კახა ელიავა: „ჰელსინკის უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვისაც“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მე-4 კურსის სტუდენტს კახა ელიავას ბავშვობიდან მოსწონდა ტექნიკური საგნები, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები ეკონომიკის სფეროში გამოეცადა.
„აბიტურიენტობისას ზუსტად განსაზღვრული არ მქონდა – რა მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას და კონკრეტულად რომელ დარგს ავირჩევდი. ჩემი აზრით, 18 წლის ასაკში პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია და სავსებით ნორმალურად მიმაჩნია, თუ აბიტურიენტებმა არ იციან რა პროფესიის დაუფლება სურთ. ჩემ შემთხვევაში, ბიზნესის დარგი სხვა სფეროებთან შედარებით ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ბიზნესის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. თუმცა, ბოლო მომენტში არჩევანი ეკონომიკის შესწავლაზე შევაჩერე, ვინაიდან შედარებით უფრო მრავლისმომცველი სფეროა. ამავდროულად, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ევროპული განათლების მიღების საშუალებას იძლევა და ვფიქრობ, დღესდღეობით უკონკურენტოა. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მომხიბვლელი აღმოჩნდა. ამასთანავე, პროგრამა ინგლისურენოვანია, რაც უცხოეთში სწავლის გაგრძელებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება და წინგადადგმული ნაბიჯია“, – აცხადებს კახა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში. კახასთვის გაცვლით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უცხო გარემოში საკუთარი თავის გაცნობის კარგი საშუალება გახდა.
„გარდა იმისა, რომ გაცვლითი პროგრამით ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება აკადემიური განვითარების საშუალებაა, პროგრამა პიროვნული ზრდისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩემ შემთხვევაში, მთავარი მოტივაცია კომფორტის ზონის დატოვებისა და უცხო გარემოში საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილი იყო.
ISET-ში პერსონალი პროფესიონალი ლექტორებითაა დაკომპლექტებული. მათი გამოცდილება ჩემთვის გახდა ინსპირაცია გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა, ამას გარდა, ვფიქრობ, სტუდენტებს შორის არსებული მაღალი კონკურენციაც დამეხმარა. როდესაც შენი კურსელები საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ეს შენთვისაც სამაგალითო და მოტივის მომცემია. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში, აუცილებელი იყო ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება ან შესაბამისი სერტიფიკატის ქონა. გამოცდას თავად უნივერსიტეტი ატარებს სემესტრის დაწყებამდე და მეც ამ გამოცდის ჩაბარება მომიწია. შემდეგი ეტაპი სასურველი გაცვლითი პროგრამის მოძიება და მასში მონაწილეობაა. ასევე აუცილებელია რეკომენდატორების მოძიება. ეს ყველა ეტაპი ჩემს მეგობარ კურსელებთან ერთად გავიარე, ერთმანეთის დახმარებით კი ეს პროცესი საკმაოდ საინტერესო და გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებსა და რეკომენდატორებს. ჩემი აზრით, გაცვლითი პროგრამის საშუალებით უცხოეთში სწავლა არცერთი სტუდენტისთვის არ წარმოადგენს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს“, – ასე ფიქრობს მომავალი ეკონომისტი და იმედოვნებს, რომ აქ მიღებული აკადემიური განათლება და გამოცდილება დაეხმარება კარიერულ ზრდაში.
,,ISET-ის ყველა ლექტორს აქვს უცხოეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება, რასაც ისინი სტუდენტებს უზიარებენ. ვფიქრობ, ამის საშუალებით საკმაოდ ღირებული ცოდნა მივიღე. ჩემი აზრით, სასწავლო პროგრამისა და აკადემიური პერსონალის თვალსაზრისით, ISET არ ჩამორჩება უცხოურ, პრესტიჟულ უნივერსიტეტებს. თუმცა, გამოვყოფდი სხვაობას ინფრასტრუქტურასა და სტუდენტურ ცხოვრებას შორის.
ჰელსინკის უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვისაც. ლექტორებს მეტი საშუალება აქვთ გამოიყენონ სხვადასხვა სახის თანამედროვე ტექნიკა, რითაც ლექციის პროცესი უფრო საინტერესო და გასაგები ხდება. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის თანამედროვე ბიბლიოთეკები და კაფეტერიები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა წერტილშია განთავსებული. ასევე ჩამოყალიბებულია ძალიან ბევრი სტუდენტური ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხშირად აწყობენ წვეულებებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. თუმცა, რამის შეცვლა რომ შემეძლოს, პირველ რიგში, აქ, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოვაგვარებდი.
ასევე განსხვავებულია სწავლის სპეციფიკა. აქ სემესტრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. საგნების უმეტესობა ნახევარი სემესტრი გრძელდება, მაგრამ ლექციები კვირაში ორჯერ ტარდება. შესაბამისად სწავლის ტემპი საკმაოდ ჩქარია“, – აცხადებს კახა ელიავა, ვისთვისაც სამშობლოში დაბრუნება და უცხოეთში სწავლისას დაგროვილი ცოდნის გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე სამომავლო გეგმებზე საუბარი ცოტა უჭირს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ აქ მიღებული გამოცდილება სამომავლო ჩანაფიქრების მიღწევაში დაეხმარება.