თსუ-ში ნატოს მხარდაჭერით საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ტრენინგი გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ნატოს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო ღონისძიებას – „ტრენინგი, კვლევა და განათლება – კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის“. ღონისძიება მიზნად ისახავდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კიბერუსაფრთხოების წამყვანი ექსპერტები 18 ქვეყნიდან – მათ შორის საქართველოდან, აშშ-დან, კანადიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ნატოს პარტნიორი სახელმწიფოებიდან. მათ ტრენინგის მონაწილეებისთვის ჩაატარეს ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები კიბერშეტევების პრევენციისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების თემებზე.
თსუ-ს რექტორის მოადგილის, პროფესორ ერეკლე ასტახიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურადაც მნიშვნელოვანია: „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს ამ მიმართულების განვითარებას და მზად არის, ხელი შეუწყოს როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით კიბერუსაფრთხოების პროგრამების დანერგვას“, – აღნიშნა მან.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცვნენ კიბერუსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ისეთი სასწავლო კურსების შემუშავება, რომლებიც უნივერსიტეტებში დაინერგება. ასევე დაგეგმილია რეგიონული ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების განვითარებას როგორც საქართველოში, ისე ნატოს პარტნიორ ქვეყნებში. ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბდა სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს კვლევით პროექტებზე.
პოლონეთის ეროვნული ბირთვული კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილემ იაცეკ გაევსკიმ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ტრენინგის მიზნებზე ისაუბრა: „კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიბერშეტევებმა, შესაძლოა, ქვეყნის ფუნქციონირების პარალიზება გამოიწვიოს. ამ ტრენინგის შედეგად ჩამოყალიბდება სასწავლო პროგრამა და შეიქმნება ლაბორატორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში კიბერუსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა მან.
„ტრენინგი, კვლევა და განათლება – კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის“ გაიმართა NATO-ს Science for Peace and Security Program-ის Advanced Training Course (ATC) ფორმატში და ორგანიზებული იყო პოლონეთის ეროვნული ბირთვული კვლევების ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საგანმანათლებლო და კვლევითი ქსელების ასოციაცია GRENA-ს მიერ.
„კიბერუსაფრთხოება არის გლობალური გამოწვევა. ჩვენი მიზანია – შეიქმნას რეგიონული ლაბორატორია და სასწავლო კურსები, რომლებიც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას,“ – აღნიშნა GRENA-ს ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ქვათაძემ.
დღესდღეობით საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა. ამ სფეროში კვლევებისა და სწავლის ხელშეწყობა – მათ შორის, ლაბორატორიებისა და ციფრული პლატფორმების განვითარება – აუცილებელია ინფრასტრუქტურის ეფექტიანი დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და რეგიონში კიბერუსაფრთხოების მტკიცე და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისკენ.
