კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი
კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესის წლევანდელი თემატიკა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო: „კავკასია – ინტერდისციპლინური კვლევები II – ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები“. კონგრესის მთავარი მიზანი იყო: გამოეკვეთა კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განესაზღვრა კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეემუშავებინა გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; განესაზღვრა კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხებს, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიურ და ლინგვისტურ კვლევებთან.
მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკის კვლევათა ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტის – „მეცნიერება საზოგადოებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა და მასპინძლობა გაუწია სვანეთის მუზეუმმა და მესტიის მუნიციპალიტეტმა.
კონგრესი გახსნა სვანეთის მუზეუმის დირექტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ზვიად კვიციანმა; კონგრესს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კონგრესის თავმჯდომარემ თსუ-ს პროფესორმა ცირა ბარამიძემ და სვანეთის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.
კონგრესში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა საერთაშორისო კავკასიოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებიდან და ჩრდილოკავკასიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებიდან. კონგრესს დაესწრნენ ასევე მოწვეული სტუმრები.
კავკასიოლოგიის ისტორიაში კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესის ჩატარებით კიდევ ერთი ახალი და ძალზე მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა – გაგრძელდა მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი, რომელსაც 15 წლის წინ სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და, კერძოდ, კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა დაუდეს სათავე; კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესის იდეის ავტორი, დამფუძნებელი და კონგრესის თავმჯდომარე არის პროფესორი, ლინგვისტი კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე.
ფორუმის არსსა და მნიშვნელობაზე, მის გადაუდებელ დაარსებაზე ჯერ კიდევ 1981 წელს წერდა გაზეთ „დაგესტანსკაია პრავდას“ ფურცლებზე აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, რომელიც ამბობდა, რომ შორს არ იყო ის დღე, როცა დაარსდებოდა მულტიდისციპლინური სამეცნიერო ფორუმი კავკასიის შესწავლის მიმართულებით; ფორუმი თავს მოუყრიდა და წარმოაჩენდა ყველა პრობლემატიკას, შეაჯამებდა სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა იმ დარგებში, რომლებიც შეისწავლიან კავკასიას: ლინგვისტიკა (კომპარატივისტიკა, არეალური ლინგვისტიკა და ტიპოლოგია), ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ეთნოლოგია, არქეოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ლიტერატურა და ფოლკლორი. ქართულისა და კავკასიის სხვა ენდოგენური ენების ეთნოგენეზის საკითხების სამეცნიერო გადაჭრისათვის ინტერდისციპლინური და კროსდისციპლინური მიდგომა სწავლებასა და კვლევაში გადაუდებელი ამოცანა იყო და ამ მიზნით კავკასიოლოგიაში შემოტანილ იქნა არაჰუმანიტარული დარგებიდან ფიზიკური ანთროპოლოგია, რადგან მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწყებულ კვლევას ქართველთა ეთნოგენეზის საკითხში აუცილებლად სჭირდებოდა სწორედ კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის კვლევა და სწავლება უნივერსიტეტში. კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხები სწორედ ამიტომაც იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, წარმოდგენილი ცალკე სამეცნიერო სექციად.
ზოგადად, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესების სამეცნიერო მიზანია „კავკასიური ცივილიზაციის“ შესწავლა, კვლევა და კვლევის შედეგების სწავლებაში დანერგვა, საბჭოთა მეცნიერებიდან დღემდე ინერციითა თუ გააზრებით გადმოყოლილი მენტალიტეტის შეცვლა, მენტალიტეტისა, რომლის მიხედვითაც არ არსებობს არანაირი კავკასიური ცივილიზაცია, რომ ეს მხოლოდ ერთეულ მკვლევართა გამონაგონია და კრიტიკას არ ექვემდებარება.
კავკასიოლოგთა წინა ხუთმა კონგრესმა გადასინჯა ეს მიდგომა და თუ საზოგადოდ ცივილიზაციათა არსებობის პარამეტრების შეფასებიდან ამოვალთ, ყველა პარამეტრი ცივილიზაციისა კავკასიას გააჩნდა ისტორიულ და უახლეს წარსულში და გააჩნია დღესაც. ოღონდ კავკასიური ცივილიზაცია დღეს განსაცდელშია და მას განსაკუთრებული შესწავლა და შენახვა სჭირდება.
კავკასიოლოგთა კონგრესების თემები
,,სამეცნიერო კოლეგიის მიერ იერარქიულად და პროსპექტულად განისაზღვრა კავკასიოლოგთა კონგრესების თემები. კავკასიოლოგთა I საერთაშორისო კონგრესის თემა იყო „კავკასიური ცივილიზაცია ახლო აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში“ (2007). განისაზღვრა, რომ კავკასია არც აღმოსავლეთია და არც დასავლეთი, კავკასიური ცივილიზაცია თვითმყოფადი ცივილიზაციაა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა გასაყარზე. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები და იმპერიათა ინტერესებიც აქ იკვეთებოდა. ისტორიის მანძილზე სწორედ ამიტომ შეიცვალა უძველესი კავკასიური ცივილიზაციის ლინგვოკულტურული კონტექსტი. ასეთია პირველი კონგრესის დასკვნა. II კონგრესმა „კავკასიური ცივილიზაცია – ისტორია და თანამედროვეობა“ მიზნად დაისახა სინქრონიული ჭრილების ერთობლიობით დიაქრონიული ვერტიკალით გვეჩვენებინა – რა ცვლილებები განიცადა კავკასიურმა ცივილიზაციამ ისტორიის მანძილზე და გამოგვეკვეთა, როგორია კავკასიის თანამედროვეობა. III კონგრესი გაიმართა თემაზე: „მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“. გამოიკვეთა, რომ კავკასიაში დარღვეულია კავკასიური ტრადიციული სოციალურ-კულტურული ფენომენი – ტოლერანტობა, რომელიც ბუნებრივად აწესრიგებდა მულტიკულტურულ, მულტილინგვურ, მულტიკონფესიურ სივრცეში მშვიდობიან თანაარსებობას და გარანტირებულს ხდიდა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. კავკასიის ფსევდოეთნოკონფლიქტები არის შედეგი გარეშე ძალის მიერ კავკასიური ტოლერანტიზმის მიზანმიმართული რღვევისა.
„გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე – მოდის, ხალხი კი უკვდავია, უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია. ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის, ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს. ენის საშუალებით გადაეცემა შემდგომ თაობას, რაც წინა თაობას ცოდნა-გამოცდილება დაუგროვებია. ეს რომ არა, კულტურის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა“ – ამბობდა აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა. ცოდნის გადაცემის ყველაზე განსაკუთრებული შესაძლებლობა კი დამწერლობაა. ამიტომაც კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრსესის ძირითადი თემა იყო „დამწერლობები კავკასიაში“. კავკასიის დამწერლობების სამეცნიერო პრობლემათა აქტუალიზაციამ წინა პლანზე წამოსწია რამდენიმე არსებითი ხასიათის სამეცნიერო საკითხი, რომლებიც განხილული იყო ინტერდისციპლინურად და განისაზღვრა, რომ კავკასიის დამწერლობები უნდა განვიხილოთ, როგორც კავკასიელი ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური შემოქმედების პროდუქტი და მატერიალურ-სულიერი მონაპოვარი.
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი განსაზღვრავდა „საქართველოს როლს კავკასიის ლინგვოკულტურულ კონტექსტში“. კონგრესმა გამოკვეთა კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური და კულტურულ-ცივილიზაციური გამოწვევები და დასახა ამ გამოწვევათა გადაჭრის ღონისძიებათა მეცნიერული საფუძვლები.
კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ დიდმა ცივილიზაციებმაც ამოწურეს თავიანთი ფუნქციები, დატოვეს მზისქვეშეთი და ისტორიის კუთვნილებად იქცნენ. ასეთია ისტორიული კანონზომიერება. თუ კავკასიის რეგიონი შეძლებს შეასრულოს თავისი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და, რაც მთავარია, კულტურულ-ცივილიზაციური ფუნქციები, მაშინ გადარჩება კავკასიური ცივილიზაცია; თუ არა და, მისი მომავალი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ უკვე არ დგას იგი ამ საფრთხის წინაშე“, – აღნიშნავს ცირა ბარამიძე.
VI საერთაშორისო კონგრესის სიახლეები
კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესის მნიშვნელოვანი სიახლე იყო ფიზიკური ანთროპოლოგიის ცალკე სექციად წარმოდგენა. სექციას ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი ლიანა ბითაძე. ფიზიკური ანთროპოლოგიის სექციაზე წაკითხული იქნა მნიშვნელოვანი მოხსენებები: მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის არქეოგენეტიკის მკვლევარმა ხ. ჯიამ პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა მეცნიერთა ერთობლივი კვლევის შედეგები თემაზე – „საქართველოს მოსახლეობის ისტორიის მიკრომასშტაბური კვლევა დიაქრონიული არქეოგენომების მონაცემთა შესწავლის საფუძველზე“. ასევე წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი სიახლეები: ელგუჯა ლაჭყეპიანი (თბილისი) – ტრადიციები და მასთან დაკავშირებული ტრავმატიზმი ხევსურეთში განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების ძვლოვანი მასალის მიხედვით. მოხსენება არის პირველი სერიოზული ნაშრომი ტრავმვებზე საქართველოში, რომელიც წარმოადგენს პირველ სტატიას კვლევიდან „ტრავმატიზმი საქართველოს მოსახლეობაში უძველესი დროიდან დღემდე“; მ. ბ. ლავრიაშინა (კემეროვო), ბ.ა. ტხორენკო (კემეროვო), დ.ო. იმეკინა, მ.ვ. ულიანოვა, ე.ო. ბრიუხაჩევა – VDR გენის პოპულაციების პოლიმორფული ვარიანტების სიხშირეების შესწავლა ციმბირში – აქტუალური თემაა არა მხოლოდ ციმბირის მოსახლეობის გარემო პირობებთან ადაპტაციის კუთხით, არამედ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებისათვის ზამთარში დაბადებული ინდივიდების შესწავლის თვალსაზრისითაც, რომლებიც დედის რძით არ იკვებებიან და ორგანიზმში ვიტამინ D-ს წარმოქმნა ძნელდება; შ. ლალიაშვლი (თბილისი), გ. ინანიშვილი (თბილისი), ე. ჰერშერი (მარსელი), ე. ყვავაძე (თბილისი), კ. კახიანი (თბილისი), გ. გოგოჭური (თბილისი), გ. ბედიანაშვილი (თბილისი), დ. ჭითანავა (თბილისი), ი. გაგოშიძე (თბილისი), ე. როვა (ვენეცია), ფ. ბერტოლდი (ვენეცია), პ. ა. რასია (ვენეცია), მ. პოულმარჩი (პარიზი), ლ. ბითაძე. (თბილისი) – მტკვარ–არაქსის კულტურის კვლევის ძირითადი შედეგები საქართველოში – მოხსენებაში წარმოდგენილი იყო მტკარ-არაქსის მოსახლეობის კომპლექსური კვლევის შედეგები, განხორციელებული ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთობლივ პუბლიკაციებში (დათარიღება, ალინოლოგია, პალეოდიეტა, კრანიოლოგია, ფიზიოლოგიური სტრესის მარკერები, დისკრეტულად ვარირებული ნიშნები). პირველად მოყვანილი იყო ამ მოსახლეობის დემოგრაფიული პროფილი, გარდაცვალების საშუალო ასაკი სქესის მიხედვით, რაც ამ მოსახლეობის გარემოსთან ადაპტაციაზე მიუთითებს; ა. დ. პადიუკოვა (კემეროვო), დ. ი. იმეკინა (კემეროვო), მ. ვ. ულიანოვა (კემეროვო), ა. ი. მეიერი (კემეროვო), კ.ა. პეჩერინა (კემეროვო), მ. ვ. ლავრიაშინა (კემეროვო) – ტიუმენის მხარის ბუხარელების შესაძლო გენოფონდი კავკასიიდანაა – მოხსენება მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. 1879 რუსეთის ანთროპოლოგიის ფუძემდებელი ა.პ. ბოგდანოვი წერდა კრანიოლოგიური კვლევების აუცილებლობაზე ზოგადად, განსაკუთრებით კი კავკასიის ტომებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მრავალი მოსაზრება და თეორიები ამ მოსახლეობის კავშირზე და მნიშვნელოვან როლზე ევროპის ისტორიაში. არასდროს ყოფილა გამოთქმული მოსაზრება კავკასიელების მიგრაციებზე ციმბირის ტერიტორიასთან დაკავშირებით და ეს უეჭველი სიახლეა;
ნ. თავართქილაძე (თბილისი) – ხელოვნურად დეფორმირებული პრაქტიკის მატარებელი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხის შესწავლისათვის (ადრეული შუასაუკუნეების სამთავროს სამაროვნის მაგალითზე) – ეს თემა საინტერესო და აქტუალურია, რადგან ამ პერიოდის მცხეთის მოსახლეობაში მაღალი პროცენტი განსხვავებული კულტურული ინოვაცია ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალების სახით აღინიშნება. ადრე გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ დეფორმანტები იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა და არა მიგრანტები. ამ ნაშრომის სიახლე არის ამ თემის გაგრძელება და დადასტურება ადრე გამოთქმული მოსაზრებისა დამყარებულ არქეოლოგიური კონტექსტით. გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადი მასა იყო ადგილობრივი, ერთი აღმოსავლეთ ევროპიდან და ერთი შუააზიიდან. კვლევა გრძელდება.
ა. ი. ხუდავერდიანი (ერევანი) – სხეულის სიგრძის ეპოქალური დინამიკა სომხეთის ტერიტორიაზე – სხეულის სიმაღლე არის უმნიშვნელოვანესი მორფოლოგიური ნიშანი, რომელიც დიდ წილად განაპირობებს სხეულის სხვა ზომებს. გამოირჩევა მაღალი ინდივიდუალური, ასაკობრივი, სქესობრივი, ჯგუფური და ტერიტორიული ცვალებადობით. მოხსენებიდან გამოჩნდა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდში საშუალოზე მაღალი, საშუალო და საშუალოზე დაბალი სიმაღლით გამოირჩევა. სომხების თანამედროვე მოსახლეობა, რომელიც უფრო სოლიდურ მასალაზეა გამოთვლილი, შეიძლება ითქვას, საშუალო სიმაღლისაა.
კონგრესზე წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი თემა „შავი ჭირის უძველესი გენომები კავკასიიდან“ (ბ. რამანტი, ლ. ბითაძე, ლ. ბაქანიძე, შ. ლალიაშვილი). სექეციის მუშაობაში ონლაინ ჩაერთო ელენა გოდინა (რუსეთი, ისრაელი), რომელმაც დადებითი შეფასება მისცა წარმოდგენილ მოხსენებებს. მთლიანად ანთროპოლოგიის სექციაში წარმოდგენილ მოხსენებებში მონაწილეობდნენ: საქართველოდან (11 მეცნიერი), რუსეთიდან (9 მეცნიერი), იტალიიდან (3 მეცნიერი), საფრანგეთიდან (2 მეცნიერი) და სომხეთიდან (1 მეცნიერი) და ბარბარა ბრამანტი (იტალიიდან და შვედეთიდან).
კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესზე პირველად კონგრესის ისტორიაში შეიქმნა გეოპოლიტიკის, ეკოლოგიისა და გეოეკონომიკის სექცია. სექციას ხელმძღვანელობდა პროფესორი ვახტანგ მაისაია. კონგრესზე განხილული იქნა მნიშვნელოვანი მოხსენებები: კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ასპექტები და პარამეტრები; განხილული იყო ასევე კავკასიის რეგიონის კონფლიქტების საკითხები: ირედენტიზმი ქართულ-ოსურ ურთიერთობებში; „კავკასიის კრიზისი“ მეგაკოგნიტური მართვის თეორიის ჭრილში; საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო ასპექტები; სამხრეთ კავკასია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ კონტექსტში – ისტორიული საფუძვლები და თანამედროვე ვითარება; რუსული ფსიქოლოგიური ომი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მაგალითზე და სხვა.
კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესის X სექცია ეთმობოდა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო პროექტს, რომელშიც მონაწილებდნენ მეცნიერები ლონდონიდან, ლოძიდან, ვარშავიდან, ჟეზოვიდან… წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი მოხსენებები კავკასიის ისტორიის შესახებ: პოლონეთის დიდი ემიგრაცია და კავკასიის ომი 1831-1877წწ.; კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლები პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე (1919-1920 წწ.); იმამ შამილის ჯარში პოლონელების რაოდენობის შესახებ; პოლონელი პრომეთეისტები და კავკასია და სხვა.
კონგრესზე წინა კონგრესებთან შედარებით, მწირად იყო წარმოდგენილი ლინგვისტური კავკასიოლოგია (მხოლოდ 16 მოხსენებით), მაგრამ განხილული იყო კარდინალური საკითხები კავკასიის ენათა შესწავლის თვალსაზრისით; კონგრესზე პირველად წარმოდგენილი იყო უცნობი ხელნაწერები სვანეთის პირადი საცავიდან და ავტორთა მიერ წარმოდგენილი იყო ამ ხელნაწერების შესწავლიდან გამომდინარე სვანური ენისა და ანბანის ურთიერთმიმართების საკითხები. ამ ხელნაწერთა გაცნობა სამეცნიერო საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს.
კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესმა („კავკასია – ინტერდისციპლინური კვლევები II – ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები“), როგორც აღვნიშნეთ, თემატურად გააგრძელა წინა ხუთი კონგრესის მიერ განხილული თემები. კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესის წარმატებით ჩატარება მეტწილად დაკავშირებული იყო ფინანსურ მხარდაჭერასთან, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს: მესტიის მუნიციპალიტეტმა და მისმა ხელმძღვანელობამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიამ. ამგვარად, მესტიის მუნიციპალიტეტმა უკვე მეორედ (2015, 2022) უმასპინძლა საერთაშორისო კავკასიოლოგიურ ფორუმს. აღსანიშნავია, რომ ამ ფორუმს თან ახლდა კულტურული ღონისძიებები – ორგანიზებული სწორედ მესტიის ხელმძღვანელობისა და უბრალო მოქალაქეების მიერ. კონგრესით დაინტერედნენ ტურისტებიც კი, რომლებიც სტუმრობდნენ მესტიას; კონგრესზე სტუმრად მოწვეული იყვნენ სვანური დიასპორის წარმომადგენლები ჩრდილოეთ კავკასიიდან.
დაიგეგმა მომდევნო კონგრესის სამეცნიერო თემატიკა, ჩატარების ადგილი და სამეცნიერო კოლეგიის შემადგენლობა.