ქართველ კარტოგრაფთა ინტეგრაცია ევროპულ კარტოგრაფიულ ოჯახში

თარიღი: 2025-06-13 15:07:12

2025 წლის დასაწყისში საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა), რომელიც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი-კარტოგრაფის, კარტოგრაფიის თეორიის ფუძემდებლის, პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელს ატარებს, გახდა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) სრულუფლებიანი წევრი. სკა-ს ვიცე-პრეზიდენტმა (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით) გოჩა გუძუაძემ საერთაშორისო ICA-ს  გენერალური მდივნის თომას შულცისაგან (შვეიცარია) მიიღო ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის წევრობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ICA-ს პრეზიდენტი, პროფესორი გეორგ გარტნერი (ავსტრია). ქართული კარტოგრაფიის ამ საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა ქართველ კარტოგრაფთა აქტივობა ორი მიმართულებით: 1) აქტიური მონაწილეობა ICA-ს სტრუქტურებში და 2) ქართველ კარტოგრაფთა აქტიური მონაწილ;ეობა ICA-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენციები, სიმპოზიუმები, ვორკშოპები).

მიმდინარე წლის იანვარში ქართველ მეცნიერთა 4 წევრის შემადგენლობით (სოფიო გორგიჯანიძე, გიორგი დვალაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, მირიან შილაკაძე) თსუ-სა და სკა-ს სახელით მონაწილეობდნენ შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართული კონფერენციის  – ,,RIMMA2025“ პროგნოზირება, მზადყოფნა, გაფრთხილება და რეაგირება, ვიზუალიზაცია, კომუნიკაცია და ინფორმაციის მართვა“ –  მუშაობაში. კონფერენცია ჩატარდა ICA-ს ,,ადრეული გაფრთხილებისა და კრიზისების მართვის” კომისიის ეგიდით. სექციას, რომლის მუშაობაში ქართველი მეცნიერები მონაწილეობდნენ (1 ზეპირი და 3 სასტენდო მოხსენება), ხელმძღვანელობდა ქართველ კარტოგრაფთა მეგობარი ჰორსტ კრემერსი (გერმანია). სოფიო გორგიჯანიძის მოხსენებამ, რომელიც ეგზოგენური პროცესების კვლევასა და კარტოგრაფირებას ეძღვნებოდა, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის მეცნიერთა ჯგუფი გეგმავს მონაწილეობა მიიღის ICA-ს ეგიდით გასამართი კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ხორვატიის ქალაქ ზადარში გაიმართება. ოქტომბერში კი დაგეგმილია თსუ-ს ბაზაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – ,,კარტოგრაფია და თანამედროვეობა” –  ჩატარება. კონფერენცია მიეძღვნება საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის დამაარსებლის და მისი პირველი პრეზიდენტის, პროფესორ ჯანსუღ კეკელიას 90 წლის საიუბილეო თარიღს.

Facebook
Twitter
LinkedIn