ქეთი ტატიშვილის გამოცდილება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემდეგ

თარიღი: 2024-03-21 18:11:20

ქეთი ტატიშვილი იმ სტუდენტთა ნაწილს მიეკუთვნება, რომლებმაც ერასმუს პლიუსის გაცვლით პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ქეთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების მეოთხეკურსელია. მან გაცვლით პროგრამაში მეოთხე კურსის პირველ სემესტრში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ერთი სემესტრის განმავლობაში ფინეთში, ქალაქ იავასკულაში, იავასკულას უნივერსიტეტში სწავლობდა.

როგორც თავად გვიყვება, მსგავს პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჰქონდა და იცოდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერასმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამების დიდი არჩევანით გამოირჩეოდა. სწორედ ეს იყო სტუდენტისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რის გამოც მან თსუ აირჩია. იმის მიუხედავად, რომ მისი მიზანი – ესწავლა უცხოეთში, დიდი იყო, ჩაბარებისთანავე ვერ მოახერხა წასვლა – სურვილს წინ კოვიდ პანდემია გადაეღობა, რის გამოც ქეთი შესაბამის დროს ელოდა.

სოციალური მუშაობის სტუდენტმა პროგრამაში მონაწილეობისთვის მზადება ერთი სემესტრით ადრე, მესამე კურსის მეორე სემესტრიდან დაიწყო.

„პირველი ეტაპი, რომელიც გავიარე, ეს იყო ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება. იმათ, ვისაც არ აქვთ ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი, შეუძლიათ, რომ თსუ-ში ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა. მეორე ეტაპზე კი ვიწყებთ საბუთების შეგროვებას. საბუთებს ვტვირთავთ უნივერსიტეტის საიტზე გაცვლითი პროგრამებისთვის mobility.tsu.ge-ზე, ამის შემდეგ ინიშნება გასაუბრება, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ეტაპს წარმატებით გაივლით. გასაუბრების გავლის შემდეგ მიიღებთ ან თანხმობას, ან უარს. დადასტურების შემთხვევაში კი დაგაკავშირებენ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტთან“, – გვიხსნის ქეთი.

მისთვის ზემოთ მოთხრობილი პროცესი ერთდროულად საინტერესო და უცნაური იყო. როგორც თავად ამბობს, არ სჯეროდა, რომ ფინეთში მიდიოდა; არ სჯეროდა არც იმ დროს, როდესაც თანხმობა მიიღო და იქაური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ელაპარაკა; არც მაშინ, როდესაც თვითმფრინავის ბილეთები იყიდა.

„წინასწარი მოლოდინები არ მქონდა, რადგან ჩემი თავი სრულად ვერ წარმომედგინა იქ, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ, როდესაც ჩავედი ფინეთში, არ მქონდა ნერვიულობის განცდა. უცნაურია, მაგრამ ძალიან მარტივად შევეჩვიე იქაურობას, იმის გათვალისწინებით, რომ არც ენა ვიცოდი და არც ფინურ კულტურას ვიცნობდი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, თუმცა მარტივად ავითვისე იქაური ცხოვრების სტილი. ეს დამეხმარა რამდენიმე თვის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიმეღო იქ გატარებული დროისგან“ , – გვიყვება სტუდენტი.

ფინეთში ყველაზე მეტად უნივერსიტეტი მოეწონა, ის, რის გამოც რეალურად წავიდა იქ. მოწონების მიზეზი კი მარტივი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – კამპუსი სტუდენტების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. ქეთის თქმით, სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ ყველა სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროება იყო გათვალისწინებული, თუნდაც კაფეტერია, რომელიც თითოეულ შენობაში იყო, ასევე სამეცადინო სივრცეები, ოთახები კონფერენციებისა და ჯგუფური შეხვედრებისთვის.

„ძალიან საინტერესო ლექციები გვიტარდებოდა, ამიტომ განსაკუთრებით მომწონდა ლექციებზე დასწრება. ის განსხვავებული იყო თუნდაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ლექციებისგან – იყო მეტად ინტერაქციული“ , – იხსენებს ქეთი.

ვინაიდან ფინეთში სწავლება ინდივიდუალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული, იქ ყველანაირად ცდილობენ, რომ სტუდენტისთვის სწავლების პროცესი ნაკლებად სტრესული იყოს. ქეთის აზრით, სწორედ ეს არის დიდი განსხვავება ფინურ და ქართულ სწავლებას შორის, რადგან, როგორც თავად ამბობს, ისიც და მისი ის მეგობრებიც, რომლებიც საქართველოში სწავლობენ, სტრესულ სიტუაციაში სხვადასხვა მიზეზების გამო აღმოჩნდებიან ხოლმე. „ალბათ ამას შევცვლიდი ჩვენს უნივერსიტეტში, რომ ის სერვისები, რაც არსებობს სტუდენტებისთვის, მეტად იყოს მათზე მორგებული“, – დასძენს სტუდენტი.

სწავლის გარდა, ქეთი ცდილობდა, ისეთი ადგილები მოენახულებინა, რაც ფინეთის უნიკალურობას კარგად დაანახებდა. გაცვლითი პროგრამის სტუდენტი იესენის (Erasmus Student Network – ESN) მიერ დაფინანსებულ ორ ტურში იმყოფებოდა. პირველი ტური ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო, რომლის ფარგლებშიც მან ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მოინახულა, ხოლო მეორე ტური კი მოიცავდა ლაპლანდიას, ჩრდ. ფინეთისა და ნორვეგიის ნაწილს.

„რატომ ვფიქრობ, რომ ეს ტურები იყო განსაკუთრებული და უნიკალური? სხვა შემთხვევაში ჩემ თავს ლაპლანდიაში ვერ წარმოვიდგენდი. ვერ წარმომიდგენია, რომ ცხოვრების სხვა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში აღმოვჩნდებოდი ლაპლანდიაში და ვნახავდი ჩრდილოეთის ციალს“, – აღნიშნავს იგი.

ქეთის სამომავლო გეგმებში მაგისტრატურაზე უცხოეთში სწავლის გაგრძელება შედის, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მალევე ამას არ აპირებს.

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა იმ სტუდენტებს, რომლებსაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურთ, გვპასუხობს, რომ ურჩევს – შიშის მიუხედავად, სცადონ და ეს ნაბიჯი გადადგან. როგორც ქეთი ამბობს, ყველა სირთულის მიუხედავად, რაც შეიძლება სტრესული ჩანდეს, ის გამოცდილება და ცოდნა, რასაც იქ მიიღებენ, სამუდამოდ დარჩებათ. „გარდა იმისა, რომ მიიღებთ პროფესიულ ცოდნას, გაცვლითი პროგრამები ხელს შეგიწყობთ, რომ განვითარდეთ პიროვნულადაც“, – ამბობს ქეთი.

მარიამ ბარამიძე,

 თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

 ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn