როდის დაინერგება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსის ახალი სტანდარტები

თარიღი: 2024-10-21 17:54:35

თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა უკვე დაასრულა იმ საგრანტო პროექტზე მუშაობა, რომელიც კანონპროექტების დასაბუთების სტანდარტების სრულყოფას ითვალისწინებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც საქართველოს კანონშემოქმედებით პროცესს ახლავს თან. როგორც ვასილ გონაშვილი აღნიშნავს: ,,ხშირად კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არასრულყოფილად არის შედგენილი და ხშირია შემთხვევები, როდესაც პარლამენტი იღებს მართლაც საჭირო კანონს, მაგრამ ვერ ხდება სიახლეების მოსახლეობამდე სწორად მიტანა, მოსახლეობისთვის დადებითი მახასიათებლების სრულად ახსნა. ამის უპირველესი მიზეზი დასაბუთების არასრულყოფილი ფორმაა“. აღნიშნული საკითხების სიღრმისეულად შესწავლისა და კვლევითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებულ დასკვნებს პროექტის ხელმძღვანელი ვასილ გონაშვილი გვიზიარებს:

  • თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართა საგრანტო პროექტის  – „ნორმატიული აქტის პროექტის დასაბუთების ფორმის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან“ – შედეგების პრეზენტაცია. პროექტზე მუშაობისას რა პრეცედენტები შეისწავლეთ, რაც განმარტებით ბარათში კანონპროექტის შინაარსის დამახინჯებასთან იყო დაკავშირებული? რა რისკები არსებობს?
  • ძირითადი პრობლემა არის არა კანონპროექტის შინაარსის დამახინჯება, არამედ განმარტებითი ბარათის არასრულყოფილება და, ასე ვთქვათ, ზერელე ხასიათი. განმარტებით ბარათში გამოკვეთილი უნდა იყოს საკითხთა ის წრე, რომელზე პასუხითაც დაინტერესებული პირი მიიღებს სრულ ინფორმაციას – მასში უნდა იყოს ახსნილი მისი მიღების მიზანი, შედეგები, ხარჯები და სხვ. დასაბუთების ფორმა უნდა იყოს იმგვარი, რომ კანონპროექტის ავტორი აიძულო ყველა დეტალურ საკითხზე გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის 30 ქვეყნის გამოცდილება, უშუალოდ განმარტებითი ბარათები, მათი წერის სტანდარტები, კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის ფორმა. არის ქვეყნები, რომელთაც კანონის ხარისხის სახელმძღვანელო დოკუმენტები აქვთ დამტკიცებული, რაც, რა თქმა უნდა, ეხმარება მათ სრულყოფილი დასაბუთების დაწერაში, მაგალითად, დანიაში, გერმანიაში…
  • განმარტებითი ბარათის სწორი ფორმულირების თქვენეული ხედვა გაგვიზიარეთ, რაც თქვენი პროექტის ფარგლებში ჩამოგიყალიბდათ…
  • პროექტის ფარგლებში მომზადდა არა მხოლოდ სხვა ქვეყნების ანალიზი, არამედ გამოიყო ის პრიორიტეტული მიმართულებები – ყურადსაღები რეგულაციები, რაც საქართველოში არ გვაქვს, მაგრამ მათი დანერგვის შემთხვევაში უკეთეს მოდელს მივიღებთ. განმარტებითი ბარათის ახალი ფორმა მომავალი განხილვის საგანია. ამ ეტაპზე წარმოვაჩინე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გაზიარების შემთხვევაში მართლაც რომ წაადგება ჩვენი ქვეყნის სამართალშემოქმედების პროცესს. 
  • რა პრობლემებს გამოკვეთდით, რაც ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს?
  • ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში არსებული დასაბუთების ფორმა – განმარტებითი ბარათი – მხოლოდ უარყოფითად უნდა შეფასდეს; მასში არის მრავალი დადებითი ელემენტიც. ევროპაში გვხვდება ისეთი ქვეყნებიც, რომელთაც საერთოდ არ აქვს დამტკიცებული განმარტებითი ბარათის ფორმა და მისი შინაარსი დამოკიდებულია კანონმდებლის ნებაზე ან იმ ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ტრადიციებზე. თუმცა, განმარტებითი ბარათის უკეთესი მოდელის დანერგვა უფრო უკეთ წარმოგვაჩენდა სრულყოფილი სამართალშემოქმედების პროცესის მიმართულებით. საუკეთესო გამოცდილება აქვს გერმანიას, ავსტრიას და სკანდინავიის ქვეყნებს. რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის გამოცდილება ადგილზე შევისწავლე, რამაც უფრო ნათელი გახადა ქვეყნების დამოკიდებულება კანონშემოქმედების პროცესისადმი. პირველ რიგში, მისაღები გვაქვს კანონპროექტის წერის ტექნიკის სახელმძღვანელო, სადაც გაწერილი იქნება ნორმის ჩამოყალიბების ტექნიკა, სამართლებრივი ენა, ტერმინოლოგიური ასპექტები, ენობრივი თავისებურებები, განმარტებით ბარათში დასასაბუთებელი თითოეული პუნქტის ახსნა-განმარტება. ასევე, აუცილებელია განმარტებითი ბარათის ფორმის დახვეწაც და მუხლობრივი შინაარსობრივი საკითხების წამოწევა. ასევე, გასათვალისწინებელია ავსტრიული გამოცდილება ძველ და ახალ ვარიანტებს შორის შედარების გაკეთების შესახებ და სხვ.
  • თქვენი პროექტის შედეგების პრაქტიკაში დანერგვის რა შესაძლებლობები არსებობს?
  •  არ უნდა ვიჩქაროთ. ამ ეტაპზე წამოვწიეთ საკითხი, რაც რამდენჯერმე განვიხილეთ სამართალშემოქმედების პროცესით დაინტერესებულ პირთა წრეში. მან დიდი ინტერესი გამოიწვია. განმარტებითი ბარათის სტანდარტებზე არ არსებობს რაიმე ლიტერატურა ან სამეცნიერო ნაშრომი საქართველოში. ქვეყნების დიდ ნაწილში განმარტებითი ბარათები მხოლოდ ეროვნულ ენაზეა წარდგენილი და არ ითარგმნება ინგლისურად. კვლევა მომზადებულია უშუალოდ პარლამენტების პრაქტიკის საფუძველზე, გამოკვლეულია პარლამენტში წარდგენილი განმარტებითი ბარათები, მათ შორის, დიდი ნაწილი ეროვნულ ენაზე, რაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ კვლევას უფრო საინტერესოს და პრაქტიკულს ხდის. ამიტომ, ვფიქრობ – ზემოთ აღნიშნული თემები ჯერ ამ სფეროს სპეციალისტების ფართო წრეში უნდა გახდეს განხილვის საგანი და შემდეგ შესაძლოა ვიფიქროთ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რაც ხაზს უსვამს სამინისტროს, როგორც მთავარი სამართალშემოქმედის, განსაკუთრებულ ინტერესს და როლს ამ პროცესში.

Facebook
Twitter
LinkedIn