პირველი კარტოგრაფიული ონლაინ კატალოგი საქართველოში
თანამედროვე პერიოდში, მზარდი ინფორმაციულობის ფონზე, სულ უფრო
მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაცია ახლად გამოცემული კარტოგრაფიული ნაწარმოებების შესახებ. საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში შექმნილია ელექტრონული კარტოგრაფიული კატალოგები. ეს საკითხი აქტუალურია საქართველოს კონტექსტშიც.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტად საინტერესო პროექტი ხორციელდება – „საქართველოს კარტოგრაფიული ონლაინ კატალოგი და 5-ვერსიანი რუკის გეოგრაფიულ-კარტომეტრიული კვლევა“. იგი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერაა დაფინანსებული და თსუ-ს მეცნიერ-მკვლევრებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად დოქტორანტებიც არიან ჩართულნი.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ყველა იმ კარტოგრაფიული ნაწარმოების ონლაინ თუ ბეჭდვითი კატალოგი, სადაც საქართველოა ასახული. ამ მიზნით გამოყენებული იქნება არა მარტო საქართველოს სხვადასხვა უწყებაში (თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტი, თსუ მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, გეოგრაფიის ინსტიტუტი და სხვ.), არამედ საზღვარგარეთის ელექტრონულ კატალოგებში განთავსებული რუკებიც. ამით შეიქმნება ერთიანი კარტოგრაფიული ელექტრონული ბაზა, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება ექნება: სამეცნიერო, სასწავლო-შემეცნებითი, საკადასტრო, საცნობარო და სხვ.
კვლევის სიახლე უპირველესად დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ შეიქმნება ღია წვდომის კარტოგრაფიული კატალოგი. ამასთან არცერთი სამეცნიერო მიმართულებით დღემდე არ განხორციელებულა ძველი „ვერსიანი“ რუკების, მათ შორის, 5-ვერსიანი რუკების კვლევა. ეს მნიშვნელოვან დეფიციტს ქმნის მეცნიერების სხვადასხვა დარგისათვის, კერძოდ, გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოლოგიური, კარტოგრაფიული, ტოპონიმიკური კვლევების მიმართულებით. დიდძალი ინფორმაცია, რომელიც დატანილია ამ რუკებზე, კომპლექსურ შესწავლასა და საჯარო სივრცეში განთავსებას საჭიროებს.
5-ვერსიანი რუკები შედგენილია რუსეთის იმპერიის გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოსადმი დაქვემდებარებული სამხედრო ტოპოგრაფიული განყოფილების მიერ.
„ძველ კარტოგრაფიულ წყაროებს, რომლებიც იქმნებოდა, ერთი მხრივ, მატიანეების, ისტორიული ქრონიკების, დიპლომატიური და ნორმატიული აქტების, აგრეთვე, უფრო ადრინდელი კარტოგრაფიული წყაროების ანალიზის, ხოლო, მეორე მხრივ, საველე კვლევების საფუძველზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მათზე ასახული ინფორმაცია უნიკალური და შეუცვლელია.
ამ რუკებზე დატანილია რუსეთის იმპერიის და იმ დროს არსებული ადმინისტრაციული ერთეულების (გუბერნიების/ოლქების, მაზრების) საზღვრები, სხვადასხვა ობიექტი (ოროჰიდროგრაფიული ობიექტები, დასახლებები, გზები, ხიდები და სხვ.). აღნიშნული რუკები ე.წ. „სამუშაო რუკების“ სახელწოდებითაა ცნობილი და აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა უწყების მიერ. იგი შეუცვლელი წყაროა დღესაც, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, ვინაიდან 1930-იან წლებამდე მათ აქტიურად იყენებდნენ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმებისას, როგორც უმთავრეს კარტოგრაფიულ წყაროებს“, – აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა დალი ნიკოლაიშვილმა.
პროექტის შემსრულებლები არიან: დალი ნიკოლაიშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსუ-ს გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეროვნული წარმომადგენელი), ანი არსენაშვილი (კოორდინატორი, თსუ-ს დოქტორანტი), დავით სართანია (თსუ-ს მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი), მაია ცხვარაძე (თსუ-ს დოქტორანტი, გაეროს კლიმატის ცვლილების სამდივნოს თანამშრომელი), დავით სვანაძე (თსუ-ს გეოინფორმაციული ლაბორატორიის ხელმძღვანელი).