე  საუბრობდნენ ხმამაღლა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც  კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ონკოლოგიური დაავადებების  სხვადასხვა ფორმები და საინტერესო შემთხვევები განიხილეს.

სიმპოზიუმს ხელმძღვანელობდა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ონკოლოგიის და პალიატიური მზრუნველობის კათედრის გამგე, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ რუხაძე. სტუდენტებმა სიმპოზიუმზე  საინტერესო და მაღალი დონის მოხსენებები წარმოადგინეს: „კანის ავთვისებიანი მელანომა“  (თაჰირა არიეფი, შეიიკ მუსკანი); „ძუძუს კიბო“ (ელფრედა მარია ფერნანდესი, ბეკი ელის დანიელი);  „საშვილოსნოს ყელის კიბო“ (მერიამ ირშად ბაქრი, სანსკარ სინგჰი); „მსხვილი ნაწლავის კიბო“ (მოჰამად ასმარი, აბდულჰამიდ კასაბ); „კეტოგენური დიეტით თერაპია ძუძუს კიბოს დროს“ (შრიამია); „ძუძუს კიბო ორსულებში – რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა (აფიფა ხალიელულა, რაშაა ფატიმა ხატიბი, სამრინ რიზვან აჰმედ შაიხი); „ფილტვის კიბოს სიკვდილობის შემცირება LDC“ (იხლას იბრაჰიმ სალიმო ამირი) და სხვა.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდა 25 მომხსენებელი. სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე გაიმართა სტუდენტების მიერ კვლევით სტატიებზე დაფუძნებული სასტენდო მოხსენებების სექცია. სიმპოზიუმზე სტუდენტებსა და დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა  კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართულიყვნენ. ღონიძიების ერთ-ერთი სექცია მიეძღვნა ონკოლოგიური დაავადებებისაგან განკურნებულ პაციენტებს. სტუდენტებსა და პაციენტებს შორის შედგა საინტერესო და თემატური დისკუსია. აღნიშნული პრაქტიკა მნიშვნელოვანი იქნება მათი შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის.

„სიმპოზიუმის მუშაობაში ჩართული  სტუდენტების იდეა იყო ონკოლოგიიის დარგში დაგროვილი გარკვეული ცოდნისა თუ იდეების გაზიარება. ეს იდეა  აიტაცა  როგორც ფაკულტეტის,  ისე თსუ-ს ადმინისტრაციამ. ზოგადად, ძალიან სასიამოვნოა  უცხოელი სტუდენტების მხრიდან ასეთი ინიციატივის გამოჩენა, რადგან ისინი უცხო ქვეყანაში იღებენ პროფესიულ განათლებას. საერთოდ, ონკოლოგია საინტერესო დარგი და მომავლის მეცნიერებაა და, რა თქმა უნდა,  ამ  მიმართულებით  ბევრ სიახლეს ველოდებით. ეს მომენტი უცხოელმა სტუდენტებმა კარგად განსაზღვრეს, გაანალიზეს  და დღეს სახეზე გვაქვს ამ დარგში პირველი სტუდენტური სიმპოზიუმი“, – განაცხადა  პროფესორმა თამარ რუხაძემ, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა თსუ-ს ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.    

სიმპოზიუმის პროგრამა მრავალფეროვანი და საკმაოდ მოცულობითი იყო. სიმპოზიუმის ორგანიზატორებს პროგრამის შეკვეცა მოუხდათ, რადგან  სიმპოზიუმი მხოლოდ ერთი დღე გრძელდებოდა, მონაწილეობის სურვილი კი ათობით სტუდენტმა გამოთქვა. პროგრამა მოიცავდა  რეალური პაციენტების შესახებ ინფორმაციებს,  ასევე, წარმატებული თუ წარუმატებელი ქეისების განხილვას,  სხვადასხვა   თუ კომბინირებული მკურნალობის საინტერესო შემთხვევებს, რაც უდაოდ  მნიშვნელოვანია დამწყები მკვლევრებისთვის.  

პროგრამის  მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო პოსტერების სექცია, რომელიც    მსოფლიოში აღიარებული და დღეს მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების გაანალიზებას ეხებოდა. ერთ-ერთი სექცია  ამ დაავადების დამმარცხებლების  ისტორიების  გაცნობას გვთავაზობდა. პროგრამა  საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ სექციებსაც მოიცავდა, სადაც სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

„სტუდენტების მიერ საინტერესო ონკოლოგიური  შემთხვევების სწორად გამოტანა და გააზრება ძალიან  მნიშვნელოვანია, რომელიც კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბების გარანტია. იმედია,  ჩვენი ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტების  მიერ ორგანიზებული პირველი  სიმპოზიუმი  ტრადიციად იქცევა  და   ფაკულტეტის  სხვა მიმართულებებსაც მოიცავს“, – განაცხადა პროფესორმა თამარ  რუხაძემ, რომელმაც სიმპოზიუმის მონაწილეებს წარმატებები  უსურვა.

„ამ სიმპოზიუმის თავისებურება არის ის, რომ პირველად მხოლოდ უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტების მიერ არის მომზადებული მოხსენებებიც, ეგრეთწოდებული ქეის-რეპორტებიც და  პაციენტებთან ინტერვიუებიც. სიმპოზიუმს  60-მდე  მონაწილე ჰყავს. უცხოელი სტუდენტების  მონაწილეობით ასეთი მასშტაბური,  მონოთემატური ღონისძიება    პირველად ტარდება. ამ სიმპოზიუმის სულის ჩამდგმელმა და  ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ რუხაძემ დიდი შრომა გასწია   სიმპოზიუმის ასეთი   მაღალი დონით ორგანიზებისათვის.   კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ჩატარდება, რათა ხელი შეეწყოს საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებას და   სტუდენთა  კვლევითი უნარების განვითარებას“, – განაცხადა  თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ.   

პროფესორმა  სოფიო კახაძემ, რომელიც მედიცინის ფაკულტეტის რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრაზე მოღვაწეობს,   აღნიშნა,  რომ  უმნიშვნელოვანესია გარემო და ის აქტივობები,  რომელსაც ფაკულტეტის ადმინისტრაცია ინგლისურენოვანი  სასწავლო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს. „სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენებები მაღალ   დონეზეა  შესრულებული, რომელიც ონკოლოგიის გარდა რადიოლოგიასაც მოიცავს. ამ მოხსენებებიდან  ჩანს  – თუ სწავლების რა მაღალ სტანდარტებს სთავაზობს  ფაკულტეტის ადმინისტრაცია  უცხოელ სტუდენტებს.  პროფესორ  დიმიტრი კორძაიას დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი ასეთი წარმატებულია.  ბატონი დიმიტრი ყოველთვის მომართულია  – სტუდენტების იდეებსა და აქტივობებს ხელი შეუწყოს;  პროფესორ  თამარ რუხაძეს კი დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ სიმპოზიუმი ასეთი მასშტაბური, მაღალ დონეზე ორგანიზებული და  მომზადებულია“, – აღნიშნა  პროფესორმა სოფიო კახაძემ.  

სიმპოზიუმის პარალელურად გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  –  „რეპროდუქციული განათლება საქართველოში“, რომელიც  ორგანიზებული იყო საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციისა და პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის მიერ. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციულ თემაზე კონფერენცია  ყოველწლიურად იმართება.

„თსუ-ს  მედიცინის ფაკულტეტს აქვს მეანობა-გინეკოლოგიისა და  რეპროდუქტოლოგიის  კათედრა,  რომელსაც   პროფესორი არჩილ ხომასურიძე ხელმძღვანელობს. ის გახლავთ საქართველოში და შეიძლება ითქვას მსოფლიოშიც რეპროდუქტოლოგიის   განვითარების პიონერი. ეს, რა თქმა უნდა,  დიდი პატივია, როცა ახალი დარგის შემქმნელ-დამფუძნებელი  ჩვენი კათედრის ხელმძღვანელია. ბატონ არჩილს თსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა, რაც მისი  ღვაწლის აღიარებას  და  დაფასებას გულისხმობს“, – განაცხადა პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, რომელმაც პროფესორ არჩილ ხომასურიძეს მიულოცა  ესოდენ საპატიო ჯილდო და  შემდგომი წარმატებები უსურვა.

Facebook
Twitter
LinkedIn