ქართული სამეცნიერო კარტოგრაფიის სკოლის წარმატება საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში

თარიღი: 2023-05-08 20:39:04

აპრილის თვეში ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ოლომოუცში, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის ბაზაზე, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით  ჩატარდა საერთაშორისიო სამეცნიერო სიმპოზიუმი – „ატლასები, მათი დიზაინი და გამოყენება“. ამ საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში  მონაწილეობდა ქართველ მეცნიერთა 13 კაციანი ჯგუფი ჩვენი უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პეროფესორის, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ გორდეზიანის ხელმძღვანელობით. ჩვენი უნივერსიტეტიდან სიმპოზიუმის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ: ასოცირებული პროფესორი თენგიზ გორდეზიანი, ასოცირებული პროფესორი რობერტ მაღლაკელიძე, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიული ლაბორატორიის თანამშრომელი მანანა შარაშენიძე, დოქტორანტები – მარიამ გაგოშაშვილი, გოჩა გუძუაძე, გიორგი მაღლაკელიძე და მაგისტრანტი საბა მოდებაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან – პროფესორი ზურაბ ლაოშვილი, დოქტორანტი გიორგი კაპანაძე; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – ასოცირებული პროფესორი რევაზ თოლორდავა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტიდან – გეოგრაფიის დოქტორი თედო გორგოძე, გეოგრაფიის დოქტორი სოფიო გორგიჯანიძე.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის  პრეზიდენტი ტიმ ტრაინორი (აშშ), გენერალური მდივანი ტომას შულცი (შვეიცარია), ვიცე-პრეზიდენტები: ფილიპ დე მაიერი (ბელგია), ვიტ ვოზენილეკი (სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ჩეხეთი), ლასლო ზენტაი (უნგრეთი), ტემენუჟკა ბანდროვა (ბულგარეთი), თერჯე მიდტბო (ნორვეგია), ანდრეს არისტეგი (ესპანეთი), ლიქი მენგი (გერმანია), საერთაშორისო კარტოგრაფიული ასიციაციის ყოფილი პრეზიდენტები მილან კონეჩნი (ჩეხეთი) და მენო იან კრააკი (ნიდერლანდები). სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვა ცნობილი მეცნიერ-კარტოგრაფები: გერმანიიდან, უკრაინიდან, ახალი ზელანდიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან. სიმპოზიუმის თემატიკამ მოიცვა კარტოგრაფიის შემდეგი მიმართულებები: ატლასური კარტოგრაფია, კარტოგრაფიული დიზაინი, გეოინფორმაციული კარტოგრაფია, ისტორიული კარტოგრაფია, სასკოლო კარტოგრაფია, ტოპონიმიკური კარტოგრაფია, კარტოგრაფიულ-გეოინფორმაციული ტექნოლოგიები, საგამომცემლო კარტოგრაფია. სიმპოზიუმის ფორმატით საკონფერენციო სივრცეში მოეწყო კარტოგრაფიული პროდუქციის (ატლასები, ბუკლეტები, რუკები) გამოფენა. ქართული კარტოგრაფიული პროდუქციის გამოფენას დაეთმო ცალკე სივრცე, სადაც ქართულმა დელეგაციამ წარმოადგინა საქართველოში გამოცემული კარტოგრაფიული პროდუქცია, რამაც სიმპოზიუმის მონაწილეთა მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა.

სიმპოზიუმამდე, 31 მარტს, ქართულმა დელეგაციამ ვიზიტი განახორციელა ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის დეპარტამენტში, სადაც ჩვენს დელეგაციას უმასპინძლა მასარიკის უნივერსიტეტის კომპლექსური კარტოგრაფირების ლაბორატორიის გამგემ, პროფესორმა მილან კონეჩნიმ და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის დეპარტამენტის გამგემ, პროფესორმა პეტერ კუბიჩეკმა. წარმოდგენილ იქნა ორი პრეზენტაცია. ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორმა პეტერ კუბიჩეკმა წარმოადგინა პრეზენტაცია  – „გეოგრაფიული და კარტოგრაფიული კვლევები და სასწავლო პროცესი მასარიკის უნივერსიტეტში“, ხოლო თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ გორდეზიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია  – „გეოგრაფია და კარტოგრაფია საქართველოში“. პრეზენტაციების შემდეგ შედგა საქმიანი შეხვედრა კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის დეპარტამენტში, სადაც დაისახა გზები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მასარიკის უნივერსიტეტსა და ჩვენს უნივერსიტეტს შორის ფაკულტეტების დონეზე. საუბარი შედგა ასევე პერიოდული გამოცემების ფორმატში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ვიზიტის ფარგლებში მოეწყო მარშრუტები მორავიის ცნობილი მღვიმოვანი კომპლექსების დათვალიერების მიზნით, რომელსაც უძღვებოდა ადგილობრივი სპელეოლოგი და ჩვენი დელეგაციის წევრი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. აქაც დაისახა გეგმები ჩეხი და ქართველი სპელეოლოგების ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. სიმპოზიუმის მსვლელობის პროცესში შედგა ჩვენი დელეგაციის წევრების, თენგიზ გორდეზიანისა და გოჩა გუძუაძის შეხვედრა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის გენერალურ მდივანთან ტომას შულცთან (შვეიცარია) და ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ვიტ ვოზენილეკთან. შეხვედრის თემა იყო საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გაწევრიანების საკითხი საერთაშორისო კარტოგრაფიულ ასოციაციაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული მხარის მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ ეს საკითხი განიხილება საერთაშორისი კარტოგრაფიული ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში შედგება. აღინიშნა, რომ სასურველია ამ ღონისძიებას ესწრებოდეს საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენელი.

საბოლოო ჯამში აღნიშნულმა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმმა ქართული დელეგაციისათვის საინტერესოდ და შედეგიანად ჩაიარა. ფორუმში მონაწილეობის შედეგად ქართული დელეგაციის სასარგებლოდ შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: 1) ფორუმის მუშაობაში ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქტორანტებისა და მაგისტრანტის) მონაწილეობის შედეგად მათ შეიძინეს გამოცდილება ანალოგიური დონის საერთაშორისო ღონისძიებებში მოხსენებათა წარდგენის მიმართულებით; 2) დაისახა გზები ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის კარტოგრაფებსა და ჩვენი უნივერსიტეტის კარტოგრაფებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით, როგორც მეცნიერული კვლევების, ისე სასწავლო პროცესის სფეროში;  3) საუბრები შედგა ერთობლივი საერთაშორისო პროექტების მოზიდვის მიმართულებით; 4) შედგება თანამშრომლობა ჩეხეთში გამომავალ სამეცნიერო-გეოგრაფიულ ჟურნალებსა და საქართველოში გამომავალ სამეცნიერ-გეოგრაფიულ ჟურნალებში ორივე ქვეყნის მეცნიერთა მიერ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების საქმეში. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში გამომავალი სამეცნიერო-გეოგრაფიული ჟურნალების საერთაშორისო რეიტინგის ამაღლებას; 5) შედგა კონტაქტი ჩვენი დელეგაციის წევრს, ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილსა და ჩეხ კოლეგებს შორის სპელეოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; 6) შედგა საქმიანი შეხვედრა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ხელმღვანელობას შორის, ჩვენი ეროვნული ორგანიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. დაიგეგმა ქართული დელეგაციის ვიზიტი საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე მიმდინარე წლის აგვისტოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში; 7) დაიგეგმა 2025 წლისათვის, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით, საქართველოში ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის მიმართულებით, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს კარტოგრაფთა  ასოციაცია; 8) დაიგეგმა ქართველი და ჩეხი კარტოგრაფების ერთობლივი სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების შესრულება და გამოცემა; 9) დაიგეგმა ქართველი და ჩეხი კარტოგრაფების თანამშრომლობის საფუძველზე, ერთობლივი ატლასების, რუკებისა და სასწავლო მეთოდური მითითებების შექმნა და გამოცემა; 10) დაიგეგმა ქართველი და ჩეხი სტუდენტების ერთობლივი საველე სასწავლო პრაქტიკებისა და სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციების მოწყობა როგორც საქართველოში, ისე ჩეხეთში.

Facebook
Twitter
LinkedIn