მეორე ვადით არჩეული კანცლერის ხედვა და გეგმები

თარიღი: 2024-03-07 13:12:12

2024 წელს უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კვლავ ლაშა საღინაძე აირჩია. ლაშა საღინაძე 2020 წლიდან არის კანცლერი. როგორც თავად ამბობს, პანდემიის პერიოდმა არაერთი გეგმის განხორციელება შეაფერხა, თუმცა მისი პირველი ვადით არჩევის შემდეგ უნივერსიტეტში მაინც ბევრი რამ გაკეთდა.

,,ცუდმა პერიოდმა მოგვიწია, რადგან 2020 წლის თებერვლიდან, პანდემიის გამო, უნივერსიტეტი რეალურად დისტანციურ რეჟიმზე იყო გადართული. ასეთ პირობებში ძალიან რთული იყო რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი რამ გაკეთდა: უნივერსიტეტის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით გაიზარდა, სტუდენტების რაოდენობა  3 500-ით გაიზარდა, გარკვეულწილად, ადმინისტრაციული (დამხმარე) პერსონალის ოპტიმიზაცია განხორციელდა. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად ოპტიმიზირებული სტრუქტურა გვქონდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დანერგვა. ეს პროცესი 2020 წლიდან დავიწყეთ და ამ პერიოდში (2024 წლამდე) 300 000 ლარზე მეტი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაცემა განხორციელდა. ყველა კორპუსში მოვაწყვეთ სტუდენტური სივრცეები, რომელიც 2020 წლამდე არცერთ კორპუსში არ იყო. დაფუძნდა პროფესიული განათლების ცენტრი, რომლის ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა. გაკეთდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობის გარე ფასადი, კიბეები, განხორციელდა ბიბლიოთეკის შიდა სივრცეების სარემონტო სამუშაოები. ასევე, განხორციელდა საგამოცდო ცენტრის სივრცეების რეაბილიტაცია. ამ და სხვა ინფრასტრუქტურულმა პროცესებმა გარემო გააჯანსაღა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია და მეათე კორპუსის (მაღლივის) 5 სართულის რემონტი“, – აცხადებს ლაშა საღინაძე.

                                                           სიახლეები

მომავალში უნივერსიტეტში ბევრი სიახლე იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი 2010 წლიდან არ შეცვლილა და ინფლაციის პირობებში ზოგადი ხარჯვითი ნაწილი რამდენჯერმეა გაზრდილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსებს მაქსიმალურად მოუყარა თავი და უკვე თებერვლიდან აკადემიურ პერსონალს  ანაზღაურება გაეზარდა.

,,ჩვენ გვყავს ფაკულტეტები, სადაც შედარებით დიდია ანაზღაურება, გვყავს ფაკულტეტები, სადაც ანაზღაურება შედარებით მცირეა, ამიტომ გვაქვს აღებული გეზი, რომ ფაკულტეტებზე ანაზღაურება თითქმის იდენტური იყოს. ამ მხრივ ბოლო ადგილზეა მედიცინის ფაკულტეტი, იმის მიუხედავად, რომ წელს მათთან 25% იყო შრომის ანაზღაურების ზრდა, მათ მაინც ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ. ის ტენდენცია, რომ სხვა ფაკულტეტები შრომის ანაზღაურების კუთხით, ასე ვთქვათ, დაეწიონ მაღალანაზღაურებად ფაკულტეტებს, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რათა ყველას ანაზღაურება ერთმანეთთან დაახლოვდეს.

უმეტეს ნაწილში, ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალს 1 მარტიდან გაეზრდება ხელფასი საშუალოდ 10-12 %-ით – მენეჯერულ რგოლებს შედარებით დაბალი პროცენტით (5-8 %), სპეციალისტებს შედარებით მაღალი, (9-18 %)-ით“, – აღნიშნავს ლაშა საღინაძე.

                                           სიახლე კვების ობიექტების პრობლემაზე

,,კვების ობიექტმა მაღლივ კორპუსში განაახლა მუშაობა. პირველ ეტაპზე, სტუდენტებს, ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალს და პროფესურას შევთავაზებთ შესაბამის მენიუს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება (საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის მისაღები ფასით). ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ და მეორე კორპუსშიც იგეგმება კაფეტერიის მოწყობა. როგორც იცით, პირველი კორპუსის ეზოში მდებარეობს ჩაის სახლი, რომელსაც 20 მარტს უმთავრდება ხელშეკრულება. უნივერსიტეტი აღარ გეგმავს მომავალში აუქციონის გამოცხადებას გაიჯარების მიზნით და გვინდა, რომ, სავარაუდოდ, აპრილის თვეში, აქ ჩვენი კაფეტერია მოეწყოს. იმედია, რომ კვების ობიექტების პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება “, – ამბობს ლაშა საღინაძე.

                                                            მომავლის გეგმები

,,როგორც იცით, პირველ და მეორე კორპუსების უკან, საწყობის ტერიტორიაზე გვსურს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსის აშენება.  კონკურსი, რომელიც გვქონდა გამოცხადებული, ჩავშალეთ იმის გამო, რომ პროექტებთან დაკავშირებით იყო გარკვეული შენიშვნები, ამასთან ყველა პროექტს  ჰქონდა გაუმჯობესების საშუალება. ამიტომ, მაქსიმალურად კარგი შედეგის მისაღებად ჩვენ ახლიდან გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც, ალბათ, აპრილის ბოლომდე დასრულდება. სავარაუდოდ, მაისში უკვე გვეყოლება გამარჯვებული, რომელთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ის დაიწყებს საპროექტო სამუშაოებს. ამით ძალიან ბევრი პრობლემა გადაიჭრება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველი კორპუსი მთლიანად დაიცლება ადმინისტრაციული პერსონალისგან და ისინი გადაინაცვლებენ ახალ კორპუსში (შედარებით მოკრძალებულ სივრცეებში). პირველი კორპუსი სრულად დაეთმობა სტუდენტებს და ეს ისტორიული ძეგლი თავისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული.

ასევე, ახალი შენობის აშენებას ვგეგმავთ მაღლივი (მე-10) კორპუსის ტერიტორიაზე ეკონომიკის ინსტიტუტისა და პროფესიული განათლების ცენტრისთვის. გაზაფხულისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულდება და შემდეგ გამოცხადდება ტენდერი შენობის მშენებლობის მიზნით. მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე შენობაში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც მაღლივი (მე-10) კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე სპორტულ ბლოკს მიუერთდება.

მორფოლოგიის ინსტიტუტის და მედიცინის ფაკულტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დასასრულს უახლოვდება და ახალი სასწავლო წლისათვის ეს ინფრასტრუქტურაც განახლებული იქნება.

უნივერსიტეტის გარე ტერიტორიებზე სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მესამე და მეხუთე კორპუსების ეზოების კეთილმოწყობაა გათვალისწინებული. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან და სამუშაოები უახლოს დღეებში დაიწყება.

რაც შეეხება სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროცესს, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ფლიგელის გამაგრების და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა. ჩვენ უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია და ველოდებით ნებართვებს. ყველა ნებართვის მიღების შემდგომ დავიწყებთ სამუშაოებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ავტოპარკის განახლების პროცესი მიმდინარეობს. შარშან, როგორც იცით, სამორიგეო დანიშნულების ავტომობილის შესყიდვა განხორციელდა, ასევე შევისყიდეთ მიკროავტობუსი. მიმდინარე წელს სატენდერო პროცესი სრულდება და ვყიდულობთ ახალ ავტობუსს“, – აღნიშნავს ლაშა საღინაძე.

          საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალის დაფასების პროგრამა ამოქმედდება

,,გაზაფხულიდან განხორციელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალის დაფასების პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში, პირს, რომელიც არის საპენსიო ასაკს მიღწეული (ვგულისხმობ ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალს), შეეძლება ისარგებლოს ამ პროგრამით და მიიღოს უნივერსიტეტისგან ჯილდო 5-7 თვემდე ხელფასის ოდენობით (სტაჟის მიხედვით ანაზღაურება სხვადასხვაა). ამით ჩვენ მათ მადლობას გადავუხდით გაწეული მუშაობისათვის და, ღირსეული დაფასების ფარგლებში, ერთიანად მივცემთ 5-7 თვის ანაზღაურებას. ეს, ერთი მხრივ, პერსონალის გაახალგაზრდავებას და ადმინისტრაციის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს  და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ღირსეულ დაფასებას და გაცილებას მოვუწყობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მრავალი წელი დაუთმეს უნივერსიტეტის განვითარებას“.

                                                             ახალი ინიციატივები

,,გვინდა ,,ალუმნის“ ამოქმედება. ჩვენ 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს. მართალია, 2018 წელს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება დაფუძნდა, მაგრამ მისი განვითარების მხრივ გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ახლა ამ მიმართულების შეცვლას  და ახალი კონცეფციის დაწერას ვცდილობთ. გვინდა, რომ ეს რესურსი აუცილებლად გამოვიყენოთ და გავაჩინოთ ფონდი, რომელიც უნივერსიტეტის მრავალმხრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წელს სახელმძღვანელოების შექმნის ხელშეწყობის პროგრამა დაინერგა, რომლისთვისაც 350 000 ლარია გამოყოფილი. უახლოეს დროში დამტკიცდება ამ პროგრამის მუშაობის წესი და ყველა მსურველს შეეძლება პროგრამით ისარგებლოს.

გაიზარდა სტუდენტური პროექტების დაფინანსება, რამაც 2024 წლისათვის მილიონ ლარს მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტების ჩართულობა კიდევ უფრო  გაიზრდება. სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით ლიდერები ვართ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს… ამ ინიციატივაში ჩვენი სპორტული გუნდების გამარჯვებაც ხელს გვიწყობს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მათთვის მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება შეგვიძლია – ეს იქნება როგორც ცეკვის თუ სიმღერის ანსამბლი, ისე სპორტული სახეობები და სხვა“, – აცხადებს ლაშა საღინაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn