პროფესორმა ქეთევან კაკიტელაშვილმა მონაწილეობა მიიღო აკადემიურ ვორკშოპში „ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი“

თარიღი: 2024-09-25 19:45:36

თსუ-ს კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კაკიტელაშვილმა მონაწილეობა მიიღო აკადემიურ ვორკშოპში „ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი“ (იერუსალიმი, 15-19  სექტემბერი, 2024 წ.). ვორკშოპი ორგანიზებული იყო იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ებრაული ცივილიზაციის სწავლების ცენტრის მიერ ისრაელის ინსტიტუტის (ვაშინგტონი) მხარდაჭერით.

ვორკშოპში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს, იაპონიის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მკვლევრები და ლექტორები.

ვორკშოპის ფარგლებში,  ებრაელ და არაბ/პალესტინელ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განხილული და კონტექსტუალიზებული იყო იდენტობის მოზაიკა თანამედროვე ისრაელის საზოგადოებაში, წინააღმდეგობრივი და საკამათო იდენტობის ნარატივები, ასევე, ისრაელის საზოგადოების მგრძნობიარე და რთული საკითხები, როგორიცაა შიდაებრაული ეთნიკური ურთიერთობები, ებრაულ-არაბული ურთიერთობები და ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი.

პროფესორ ქეთევან კაკიტელაშვილის თქმით, ვორკშოპი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც უზრუნველყოფდა მასში ჩართულ მკვლევრებსა და ლექტორებს მიდგომებითა და ინსტრუმენტებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელის ადგილის უკვეთ გააზრებისა და, შემდგომში, სწავლებისათვის, როგორც ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის კონტექსტში, ასევე მის გარეშე.

ებრაული ცივილიზაციის სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ქეთევან კაკიტელაშვილთან შეხვედრისას გამოთქვეს ინტერესი და მზაობა ივნე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

Facebook
Twitter
LinkedIn