სამეცნიერო ჟურნალის – „კერძო სამართლის მიმოხილვა“ – ახალი ნომერი გამოიცა
„სასურველია, გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამოქალაქო კოდექსების მსგავსად საქართველოს სამოქალაქო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი: ცხოველები არ წარმოადგენენ ნივთებს. ისინი დაცული არიან სპეციალური კანონებით. მათთან დაკავშირებით გამოიყენება ნივთების მიმართ არსებული ნორმები, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი“;
„ცხოველთა უფლებების დაცვის როგორი მაღალი სტანდარტიც არ უნდა დავაწესოთ, რაც მისასალმებელია, ამან ეჭვის ქვეშ არ უნდა დააყენოს ადამიანის ძირითად უფლებათა კონსტიტუციური გარანტიები. საჭიროა მათ შორის გამოინახოს ისეთი გონივრული ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უფლებათა სრულფასოვან დაცვასა და მათ მშვიდობიან თანაარსებობას“, – ჟურნალის ეს ორი წანამძღვარი, რომელიც გამოცემის გარეკანზეა გამოტანილი, მთავარი რედაქტორებისა და სამეცნიერო საბჭოს მთავარ გზავნილს წარმოადგენს ახალი გამოცემის გარეკანის დიზაინთან ერთად, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებშია გაფორმებული.
„კერძო სამართლის მიმოხილვის“ ახალი გამოცემის სტატიების თემატიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს. გამოყოფილია ორი მთავარი მიმართულება – ცხოველთა უფლებების დაცვისა და უძრავი ნივთების კეთილსინდისიერ შეძენასთან დაკავშირებული საკითხი, რომლებიც მანამდე „თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის“ ორგანიზებულ კონფერენციებზე იყო წარმოდგენილი. ჟურნალში ასევე დაბეჭდილია სტატიები სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზეც, მათ შორის, საკუთრების ძირითადი უფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით.
„კერძო სამართლის მიმოხილვის“ ახალი გამოცემა მესამე და მეოთხე ნომრებს აერთიანებს, სადაც „თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტში“ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული უახლესი კვლევის შედეგებია მოცემული. უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შეძენა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც კი გახდა. საქმემ „ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ახალ სამეცნიერო დისკუსიას მისცა ბიძგი. ასევე აქტუალურია ცხოველთა უფლებების საკითხი, რომელიც საქართველოს კანონით არ არის ბოლომდე დარეგულირებული. ყოველწლიურად მილიარდობით ცხოველი ეწირება ადამიანის ინტერესებს, რაზე უარის სათქმელადაც კაცობრიობა არც მორალურად და არც ტექნიკურად მზად არ არის. ევროპაში ამ საკითხებზე სერიოზული მსჯელობა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიები ჩვენთანაც დაიწყო.
„თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი“ მაქსიმალურად უწყობს ხელს ახალგაზრდა მკვლევრებს და მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული ფირმა – „ბეგიაშვილი და კომპანია“ მათი შრომების გამოქვეყნების მხარდამჭერია.
სიმბოლურია ჟურნალის ყდაც, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მთელი ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ჟურნალის ერთ-ერთმა მთავარმა რედაქტორმა თამარ ზარანდიამ ახალი გამოცემის პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 ნოემბერს გაიმართა.
„მე ვისურვებდი, რომ ამ გამოცემამ პრაქტიკული შედეგი გამოიღოს“, – განაცხადა „თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ბესარიონ ზოიძემ. მისივე განმარტებით – „სამეცნიერო სტატიები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს აანალიზებს, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა – საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საქმეზე „ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე სამეცნიერო სტატიაა ჟურნალში გამოქვეყნებული და, ასევე, გაანალიზებულია ცხოველთა უფლებები, რის შესახებ მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიები თუ საზოგადოებრივი განწყობები სამართლის სუბიექტურობისკენ გადახრის ნიშნებს შეიცავს“.
„უკიდურესობებისკენ მიდრეკილ საზოგადოებებს უჭირთ ზღვარი გაავლონ ცხოველისა და ადამიანის უფლებებს შორის. ცხოველი არ არის ნივთი, მაგრამ მასთან მიმართებით ნივთის წესები გამოიყენება, თუმცა ეს მის ღირებულებით მდგომარეობაზე ხაზგასმაა – ის ღირსების მატარებელია, მაგრამ არა – ადამიანის სუბიექტური ინტერესების გამო, არამედ იმიტომ, რომ ის თავისთავად არის დაცვადი“, – განმარტა ბესარიონ ზოიძემ.
ამ დროისთვის, ცხოველთა უფლებების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს. როგორც ჟურნალის პრეზენტაციაზე იურისტებმა აღნიშნეს, „კერძო სამართლის მიმოხილვაში“ გამოქვეყნებული ახალი კვლევების პრაქტიკული გამოყენების ეფექტიანობის გასაზრდელად ავტორებს საკუთარი მოსაზრებების საკანონმდებლო ორგანოში წარდგენა შეუძლიათ.
„კანონპროექტზე სამუშაო პროცესი ღიაა და სამეცნიერო მოსაზრებები კანონშემოქმედებით საქმიანობაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებით ზეგავლენას იქონიებს“, – განაცხადა თამარ ტატანაშვილმა.
„გარდა ამისა, ჟურნალში, ზოგადად, ისეთი საკითხებია გაანალიზებული, რაზეც პრაქტიკოს იურისტებს ხშირად გვიწევს მუშაობა სარჩელისა ან შესაგებლის მომზადების დროს, რაც კვლევების პრაქტიკულ დანიშნულებას ზრდის,“ – განმარტა იურისტმა გიორგი ბეგიაშვილმა.
ახალ გამოცემაში ცხოველთა უფლებების თემატიკა კერძო სამართლებრივთან ერთად საჯარო სამართლებრივ და სისხლის სამართლებრივი მიმართულებებითაც არის განხილული, მათ შორის არის თემურ ცქიტიშვილის სტატია „ცხოველის სისხლის სამართლებრივი დაცვა“ და პაატა ტურავას – „ცხოველთა დაცვის საჯარო სამართლებრივი საფუძვლები“.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართალში არის საკითხები, რაზეც კერძო სამართალთან ვდავობთ (მაგალითად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილი), ჩვენ მაინც ვიპოვეთ საერთო და იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ახალი პლატფორმის ფარგლებში, სადაც ჩვენ სამეცნიერო დისკუსიის ნიადაგზე სამართლის ამ ორი მიმართულების დაახლოებაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა პაატა ტურავამ.
„კერძო სამართლის მიმოხილვა“ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო პერიოდიკაა, რომელიც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვლევებს მოიცავს და სამეცნიერო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იურიდიული ფირმის – „ბეგიაშვილი და კომპანია“ – ფინანსური მხარდაჭერით ქვეყნდება.