კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ–ანთროპოლოგიური კონგრესი გაიმართა.
ენათმეცნიერების, დარგთაშორისი ლინგვისტური კვლევების, კულტუროლოგიის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობისა და ფოლკლორისტიკის, ისტორიის, არქეოლოგიისა და წყაროთმცოდნეობის სექციების ფარგლებში 6 ქვეყნის 200-მდე მკვლევარი მუშაობდა.
სამეცნიერო ფორუმი შერეული ფორმატით მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო 175 სამეცნიერო კვლევა. ქართველ და ევროპელ მეცნიერებთან ერთად მოხსენებები წაიკითხეს მკვლევრებმა ჩრდილოეთ კავკასიიდან – დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ჩერქეზეთიდან, ოსეთის რესპუბლიკიდან.
ცალკე მუშაობდა სტუდენტური კვლევების სექცია, სადაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების ნაშრომები იყო წარმოდგენილი.
კონგრესი ჩერქეზი მწერლის მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ–გირეის) 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი 14 ნოემბერს გაიხსნა. ახალი კვლევების განხილვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, თსუ-ს კავკასიოლოგთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მერაბ ჩუხუამ, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და შვედეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან მოწვეულმა მკვლევრებმა გახსნეს. მეცნიერებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულებით არსებული სამეცნიერო კვლევების ტრადიციების, დარგის სამომავლო განვითარებისა და პირველი ქართული უნივერსიტეტის – როგორც კავკასიელი ხალხების გამაერთიანებელი ფუნქციის მატარებელი სასწავლო-კვლევითი დაწესებულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„საქართველოს და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სურვილი კავკასიოლოგიის დარგი კიდევ უფრო განავითაროს“
„კავკასიოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, დიდი ხანია, რაც თავის გამორჩეულ სიტყვას ამბობს სამეცნიერო სივრცეში, თუმცა მე, როგორც ისტორიკოსმა, მინდა თვალი გადავავლოთ საქართველოში მისი განვითარების რეტროსპექტივას. ამ დარგის სათავეებთან დიდი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი დგას, რომელმაც თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ მთელი თავი დაუთმო კავკასიელი ხალხების აღწერას. 1852 წელს დაარსდა კავკასიის მუზეუმი, რომელიც კავკასიოლოგიის კვლევის ცენტრად იქცა, აქ შეგროვებული უნიკალური მასალა დღესაც ინახება საქართველოს წიგნსაცავებსა და არქივებში, რაც მოძმე კავკასიელ ერებს (განსაკუთრებით) გვიანი შუა საუკუნეების ისტორიის სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას მისცემს. შემდეგი ეტაპია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულებით დაწყებული კვლევები და მათი გაგრძელება 1933 წელს დაარსებული კავკასიოლოგიის კათედრის ფარგლებში… ვარლამ თოფურიას, სიმონ ჯანაშიას, არნოლდ ჩიქობავას და მეცნიერების შემდეგი თაობის წვლილი მართლაც გამორჩეული იყო კავკასიოლოგიის განვითარებაში, მათ საფუძველი ჩაუყარეს უნიკალურ სამეცნიერო სკოლას. სწორედ ამიტომ მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ საქართველოს და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სურვილი – კავკასიოლოგიის დარგი კიდევ უფრო განავითაროს. ამ საქმეში ლომის წვლილი შეაქვს კავკასიოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტსა და ენათმეცნიერების ინსტიტუტს.
აქვე მინდა აღვნიშნო სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული სიახლეების მნიშვნელობა, მათ შორის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ცალკე საკონკურსო მიმართულება კავკასიოლოგიაში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ კავკასიოლოგიაში მიმდინარე კვლევების უშუალო დაფინანსების სურვილი გამოთქვა. ვფიქრობ, რომ დღეს კავკასიელ ხალხებს ძალიან ბევრი თემა აქვთ განსახილველი და მეცნიერულად შესასწავლი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კავკასიოლოგიის ჭრილში სხვადასხვა დარგების, მათ შორის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების აქტიური კვლევაც დაიწყოს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის შეფასებით, ჩრდილოკავკასიელი ხალხების ენის, კულტურისა თუ, ზოგადად, ისტორიის პრიორიტეტულობა ქართული სახელმწიფოსთვის „სახელმწიფო ენის სტრატეგიის ერთიან პროგრამაშიც“ ასახულია: „ამგვარი მასშტაბის ფორუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული სახელმწიფო ენის სტრატეგიის ერთიან პროგრამაში სათანადოდ არის ასახული არა მხოლოდ სახელმწიფო ვალდებულება ქვეყნის შიგნით მცხოვრები უმცირესობების ენების დაცვის შესახებ, არამედ ის ასევე ითვალისწინებს ჩრდილოეთ კავკასიასთან მჭიდრო თანამშრომლობას და დღევანდელი დღეც სწორედ ამის დასტურია“, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
„კავკასიოლოგთა კონგრესის ერთ–ერთი უმთავრესი მიზანია ქართულ–ჩრდილოკავკასიური ურთიერთობების აღდგენა–გაღრმავება“
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაერთი საერთაშორისო კონგრესი ჩაუტარებია კავკასიოლოგიის მიმართულებით, თუმცა ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური პროფილით პირველად ტარდება“, – განმარტა კონგრესის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ. მისი თქმით, ანთროპოლოგიური კონტექსტი კონგრესს ფართო ინტერდისციპლინურ ხასიათს სძენს.
„ანთროპოლოგია საბჭოთა გაგებით მოიცავდა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ანთროპოლოგიას, თუმცა თანამედროვე ამერიკული განმარტებითა და მიდგომით ის გულისხმობს ყველაფერს, რაც ადამიანთან არის დაკავშირებული – ჰუმანიტარული დარგის ნებისმიერ მიმართულებას აერთიანებს. ჩვენ ვიკვლევთ ყველა სფეროს, რაც კავკასიის რეგიონთან და მსოფლიო ცივილიზაციაში მის ადგილთან არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანია, საფუძვლიანად შევისწავლოთ პრეისტორიულიდან დღემდე კავკასიელი ხალხების ევოლუცია.
ცალკე მუშაობს ახალგაზრდა მკვლევრების სექცია, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვცდილობთ, რომ მათ სამეცნიერო კვლევისა და სამეცნიერო საზოგადოებისთვის კვლევების შედეგების წარდგენის უნარები სასწავლო პროცესის პარალელურად გამოიმუშაონ.
კავკასიოლოგიის კონგრესის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ბოლო პერიოდში მინავლებული ქართულ-ჩრდილოკავკასიური ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავება რეგიონის იმ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ ჩეჩნეთში, დაღესტანში, ინგუშეთში, ჩერქეზულ რესპუბლიკებში და ოსეთში“, – გვითხრა მერაბ ჩუხუამ.
„ეს კონგრესი გამორჩეულია იმით, რომ სამეცნიერო დარგების ფართო სპექტრია წარმოდგენილი და ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მკვლევრებს. კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება“, – აღნიშნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის შეფასებით, კავკასიოლოგიის დარგის განვითარებაზე ზრუნვა ილია ჭავჭავაძის პოზიციის გაგრძელებას წარმოადგენს: „ილია ჭავჭავაძე პოემა „აჩრდილში“ საუბრობდა კავკასიელი ხალხების ერთიანობაზე და მათ საერთო ინტერესებზე, ეს კონგრესიც ამ მიზანს ემსახურება, რომ კავკასიელმა ხალხებმა ერთი გზით იარონ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიოლოგიის კვლევების უმნიშვნელოვანესი კერაა, ჩვენ 105 წლის ტრადიცია გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ეს დარგი ახლაც ვითარდება და მომავალშიც აუცილებლად განვითარება“, – განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.
„მულტიდისციპლინური და აქტუალური საკითხები“ – ასე შეაფასეს კონგრესის პროგრამა შვედეთის მალმოს უნივერსიტეტის პროფესორმა კარინა ვამლინგმა და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა გერდ კარლინგმა. კონგრესზე მოწვეულმა მკვლევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კავკასიოლოგიის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და სიტყვითა და საქმით ვისწავლოთ ერთმანეთის დაცვა“
ჩრდილოეთ კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამეცნიერო თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების კონტექსტში შეაფასეს და კავკასიელი ხალხების საერთო ინტერესებზე ისაუბრეს.
„ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებული დამოკიდებულება გვქონდა საქართველოს მიმართ, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად არ განვსხვავდებით, გარდა რელიგიისა, თუმცა ამ მხრივაც არ ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავება არის, მორალური კოდექსი მაინც ერთია. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ჩვენი სამეცნიერო კავშირები პრობლემების წინაშე დადგა. ვიმედოვნებ, ბარიერები, რომელიც არსებობდა და ხელს უშლიდა ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას, მოიხსნება“, – აღნიშნა ჩეჩნეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორმა იასა ხალიდოვმა.
„ჩემთვის ახლოა და ძვირფასია როგორც კავკასიელი მართლმადიდებელი, ასევე მუსლიმი ხალხები. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას ოდითგანვე ერთმანეთთან მჭიდრო სამხედრო, დიპლომატიური, სოციალური, კულტურული და რელიგიური კავშირი ჰქონდათ. ბევრი მსგავსი ტრადიცია გვაქვს, განსაკუთრებით კი კავკასიური მთის წეს-ჩვეულებები. ჩვენი სამეცნიერო ურთიერთობები არის ჰუმანიზმის, მშვიდობის, კეთილმეზობლობის, სამართლიანობისა და პროგრესის მაგალითი. არ უნდა დავივიწყოთ იმის შესახებ, რომ ტრადიციული მორალურ-კულტურული ღირებულებები კავკასიელი ხალხების ერთიან საყრდენს წარმოადგენს“, – განაცხადა ჩრდილოკავკასიური საერთაშორისო არქიტექტურული აკადემიის ცენტრის წევრ-კორესპონდენტმა ვლადიმერ ბესოლოვმა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ჩემს ალმა მატერში ვიმყოფები. კავკასიაში პირველ უნივერსიტეტს უდიდესი ტრადიცია აქვს კავკასიოლოგიის კვლევების მიმართულებით და ჩვენი სამეცნიერო კავშირების გაღრმავება, ვფიქრობ, დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა დაღესტნის ჰამზათ წადასას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის გრამატიკულ კვლევათა განყოფილების ხელმძღვანელმა მაჰომედ მაჰომედოვმა.
„ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და სიტყვითა და საქმით ვისწავლოთ ერთმანეთის დაცვა“, – ამის თაობზე ინგუშეთის სახალხო მწერალმა ისა ქაძოევმა განაცხადა, რომელმაც კონგრესზე ჩერქეზი მწერლის მიხეილ ლოხვიცკის წიგნზე – „ღმერთების ძიება“ – ისაუბრა.
„წიგნი ძალიან გაცვეთილია, ალბათ 20-ჯერ მაინც წავიკითხე, რადგან აღმაფრთოვანა ავტორის ფილოსოფიამ, მოსაზრებებმა, რწმენამ, წიგნში ასახულმა წეს-ჩვეულებებმა – ყველაფერი, რაც კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს აერთიანებს, ამ პატარა წიგნშია მოცემული. მე ბევრი საერთო დავინახე ჩემი ხალხის კულტურასა და ტრადიციებთან. ჩერქეზმა ხალხმა, ისევე, როგორც კავკასიის სხვა ხალხებმა, სხვადასხვა დროს მძიმე გენოციდი გამოიარა, სწორედ ამიტომ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაცვა“ – დასძინა ისა ქაძოევმა.