„კარიკატურის ასწლიანი ისტორია საქართველოში (1880–1980)“ – ფუნდამენტური კვლევის შედეგები

თარიღი: 2025-06-09 17:52:13

თსუ-მ კიდევ ერთხელ მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო გრანტი. ამ კვლევის შედეგად ხელოვნებათმცოდნეებმა ნინო ჭოღოშვილმა, ქრისტინე დარჩიამ, ირინე აბესაძემ და სალომე ჭანტურიძემ ალბომი შექმნეს –  ,,კარიკატურის ასწლიანი ისტორია საქართველოში (1880–1980)”. ნაშრომი წინა საუკუნეების კარიკატურებს აერთიანებს და ქვეყნის იმდროინდელ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას ასახავს. ეს არის პირველი მცდელობა – თავი მოეყაროს ქართულ კარიკატურულ მემკვიდრეობას და გამოიკვეთოს მისი განვითარების ძირითადი ეტაპები.

,,კარიკატურებში მძაფრად ვლინდება ქართული მხატვრობის სხვადასხვა მიმდინარეობების მახასიათებელი ნიშნები, იქნება ეს რეალისტური მხატვრობა, მოდერნიზმი თუ სოც-რეალიზმი. ამავდროულად, კარიკატურის განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბეჭდურ მედიასთან, შესაბამისად, კარიკატურებში კარგადაა ასახული სხვადასხვა დროს პრესის განვითარების ეტაპები საქართველოში. გარდა ამისა, ასწლოვან პერიოდში საქართველომ არაერთი პოლიტიკური ფორმაცია გამოიარა, ამიტომ წიგნი კარიკატურის პარალელურად პირუთვნელად გვიჩვენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც”, – ამბობს ქრისტინე დარჩია, რომელიც პროექტის კოორდინატორია. მისი თქმით, ქართული კარიკატურები ბოლო დრომდე, პრაქტიკულად, უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის – დავიწყებული და შეუსწავლელი სამეცნიერო წრეებში.

გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში პროექტის ავტორები აღნიშავენ, რომ პროექტის თავდაპირველი იდეა პროფესორ მაია ციციშვილს ეკუთვნოდა, რომელიც, სამწუხაროდ, ვეღარ მოესწრო პროექტის დასრულებას.

1880-დან 1980 წლამდე პერიოდი ავტორებმა მიზანმიმართულად აირჩიეს – ეს დრო ემთხვევა როგორც პირველი კარიკატურების გამოჩენას ქართულ პრესაში, ისე მათი ჟანრობრივი განვითარების პერიოდს. ამ ერთ საუკუნეში კარიკატურა მრავალ სახეცვლილებას განიცდიდა: ის ქმნიდა კულტურულ ხასიათს, რეაგირებდა ისტორიულ გარდატეხებზე, ირეკლავდა საზოგადოებრივ განწყობებს.

ავტორებს იმ სირთულეებზეც ვკითხეთ, რომელიც კვლევის პროცესში შეხვდათ. მათ პირველ რიგში პანდემიის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება – შეფერხდა მუზეუმების ფონდებში მუშაობა, ასევე სამუშაო ვიზიტები ქვეყნის შიგნით თუ მის საზღვრებს გარეთ. მიუხედავად ამისა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავტორებმა შეძლეს – ათასობით კარიკატურიდან შეერჩიათ ის ნიმუშები, რომლებიც როგორც მხატვრული ხარისხით, ისე შინაარსობრივი მნიშვნელობით განსაკუთრებული იყო. ,,გამოვლენილი მასალა იმდენია, თავისუფლად შეიძლება თითოეულ ეპოქაზე ცალკე და კიდევ უფრო სიღრმისეული პუბლიკაციის გაკეთება. სამომავლოდ ვფიქრობთ საერთაშორისო თემატური კონფერენციის მოწყობას”, – აცხადებენ ავტორები.

ალბომის – ,,კარიკატურის ასწლიანი ისტორია საქართველოში (1880–1980)” – პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა სხირტლაძე, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ქართველი და საქართველოში მცხოვრები არაქართველი ავტორების კარიკატურათა სიღრმისეული კვლევა საშუალებას იძლევა საქართველოს წარსული სრულიად ახალი, მანამდე უცნობი რაკურსით წარმოჩინდეს.

Facebook
Twitter
LinkedIn