სტიპენდიატობა ქეთევან ბალანჩივაძეს სპორტულ ინტერესად ექცა

თარიღი: 2024-06-06 19:09:10

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთევან ბალანჩივაძე  უკვე მეოთხედ გახდა  სახელმწიფო სტიპენდიატი  და  გამარჯვებულ კონკურსანტთა სათავეშია  უმაღლესი შეფასებით. 

ქეთევანისთვის  სახელმწიფო სტიპენდიის მიღება  ასოცირდება იმ შრომის დაფასებასთან, რაც ყველა სემესტრის განმავლობაში ყოველდღიურად უწევს. ის ფაქტი, რომ სტიპენდიატის  სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში აქვს, თითქოს სპორტულ ინტერესსაც უჩენს და ამბობს: ,,მინდა, ყოველთვის დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ კონკურენტუნარიანი ვარ თუნდაც ამ კუთხით – ეს კი ჩემთვის მოტივაციის საუკეთესო წყაროა“.  

ქეთევანი მუდმივად არის აქტიურად ჩართული სტუდენტურ ღონისძიებებში.  „სამეცნიერო ანალიტიკურ ჟურნალში  – „საქართველოს ეკონომიკა“ –  გამოქვეყნებული მაქვს 6 სტატია. ჩემი პირველი სტატია იყო „ჩრდილოვანი ეკონომიკა და საქართველო“. მასთან განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს, რადგან ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის გაზიარება სხვებისთვისაც შემეძლო. ეს საკმაოდ დიდი მოტივაცია აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამეგრძელებინა სტატიების გამოქვეყნება. განვიხილავდი აქტუალურ და საინტერესო თემებს, მაგალითად, პანდემიის პერიოდში გამოვაქვეყნე სტატიები: „რატომ არის ფასები ასე მაღალი ახლა და დაუბრუნდებიან თუ არა ისინი ნორმალურ მდგომარეობას“, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“, „ფასები სააფთიაქო ბაზარზე“, „საერთაშორისო ვაჭრობა და საქართველო“.  ბაკალავრიატის საფეხურის ბოლოს მომზადებული  სტატიაც – „ინფლაცია და საქართველო“ – ასევე ემოციურად დატვირთულია“, – აღნიშნავს ქეთევანი, რომელიც  პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით  კარგ რჩევას გვაძლევს: „თუ გინდა, რომ საკუთარი პროფესიისგან მიიღო სიამოვნება და არ გადაიზარდოს შენი საქმიანობა მოსაწყენ რუტინაში, მაშინ უფრო ფართო ჭრილში უნდა განიხილო ის. მაგალითად, თუ ეკონომიკურ აზროვნებას მივუდგებით – როგორც შემოქმედებით აზროვნებას, მაშინ უფრო დავაფასებთ და გამოვიყენებთ მას როგორც ყოველდღიურ, ასევე, სამსახურეობრივ ცხოვრებაში“.

კითხვაზე – თუ რა შესაძლებლობები აქვს დღეს კარგ ეკონომისტს, ქეთევან ბალანჩივაძე ასე გვპასუხობს:  შეზღუდულობა საზოგადოების რესურსების ლიმიტირებულობაა, ეკონომიკა კი იმის შესწავლაა, თუ როგორ მართავს საზოგადოება თავის შეზღუდულ რესურსებს. ამ ჭრილში გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა რაციონალურად აზროვნება, ალტერნატიული დანახარჯების განსაზღვრა. ეკონომიკა და ეკონომიკური აზროვნების ცოდნა კი ამ ყველაფერს ამარტივებს.  ვთვლი, რომ დღეს კარგი ეკონომისტისთვის ყველა კარი ღიაა, რადგან არ მეგულება არც ერთი ბიზნესი, ორგანიზაცია ან რაიმე წამოწყება როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში, რომელსაც შეუძლია ეკონომისტისა და მისი წვლილის გარეშე წარმატების მიღწევა. ეკონომისტობას და ეკონომიკურ აზროვნებას არ აღვიქვამ მხოლოდ როგორც პროფესიას, რადგან საბაზისო ეკონომიკის ცოდნით შეგიძლია ცხოვრების გამარტივება და ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების მარტივად გადაწყეტა“, – აცხადებს ქეთევანი.

მადლიერი სტუდენტი გაზეთის საშუალებით თავის პროფესორ-მასწავლებლებს ეხმიანება და ამბობს:  „გამიმართლა, რომ სტუდენტობის პერიოდში მათთან ერთად მომიწია  წლების გატარება. დასაფასებელია მათი თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ…“

ქეთევანისთვის, პირადი გამოცდილების თანახმად,  სტუდენტური ცხოვრება ასოცირდება პოზიტიურ მოგონებებთან და გათენებული ღამეების დაფასებასთან.  „სტუდენტურ წლებში გავიზარდე როგორც კარიერულად, ასევე, პიროვნულად. რაც შეეხება შესაძლებლობებს, სტუდენტური პორტალის საშუალებით ყოველთვის ვიღებთ ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის დახმარებით. სტაჟირებასა და ახალი გამოცდილებების მიღებაში უნივერსიტეტი სხვა კუთხითაც გვიწყობს ხელს, ის გვაძლევს საშუალებას სემესტრული ცხრილი ჩვენზე მორგებულად შევადგინოთ“, – აღნიშნავს ქეთევან ბალანჩივაძე, რომელსაც    ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ დაგეგმილი აქვს ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება. არჩევანს, რა თქმა უნდა, ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერებს. სტატიების წერისა და გამოქვეყნებისგან მიღებული სიამოვნების განცდის დათმობასაც არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს  საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას.

Facebook
Twitter
LinkedIn